
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„2026 წლის 11 ივნისს ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის გაიმართა შეხვედრა სავიზო დიალოგის ფარგლებში, კერძოდ, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო გამონაკლისის დროებით შეჩერების თაობაზე ევროკომისიის 2026 წლის 6 მარტის აღმასრულებელ რეგულაციასთან დაკავშირებით. ევროკომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ანგარიშს, რომელიც ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც თავისთავად არ იძლევა სათანადო და ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. შესაბამისად, არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა. მიუხედავად ამისა, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას. აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება. ასევე, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფის დასტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რეგულარულად ორგანიზებული საპროტესტო აქციები. აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად.
