
The Washington Post: აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანს შეუძლია ტრამპის მიერ ჰორმუზის სრუტისთვის დაწესებულ ბლოკადას კიდევ თვეების განმავლობაში გაუძლოს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ანალიზი, რომელიც ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს მიმდინარე კვირაში წარუდგინეს, ასკვნის, რომ ირანს შეუძლია აშშ-ის საზღვაო ბლოკადას, სულ მცირე, სამი-ოთხი თვის განმავლობაში გაუძლოს, ვიდრე უფრო მძიმე ეკონომიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდება, - წერს გამოცემა The Washington Post-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
აღნიშნული დასკვნა ახალ კითხვებს აჩენს ომის დასრულების თაობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოპტიმიზმთან დაკავშირებით.
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების ანალიზმა - რომლის საიდუმლო შეფასებები ირანის შესახებ ხშირად უფრო ფრთხილი და რეალისტურია, ვიდრე ადმინისტრაციის საჯარო განცხადებები - ასევე დაადგინა, რომ თეირანი კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან ბალისტიკურ სარაკეტო შესაძლებლობებს, აშშ-ისა და ისრაელის მიერ კვირების განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური დაბომბვების მიუხედავად.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანი ომამდელი მობილური გამშვები დანადგარების მარაგის დაახლოებით 75 პროცენტს, ხოლო რაკეტების მარაგის 70 პროცენტს ინარჩუნებს.
ამავე წყაროს თქმით, არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ რეჟიმმა შეძლო თითქმის ყველა მიწისქვეშა საცავის აღდგენა და ხელახლა გახსნა, ზოგიერთი დაზიანებული რაკეტის შეკეთება და იმ ახალი რაკეტების აწყობაც კი, რომლებიც ომის დაწყებისას თითქმის მზად იყო.
„ირანი მედეგი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ სარაკეტო დარტყმების შედეგად დაკარგა უზენაესი ლიდერი, მრავალი სხვა მაღალჩინოსანი და სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი“, - წერს The Washington Post-ი.
აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც The Washington Post-ს ესაუბრა, აღნიშნა, რომ ირანის შესაძლებლობა, გაუძლოს ხანგრძლივ ეკონომიკურ სირთულეებს, ბევრად აღემატება CIA-ის შეფასებასაც კი.
„ხელმძღვანელობა უფრო რადიკალური, მიზანდასახული და დარწმუნებული გახდა იმაში, რომ შეძლებენ აშშ-ის პოლიტიკურ ნებას გაუძლონ და შიდა რეპრესიების ხარჯზე ირანის შიგნით ნებისმიერი წინააღმდეგობა აღკვეთონ“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. „შედარებისთვის, ჩვენ ვხედავთ მსგავს რეჟიმებს, რომლებიც წლების განმავლობაში უძლებენ მუდმივ ემბარგოსა და ომებს, რომლებიც მხოლოდ საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლება“.
იმედი
წყარო: imedinews.ge