
Reuters: უკრაინის თავდასხმის შემდეგ რუსეთის ნოვოროსიისკში მარცვლეულის ორმა ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა
რუსეთის სამხრეთით მდებარე ნოვოროსიისკის პორტში ქვეყნის ორმა უმსხვილესმა მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა. მიზეზი ღამით უკრაინის მიერ განხორციელებული დრონებით თავდასხმები გახდა, იუწყება Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტოს ცნობით, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია და მისი ექსპორტის უდიდესი ნაწილი შავი ზღვის პორტებიდან, მათ შორის ნოვოროსიისკიდან, ხორციელდება.
რუსეთის მარცვლეულის მწარმოებელთა მთავარი ლობისტური ორგანიზაცია გასულ თვეში აცხადებდა, რომ უკრაინის დრონებით თავდასხმებმა შესაძლოა უახლოეს მომავალში შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეჩერება გამოიწვიოს, რაც ფასების ზრდას და აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში საკვების დეფიციტს გამოიწვევს.
ერთ-ერთმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა, რომლის წლიური საექსპორტო სიმძლავრე 8.5 მილიონი ტონაა, მუშაობა შეაჩერა და ზარალის შეფასება მიმდინარეობს.
ტერმინალის მფლობელი კომპანია Demetra Holding-ის წარმომადგენელმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ ობიექტმა დაუზუსტებელი მასშტაბის დაზიანება მიიღო და დამატებით კომენტარზე უარი თქვა.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ნოვოროსიისკში მდებარე მსხვილი მარცვლეულის კიდევ ერთი ტერმინალი NKHP, რომლის წლიური საექსპორტო სიმძლავრე 7.1 მილიონი ტონაა, ასევე დაზიანდა და მუშაობა შეაჩერა.
ტერმინალის მთავარი მფლობელი კომპანია OZK-ის განცხადებით, ობიექტი დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. კომპანიის თქმით, დამატებით დეტალებს მათი მიღებისთანავე გაავრცელებენ.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, სადაც ნოვოროსიისკის საპორტო ქალაქი მდებარეობს, რეგიონზე უკრაინამ მასირებული თავდასხმა განახორციელა. მისი თქმით, თავდასხმებს სულ მცირე ორი ადამიანი, მათ შორის რვა წლის ბავშვი, ემსხვერპლა.
მარცვლეულის საექსპორტო ტერმინალების გარდა, ნოვოროსიისკში ნავთობის ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაც მდებარეობს, მათ შორის „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ (CPC) ობიექტები. კონსორციუმის მფლობელებს შორის არიან ამერიკული ნავთობგიგანტები Chevron და Exxon. CPC ყაზახეთიდან მოპოვებულ ნავთობს საერთაშორისო ბაზრებს აწვდის, წერს Reuters-ი.
იმედი
წყარო: imedinews.ge