
შალვა პაპუაშვილი: მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი
მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი. სწორედ ასეთ პირობებში იძენს თავდაცვის ძალები თავის სრულ მნიშვნელობას: ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი. მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნილს ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს არის თანამედროვე, პროფესიონალური და განვითარებისკენ მიმართული ინსტიტუტი.
„ჩვენს სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ და ამავდროულად, ყოველდღიურად იცავენ ჩვენს მიწას. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი პატივი.
დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 35 წლის იუბილეს - გზას, რომელიც დაიწყო 1991 წლის 30 აპრილს, პირველი გაწვევითა და სამხედრო ფიცით, და გადაიქცა ძლიერ, პროფესიონალურ და ღირსეულ ძალად, რომელიც დღეს იცავს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას.
დღევანდელი თარიღი კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - 1700 წელს მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად. ეს იყო მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი იდენტობა, მისი კულტურა, ფასეულობები და ისტორიული გზა.
ქრისტიანულმა რწმენამ გვასწავლა ერთობა, თავგანწირვა, სიმტკიცე და მოყვასის სიყვარული - ის ფასეულობები, რომლებიც დღემდე ცოცხლობს ქართულ ჯარში. სწორედ ამ სულიერ საფუძველზე დგას ჩვენი მებრძოლის გმირული სულისკვეთება, რწმენა, რომ სამშობლოს დაცვა არის არა მხოლოდ მოვალეობა, არამედ მაღალი ზნეობრივი აქტი.
