
Reuters: უკრაინა და მოლდოვა მარცვლეულის გადაზიდვას სარკინიგზო გზით განიხილავენ
უკრაინა მოლდოვის გავლით მარცვლეულის სარკინიგზო გზით გადაზიდვას განიხილავს, როგორც საზღვაო ტრანსპორტირებაზე უფრო უსაფრთხო საექსპორტო ალტერნატივას და კიშინიოვის ხელისუფლებას დაბალი სატვირთო ტარიფის დაწესებას სთხოვს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უკრაინის პორტებიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, მათ შორის რუმინეთამდე მიმავალი „უსაფრთხოების დერეფნის“ გამოყენებით, ბოლო თვეებში უკრაინის საზღვაო გადაზიდვებისა და საპორტო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის გახშირებული თავდასხმების გამო შეჩერდა.
უკრაინაში და მოლდოვაში წყაროების ცნობით, კიევს სურს მარცვლეული მოლდოვის გავლით რუმინეთის კონსტანცის პორტამდე გადაიტანოს, თანაც მოქმედი ტარიფის 50%-იანი ფასდაკლებით.
„ამჟამად დაინტერესებული გადამზიდავებისგან შესაძლო მოცულობების შესახებ ინფორმაციას ვაგროვებთ. ინფორმაციის შეგროვების პროცესი ჯერ არ დასრულებულა“, - განუცხადა Reuters-ს უკრაინის ინდუსტრიის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა.
მოლდოვის რკინიგზის წარმომადგენლის განცხადებით, მოლდოვასთან მოლაპარაკებებისას უკრაინამ 50%-იანი ფასდაკლება მოითხოვა. მისი თქმით, მოლდოვამ საპასუხოდ უკრაინას შესთავაზა, მარცვლეულის გარკვეული მოცულობის გადაზიდვის გარანტიები მიეცა.
„ამ დროისთვის მხარეები უკრაინული მარცვლეულის მოლდოვის გავლით რუმინეთის კონსტანცის პორტამდე ტრანზიტის ვადებსა და მოცულობებს განიხილავენ“, - განაცხადა წყარომ.
მოლდოვის რკინიგზის ყოფილმა ხელმძღვანელმა ოლეგ ტოფილატმა Reuters-ს განუცხადა, რომ მოლდოვის გავლით სარკინიგზო სატრანზიტო დერეფანს წელიწადში 4,5 მილიონი ტონა მარცვლეულის გადაზიდვა შეუძლია.
უკრაინის შეფასებით, სრულად ამოქმედებული დერეფანი ქვეყნის ექსპორტის დაახლოებით 10%-ს მოემსახურება. მოლდოვა უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო ტრანსპორტირებას 2022-2023 წლებშიც უზრუნველყოფდა.
მოლდოვის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ვლადიმირ ბოლია გუშინ უკრაინის მოსაზღვრე ოდესის ოლქს ეწვია, სადაც უკრაინის კოლეგა მიკოლა კალაშნიკთან სარკინიგზო კავშირების გაუმჯობესებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების გაფართოების საკითხები განიხილა.
როგორც Reuters-ი იუწყება, სარკინიგზო მარშრუტის საჭიროება ოდესის საპორტო ჰაბზე რუსეთის თავდასხმების გამო გაჩნდა.
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტარას ვისოცკიმ ორშაბათს Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ პორტებზე განხორციელებული თავდასხმების გამო სამინისტრომ 2026-2027 წლების სეზონზე მარცვლეულის ექსპორტის პროგნოზი მოსალოდნელი 43 მილიონი ტონიდან 38-40 მილიონ ტონამდე შეამცირა.
მარცვლეულის ექსპორტის შემცირებული პროგნოზი ხაზს უსვამს იმ ზიანს, რასაც რუსეთი თავისი თავდასხმებით უკრაინას აყენებს. ქვეყანა მარცვლეულის ექსპორტის 90%-ზე მეტს საზღვაო პორტების გავლით ახორციელებს. სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უკრაინის მთლიანი ექსპორტის ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს, წერს სააგენტო.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ვასილე ტოფანმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს შესაძლებლობა, უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტიდან მილიონობით ევროს შემოსავალი მიიღოს. მან უარყო მოლდოველ ფერმერთა გაერთიანებების მოსაზრება, რომ უკრაინული მარცვლეული ადგილობრივ პროდუქციას ფასის თვალსაზრისით კონკურენციას გაუწევს.
„ნუ ვეძებთ მტრებს იქ, სადაც ისინი არ არიან“, - განაცხადა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge