აშშ-მა მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის, წინააღმდეგ ტარიფების ახალი რაუნდი გამოაცხადა
შეერთებულმა შტატებმა მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის ჩინეთისა და ევროკავშირის, წინააღმდეგ ტარიფების ახალი რაუნდი გამოაცხადა. ამის შესახებ BBC იუწყება.
აშშ-ში იმპორტზე დაწესებული ახალი გადასახადები ქვეყნის მრავალ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - ჩინეთს, ევროკავშირს და კიდევ 12 ქვეყანას - შეეხება.
ჩინეთს ყველაზე მაღალი — 40%-მდე — გადასახადი ემუქრება, მას მოსდევს ვიეტნამი 35%-მდე მაჩვენებლით, დანარჩენების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 20%-ს, ან 25%-ს შეადგენს.
ახალი ტარიფები შეეხება ჩინეთს, ევროკავშირს, სინგაპურს, შვეიცარიას, ინდონეზიას, მალაიზიას, კამბოჯას, ტაილანდს, კორეას, ვიეტნამს, ტაივანს, ბანგლადეშს, იაპონიასა და ინდოეთს.
აღსანიშნავია, რომ ახალი გადასახადების ძალაში შესვლა მომავალ წლამდე არ არის მოსალოდნელი.
აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა განაცხადა, რომ უახლესი ტარიფები „ამერიკელი მუშაკებისთვის თანაბარ საასპარეზო პირობებს შექმნის, მსოფლიო ეკონომიკისთვის კი ახალ, უფრო მდგრად კურსს დაადგენს“.
თუმცა ეკონომისტები შიშობენ, რომ ტარიფებმა შესაძლოა, ინფლაცია გააძლიეროს და მომხმარებლებისთვის ფასები გაზარდოს — იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესები გაზრდილ ხარჯებს მათზე გადაიტანენ. ამასთანავე, ტარიფებმა შესაძლოა, გლობალური ვაჭრობაც შეაფერხოს.
ევროკომისიამ უარყო აშშ-ის ახალი ტარიფები და განაცხადა, რომ მათი შემოღების მიზეზებს შეისწავლის. ამასთან, ევროკომისიის განმარტებით, ტარიფები ადრე შეთანხმებული 15%-იანი ზღვრით შემოიფარგლება.
