
The Telegraph: მოწყვლადი უკრაინელი ლტოლვილები უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ არიან მაშინ, როდესაც ვარშავასა და კიევს შორის ისტორიული დაძაბულობა იზრდება, ხოლო პოლონელების გულუხვობამ თავის შესაძლებლობათა ზღვარს მიაღწია
მოწყვლადი უკრაინელი ლტოლვილები უსახლკაროდ დარჩენის რისკის ქვეშ არიან მაშინ, როდესაც ვარშავასა და კიევს შორის ისტორიული დაძაბულობა იზრდება, ხოლო პოლონელების გულუხვობამ თავის შესაძლებლობათა ზღვარს მიაღწია, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „უკრაინელი ლტოლვილები გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან პოლონეთსა და კიევს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე“.
„როდესაც 74 წლის კოსტანტინ კოსტეცკიმ და მისმა 70 წლის მეუღლემ, ვირა კოსტეცკიმ უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომს თავი დააღწიეს, პოლონეთმა ისინი გულთბილად მიიღო. კუპიანსკში რუსული ოკუპაციის ქვეშ რვა თვის განმავლობაში ცხოვრებით ტრავმირებული ხანდაზმული ცოლ-ქმარი უზომოდ გახარებული იყო, როდესაც დასავლეთ პოლონეთის ქალაქ გოჟუვ-ველკოპოლსკის ერთ-ერთ მყუდრო სასტუმროში უფასოდ დააბინავეს. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც პოლონეთი ცდილობს, მილიონი უკრაინელი ლტოლვილის მიღებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი შეამსუბუქოს, კოსტეცკების წყვილი საცხოვრებლის შესახებ ახალი, მკაცრი წესების გამო გამოსახლებისა და უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშე დგას“, - ნათქვამია სტატიაში.
2026 წლის 1-ლი ივლისიდან პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს უფასო თავშესაფრით სარგებლობა აღარ შეუძლიათ. მათ საკუთარი სახსრებით უნდა გადაიხადონ ქირა ან გადავიდნენ კერძო საცხოვრებელში.
ახალი კანონის მიზანია, წაახალისოს უკრაინელები, პოლონელი გადასახადის გადამხდელების ოთხწლიანი გულუხვობის შემდეგ დაბრუნდნენ შინ, ან თავად უზრუნველყონ საკუთარი ფინანსური საჭიროებები, თუკი პოლონეთში დარჩენას გადაწყვეტენ.
თუმცა, ზოგიერთი კრიტიკოსი ვარაუდობს, რომ ეს კანონი ასევე უკავშირდება ვარშავასა და კიევს შორის სულ უფრო დაძაბულ ურთიერთობას, რადგან, მჭიდრო ალიანსის მიუხედავად, მხარეებს შორის უთანხმოებაა როგორც კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო ინდუსტრიების, ისე მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ისტორიის განსხვავებული ხედვის გამო.
უკრაინელი ლტოლვილების ხანგრძლივი ყოფნის გამო უკმაყოფილება იწყება გერმანიაშიც, სადაც 1.2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს, და ირლანდიაშიც, რომელმაც 84 000 ადამიანი მიიღო, რადგან ევროპაში გრძელვადიანი მხარდაჭერის სურვილი თანდათან ნელდება.
იმ ფონზე, როდესაც პოლონელი გადასახადის გადამხდელების მიერ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერაზე დახარჯული თანხა, სავარაუდოდ, 40 მილიარდ პოლონურ ზლოტს შეადგენს, საცხოვრებლის შესახებ ახალი კანონი ერთი შეხედვით სავსებით გონივრულად შეიძლება გამოიყურებოდეს. თუმცა, ის გავლენას მოახდენს ათასობით მოწყვლად უკრაინელზე, მათ შორის ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, რომლებიც ვერ მუშაობენ და დამოუკიდებლად თავის გატანას ვერ შეძლებენ.
„ჩვენ გეგმა არ გვაქვს და არ ვიცით, რა მოვიმოქმედოთ“, - უთხრა 74 წლის ყოფილმა ელექტრიკოსმა, კოსტეცკიმ The Telegraph-ს.
„ახალგაზრდებს შეუძლიათ მუშაობა, ბინის დაქირავება, მაგრამ არა ჩემს ასაკში... თუ სხვა ქვეყანაში გადასვლა მოგვიწევს, გადავალთ. თუმცა, ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ახალ რეგულაციებს გააუქმებენ“, - დასძინა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge