
პოლიციამ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, აღნიშნულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს, ერთ-ერთი მათგანი 29 ივლისს რუსთავში დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებული 5 აგვისტოს სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge