
პრემიერი: ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, გამოყენებული იქნებოდა როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს
თავდაპირველი გათვლითვე, საქართველო იყო სამიზნე და თავიდანვე ვუთხარით გუნდის წევრებს, რომ ჩვენი პროგნოზით, ორ ქვეყანას მიანიჭებდნენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს - არა და ეს იქნებოდა გამოყენებული, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში. მისივე თქმით, ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, თუმცა ევროკომისია თვითონვე აღიარებდა თავის დასკვნაში, რომ საქართველო წინ უსწრებდა სხვა ქვეყნებს, ვისაც მანამდე მიანიჭეს სტატუსი. „ძალიან მარტივადაა საქმე, ჩვენ გვქონდა ასეთი მოცემულობა 2022 წლის თებერვალში - გვქონდა ერთი შეხვედრა, სადაც პირდაპირ წაგვიყენეს ომის დაწყების, ომში ჩართვის მოთხოვნა, მე ვესწრებოდი პირველ შეხვედრას, მეორეს მე არ ვესწრებოდი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ესწრებოდა და ორივე შეხვედრაზე პირდაპირი ფორმით წაგვიყენეს ომში ჩართვის მოთხოვნა. ამის შემდეგ იწყება ძალიან უცნაური პროცესი - 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინას სთავაზობენ კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანას, რაც ყველას გაგვიკვირდა. ვიწრო წრეში გვქონდა მაშინ მსჯელობა, რამდენიმე ადამიანი ვმსჯელობდით და ყველას გაგვიკვირდა, რადგან მაშინ კიდევ უფრო მძიმე ვითარება იყო რაღაც კუთხით უკრაინაში, ვიდრე არის დღეს.
პირდაპირ კიევში იყო შესული უკვე რუსული ტანკები, ობოლონის რაიონი ჰქონდათ დაკავებული. ასეთ დროს, რა შუაში იყო ევროკავშირის განაცხადი კანდიდატის სტატუსზე, აბსოლუტურად გაუგებარი იყო. სულ სხვა რამ სჭირდებოდა მაშინ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და სთავაზობენ უცებ კანდიდატის სტატუსს, აბსოლუტურად გაუგებარი იყო, ალოგიკური იყო. ვიმსჯელეთ ამ თემასთან დაკავშირებით და მარტივი ლოგიკური დასკვნა გამოვიტანეთ ჩვენთვის.

