
პრემიერი: იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გადაიტვირთება. როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მზად ვართ, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, თუმცა იმედი გვაქვს, ეს ცალმხრივი მეგობრობა გადაიზრდება ორმხრივ მეგობრობაში
იმედი გვაქვს, რომ უკრაინასთან ურთიერთობები გადაიტვირთება, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს აკავშირებთ ტრადიციული მეგობრობა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული სოლიდარობის განცდა უკრაინელი ხალხის მიმართ, იმ მძიმე ვითარებაში, რაც არის შექმნილი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა უკრაინის ხელისუფლებასთან.
„გავიხსენებ შეხვედრას, რომელიც შედგა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით. ძალიან მეგობრულ რეჟიმში წარიმართა დაახლოებით 10-წუთიანი შეხვედრა. საუბარი იყო ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობაზე ორივე მხრიდან, დანარჩენ დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, დახურული შეხვედრა იყო. ინიციატივა იყო, მყისიერად დავუდასტურეთ, მანამდეც წინაპირობები ამისათვის არ არსებობდა. რაც მთავარია, ეს შეხვედრა შედგა და ძალიან მეგობრულად ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთება, ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ტრადიციული მეგობრობა და ჩვენს ხალხებს აკავშირებს ტრადიციული მეგობრობა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული სოლიდარობის განცდა უკრაინელი ხალხის მიმართ, იმ მძიმე ვითარებაში, რაც არის შექმნილი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ასეთ ვითარებაში ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა უკრაინის ხელისუფლებასთან. ვნახოთ, იყო ბევრი ფაქტორი, რამაც შექმნა პრობლემები ამ ურთიერთობებში. აღარ მინდა, დეტალებში გავიხსენო ეს ყველაფერი, ელჩებთან დაკავშირებული ნაბიჯები, მეორე ფრონტთან დაკავშირებული განცხადებები და ა.შ. რაც იყო. მოხდა ეს ყველაფერი, მთავარია, რომ წინ გავიხედოთ. იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეც და ისეც, როგორც არ უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში., თუმცა იმედი გვაქვს, ეს ცალმხრივი მეგობრობა გადაიზრდება ორმხრივ მეგობრობაში.
