
The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს
რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.
ირანული „შაჰედის“ ბაზაზე შექმნილი რეაქტიული დრონები „გერანი“ მაღალი სიჩქარის წყალობით უკრაინის საჰაერო თავდაცვას სერიოზულად ტვირთავს. გასული ხუთშაბათიდან მოყოლებული, პერიოდული, მასშტაბური ღამის იერიშები რუსეთის მიერ 24-საათიან რეჟიმში განხორციელებულმა უწყვეტმა შეტევებმა ჩაანაცვლა.
„სადღეღამისო საჰაერო განგაში კიევში ნორმალურ ცხოვრებას პარალიზებით ემუქრება. დედაქალაქში ასეთი მძიმე მდგომარეობა ომის პირველი კვირების შემდეგ არ ყოფილა, როდესაც რუსული ჯარი უშუალოდ ქალაქის გარეუბნებს მოადგა. უკვე რამდენიმე დღეა, კიეველებს წამითაც არ უწყდებათ განგაშის საშინელი ხმა, თავზე გადაფრენილი დრონების ზუზუნი, თავშესაფრებისკენ სირბილი და აფეთქებების ხმაური“, - ნათქვამია სტატიაში.
რეაქტიული დრონების გამოჩენა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ რუსეთის ომში ახალ ეტაპს ნიშნავს. ზაფხულისთვის კიევისა და სხვა ქალაქების საჰაერო თავდაცვა ძველი, ხრახნიანი „გერანების“ 90%-მდე ჩამოგდებას ახერხებდა, რისთვისაც ხშირად იაფფასიან დრონებს იყენებდა.
უკრაინის საჰაერო ძალებს ჯერ არ გაუსაჯაროებია ოფიციალური სტატისტიკა, თუ რეაქტიული დრონების რა ნაწილის განადგურებას ახერხებს. თუმცა, უწყების სპიკერმა, იური იჰნატმა The Wall Street Journal-თან საუბარში აღნიშნა, რომ ხრახნიან მოდელებთან შედარებით, სამიზნეებამდე მიღწევას რეაქტიული დრონების ბევრად მაღალი პროცენტი ახერხებს. მისი თქმით, ზოგიერთი შეტევისას, რუსეთის მიერ გამოშვებული „გერანების“ თითქმის ორი მესამედი სწორედ რეაქტიულ ძრავებზე მუშაობს.
„ამ ეტაპზე რუსეთის მთავარი ტაქტიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამოფიტვაა - პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების მორალურად და ფიზიკურად გატეხვა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას გაკეთებულ განცხადებაში.
ზელენსკის განცხადებით, ხუთშაბათიდან მოყოლებული, ოთხი დღის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინას 1 500 შორ მანძილზე მოქმედი დრონით შეუტია, რომელთაგან დაახლოებით 800 სწორედ რეაქტიული მოდელი იყო.
პარალელურად, რუსეთი უკრაინის ქალაქების მიმართულებით ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებსაც შეუჩერებლად უშვებს. ბალისტიკურ დარტყმებთან გამკლავება განსაკუთრებით რთულია, რადგან კიევს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მწვავე დეფიციტი აქვს. კომბინირებული საჰაერო იერიშები ფართომასშტაბურია და სამიზნეს წარმოადგენს ყველაფერი - სამხედრო და სამოქალაქო საწარმოები, ენერგოინფრასტრუქტურა თუ მსხვილი სასურსათო ქსელების საწყობები.
იმედი
წყარო: imedinews.ge