
პრემიერი: ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, რადიკალური ოპოზიცია გამუდმებით საუბროდა იმაზე, რომ ჯერ არ გვეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, მერე არ გვეკუთვნოდა მოლაპარაკებების გახსნა, ასე გავატარეთ 3 წელი, მარტო ვიბრძოდით ევროინტეგრაციისთვის
ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.
პრემიერის თქმით, აპრილში შეიკრიბნენ ბაკურიანში და დაგეგმეს რევოლუცია იმაზე დაყრდნობით, რომ ივნისში არ მიენიჭებოდა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი.
„საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ოპოზიცია მუშაობს ევროპელებთან ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებაზე. მინდა, მოკლედ გავიხსენო ქრონოლოგიურად, რა იყო ოპოზიციის როლი და ევროკავშირი რას აკეთებდა 2022 წლიდან მოყოლებული. 2022 წელს დაიწყო აქტიურად ევროინტეგრაციის პროცესი, კანდიდატის სტატუსი და ა.შ. წარმოვიდგინოთ უბრალოდ სხვანაირი სცენარი - ჩვენ გადავწყვიტეთ 2022 წლის მარტის დასაწყისში კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანა, ჩაერთო მთელი სახელმწიფო სამსახური, უამრავი ადამიანი, დავწერეთ 5 000 გვერდიანი დოკუმენტი, გავაგზავნეთ ევროკავშირში და უკვე ვთქვით, რომ კომისიის შეფასებით, ჩვენ ვუსწრებდით სხვა პრეტენდენტ ქვეყნებს. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ ივნისში ევროკავშირმა მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ანუ მოიქცა სამართლიანად. NGO-ები გამოდიოდნენ და ჩვენ უნდა დავწეროთო, სრულ აბსურდს ამბობდნენ. რაც ყველა ქვეყანაში იწერებოდა ხელისუფლების მიერ, იმაზე NGO-ები გამოვიდნენ და ამაში ოპოზიცია უჭერდა მხარს, აცხადებდნენ, რომ NGO-ებს უნდა დაეწერათ განაცხადი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ასეთი აბსურდი იყო. ევროკავშირიდან დაფინანსებული NGO-ები, ანუ თავისი თავისთვის უნდა დაეწერათ განაცხადი. ევროკავშირის დაფინანსებულ NGO-ებს და ამერიკის მაშინდელი ადმინისტრაციიდან დაფინანსებულ NGO-ებს თავისი თავისთვის უნდა დაეწერათ. ასეთ აბსურდში ვიყავით და ოპოზიცია მხარს უბამდა - კი NGO-ებმა უნდა დაწერონ ეს განაცხადიო. გავიტანეთ ეს ყველაფერი, დავწერეთ განაცხადი. წარმოიდგინეთ, რომ ევროკავშირმა ივნისში მოგვცა კანდიდატის სტატუსი, ხომ ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა პროცესები. ჩვენ გავაგრძელებდით ჩვენს სვლას, მერე იქნებოდა ეს პუნქტები. არ მოგვცეს, ამ პირობებში გაგვიზიარეს ეს პუნქტები, თავიდან იყო 12 პუნქტი, მერე იყო - 9. ოპოზიცია მანამდეც, მარტიდან ივნისამდე გამუდმებით აცხადებს, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. კონკრეტული NGO-შნიკი, ევროპიდან დაფინანსებული ისიც და სოროსის ფონდიდან დაფინანსებული, აცხადებდა, რომ საქართველოს არ უნდა მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. არავის არც კი გაუკრიტიკებია. ამბობდნენ, ჩვენი ოცნებაა კანდიდატის სტატუსიო და კაცი არ გააკრიტიკეს, რომელიც ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მინიჭებოდა საქართველოს. ეს რას ნიშნავს, რომ ყველა იზიარებდა ამას. ყველას უნდოდა რადიკალურ ოპოზიციაში, რომ საქართველოს არ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. აპრილში შეიკრიბნენ ბაკურიანში და დაგეგმეს რევოლუცია იმაზე დაყრდნობით, რომ ივნისში არ მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

