
შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთსა და ქედაში პოლიციის ახალი შენობები გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქობულეთსა და ქედაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პოლიციის ახალი შენობები გახსნა.
მინისტრმა, პირველ მოადგილესთან - რონი მესხთან, მოადგილესთან გაგა კირკიტაძესთან, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახალი შენობები დაათვალიერა, სამართალდამცველებს გაესაუბრა და წარმატებული საქმიანობის გაგრძელება უსურვა.
როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება და სამართალდამცველთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ახლად აშენებული შენობები უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი, მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეები, ნივთმტკიცების შესანახი ოთახები, ასევე თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი და სასადილო ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა, 40-მდე თანამშრომელზე, ხოლო ქობულეთის რაიონული სამმართველოს ხუცუბნის პოლიციის შენობა 24 სამართალდამცველზეა გათვლილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge