ორიგინალი
ახალგაზრდების სამოქალაქო პასიურობა მხოლოდ პატერნალისტური დამოკიდებულებებით არ აიხსნება - საქართველოს უნივერსიტეტში კვლევის შედეგები წარადგინეს
ინტერპრესნიუსი·08:30

ახალგაზრდების სამოქალაქო პასიურობა მხოლოდ პატერნალისტური დამოკიდებულებებით არ აიხსნება - საქართველოს უნივერსიტეტში კვლევის შედეგები წარადგინეს

26 ნოემბერი, 2026 · 08:30

საქართველოს უნივერსიტეტის V-Dem კავკასიის რეგიონულმა ცენტრმა და ახალგაზრდობისა და სოციალური კვლევის ცენტრმა საქართველოში ახალგაზრდების სამოქალაქო პასიურობისა და სახელმწიფოს მიმართ პატერნალისტური დამოკიდებულებების შესახებ კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგები 17 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ ღია სემინარზე წარადგინეს, რომელსაც ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის საკითხებზე პანელური დისკუსიაც მოჰყვა.

კვლევის „პატერნალისტური დამოკიდებულებები და ახალგაზრდების სამოქალაქო პასიურობა საქართველოში“ მიზანი იყო, შეესწავლა, როგორ უკავშირდება სახელმწიფოს მიმართ 18-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებები მათ სამოქალაქო ქმედითობასა და პასიურობას. კვლევა აერთიანებს 2026 წლის რაოდენობრივი კვლევის შედეგებსა და ახალგაზრდებთან ჩატარებული ექვსი ფოკუსჯგუფის თვისებრივ მიგნებებს.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების დამოკიდებულებები სახელმწიფოს პასუხისმგებლობისა და მოქალაქეთა სამოქალაქო მონაწილეობის მიმართ ერთგვაროვანი არ არის. რაოდენობრივი კვლევის თანახმად, გამოკითხულ ახალგაზრდათა 46% ეთანხმება მოსაზრებას, რომ მთავრობა ხალხზე მშობელივით უნდა ზრუნავდეს, ხოლო 40% მიიჩნევს, რომ მოქალაქეებმა მთავრობა უნდა აკონტროლონ. გამოკითხულთა 11%-მა არც ერთი მოსაზრება არ გაიზიარა.

თვისებრივი კვლევის ფარგლებშიც გამოიკვეთა ახალგაზრდების შერეული, ჰიბრიდული დამოკიდებულებები: ერთი მხრივ, ისინი სახელმწიფოსგან სოციალურ პასუხისმგებლობასა და ზრუნვას მოელიან, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად მიიჩნევენ მოქალაქეთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მთავრობის საქმიანობის კონტროლს. ფოკუსჯგუფების მონაწილეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ისეთი მიდგომა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა ახალგაზრდების აზრისა და ინტერესების გაუთვალისწინებლობას გულისხმობს.

კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება ახალგაზრდების სამოქალაქო პასიურობის შესაძლო მიზეზებს უკავშირდება. შედეგების მიხედვით, ჩართულობის სურვილის მიუხედავად, ახალგაზრდების აქტიურობას შესაძლოა აფერხებდეს ინსტიტუტების მხრიდან არასაკმარისი რეაგირება, ცვლილებების დაბალი მოლოდინი, კოლექტიური მხარდაჭერის ნაკლებობა და სამოქალაქო მონაწილეობის შესაძლო ფასი. ამასთან, რაოდენობრივი კვლევის მონაწილეთა 60% ეთანხმება მოსაზრებას, რომ „მათნაირი ადამიანების აზრი მთავრობის საქმიანობაში არ არის გათვალისწინებული“.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ახალგაზრდების სამოქალაქო პასიურობა მხოლოდ სახელმწიფოს მიმართ პატერნალისტური დამოკიდებულებებით ვერ აიხსნება. მნიშვნელოვანია ის გარემოც, რომელშიც ახალგაზრდებს უწევთ საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობა, მათი აზრის გათვალისწინების შესაძლებლობა და იმის განცდა, რომ სამოქალაქო აქტიურობას რეალური ცვლილებების მოტანა შეუძლია.

კვლევის მნიშვნელობაზე საქართველოს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა სტრატეგიული განვითარებისა და ბრენდის მიმართულებით, რევაზ ჩარკვიანმა ისაუბრა:

„უნივერსიტეტის კვლევა მხოლოდ აკადემიური ცოდნის შექმნა არ არის, ის საზოგადოებას საკუთარი პრობლემების უკეთ დანახვასა და გააზრებაში ეხმარება. ამ კვლევის მნიშვნელობა იმაშია, რომ ახალგაზრდების პასიურობას მარტივ ახსნამდე არ დაჰყავს. ის გვაჩვენებს, რომ ჩართულობისთვის საჭიროა რეალური შესაძლებლობა, აზრის გაზიარების სივრცე და იმის განცდა, რომ მონაწილეობას შედეგი შეიძლება მოჰყვეს. უნივერსიტეტმა ასეთი ცოდნა უნდა შექმნას, გაავრცელოს და საზოგადოებრივ დისკუსიასა და გადაწყვეტილებების მიღებაში გამოიყენოს“.

კვლევის პრეზენტაციას მოჰყვა პანელური დისკუსია ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის საკითხებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი მანი ჩარკვიანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ წევრი დავით მშვენიერაძე. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამოქალაქო აქტიურობის ხელშემწყობ გარემოებებზე.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს უნივერსიტეტის ახალგაზრდობისა და სოციალური კვლევის ცენტრი, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ღირებულებებს, დამოკიდებულებებსა და გამოცდილებებს იკვლევს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარებას უწყობს ხელს, და V-Dem კავკასიის რეგიონული ცენტრი, რომელიც 2026 წლის თებერვალში საქართველოს უნივერსიტეტში გაიხსნა და სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის განვითარების ტენდენციებსა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებს შეისწავლის.

კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: interpressnews.ge
  1. მთავარი
  2. ინტერპრესნიუსი
  3. ახალგაზრდების სამოქალაქო პასიურობა მხოლოდ პატერნალისტური დამოკიდებულებებით არ აიხსნება - საქართველოს უნივერსიტეტში კვლევის შედეგები წარადგინეს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ინტერპრესნიუსი·10:17

ევროპული საბჭო - ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს სპეციალურ შეხვედრაზე შვიდწლიანი ბიუჯეტისა და უკრაინის დაფინანსების საკითხებს განიხილავენ

ევროპული საბჭო - ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს სპეციალურ შეხვედრაზე შვიდწლიანი ბიუჯეტისა და უკრაინის დაფინანსების საკითხებს განიხილავენ
ინტერპრესნიუსი·09:23

ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2026

ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2026
ინტერპრესნიუსი·08:42

მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს

მედია - დრონებმა რუსეთში შეუტიეს ქიმიურ ქარხანას, რომელიც რუსეთის არმიას ასაფეთქებელი ნივთიერებებით ამარაგებს
ინტერპრესნიუსი·07:28

ჯარედ კუშნერი - რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა უახლოეს მომავალში მოხდება

ჯარედ კუშნერი - რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ ტყვეების ყველაზე მასშტაბური გაცვლა უახლოეს მომავალში მოხდება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.