
შალვა პაპუაშვილი ცხინვალისა და მოსკოვის ურთიერთობებზე: ეს არის იმ ოკუპაციის შედეგები, რის წინაშეც საქართველო თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნურმა, გარედან წაქეზებულმა პოლიტიკამ დააყენა
ეს არის იმ ოკუპაციის შედეგები, რის წინაშეც საქართველო თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ უგუნურმა, გარედან წაქეზებულმა პოლიტიკამ დააყენა. საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, რომ ეს ოკუპაცია არ გადაიზარდოს ანექსიაში და ამისკენ გვიბიძგებდნენ, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოკუპაციის მალე დასრულება.
„თქვენ რა გგონიათ, 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ ესკალაციისკენ რომ გვიბიძგებდნენ, ამის შედეგი რა იქნებოდა? ასეთი სულელი არავინაა ბრიუსელში, რომ ვერ მიმხვდარიყვნენ, რას ნიშნავს ესკალაცია და რა შედეგები შეიძლება მოეტანა ამას. ამას ავარიდეთ თავი, მაშინ, როდესაც აი, ამ შენობაში რადიკალურ აგენტურულ ჯგუფებს ჰქონდათ მცდელობა, რომ პარლამენტის გამოყენებით შევეთრიეთ ესკალაციაში და დღეს გვქონოდა შედეგები, რომელთა გამოსწორებაც კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოწვევა, რომელიც ოკუპაციის სახით გვაქვს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და, შესაბამისად, ყველა ამგვარი თანმდევი გამოწვევაც ოკუპაციასთან ერთად დასრულდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ქვეყნის ორი ტერიტორიის რუსეთის მიერ ოკუპირება სამართლებრივად დაადგინა.
„ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ მივაღწიეთ, რომ სტრასბურგმა სამართლებრივი სასამართლო დოკუმენტით დაადგინა რუსეთის ეფექტური კონტროლი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. ეფექტური კონტროლი სამართლებრივი ენიდან პოლიტიკურში რომ გადმოვთარგმნოთ, ნიშნავს ოკუპაციას. ასე რომ, ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“ და არა სააკაშვილის რეჟიმმა, რომელმაც სწორედაც რომ შესაძლებელი გახადა ოკუპაცია 2008 წელს, მივაღწიეთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლოს დოკუმენტით დადასტურებულია, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 2 ტერიტორია. ეს არის ჩვენი პოლიტიკა - სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება ერთი მხრივ და პოლიტიკური მექანიზმების გამოყენება, რაც გულისხმობს, რომ თავიდან ავირიდოთ ანექსიასთან დაკავშირებული რისკები. „ყველა გამოწვევას აქვს სათანადო რეაგირება. ის, რომ ყველა ინსტრუმენტი სათანადო დროს, სათანადო აქტორის მიმართ გამოიყენება, სწორედ ამის შედეგია ის, თუ სად არის დღეს საქართველო - ეკონომიკურად ყველაზე მზარდი ქვეყანა, უსაფრთხოების მხრივ ყველაზე დაცული ქვეყანა და პოლიტიკურად ყველაზე მყარი ქვეყანა რეგიონში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

