ევროპული საბჭო - ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს სპეციალურ შეხვედრაზე შვიდწლიანი ბიუჯეტისა და უკრაინის დაფინანსების საკითხებს განიხილავენ
ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს სპეციალურ შეხვედრაზე შვიდწლიანი ბიუჯეტისა და უკრაინის დაფინანსების საკითხებს განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპული საბჭოს სპეციალური შეხვედრა ბრიუსელში, 26-27 ნოემბერს იმართება.
ევროკავშირის ლიდერები 2028–2034 წლების დაახლოებით 1.6 ტრილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის პროექტის საკითხზე იმსჯელებენ, რათა დეკემბერში შეთანხმებას მიაღწიონ.
წევრი სახელმწიფოები იმედს გამოთქვამენ, რომ სპეციალური შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა ბიუჯეტის ახალ პროექტს წარადგენს და ლიდერები შეთანხმების მიღწევას 17-18 დეკემბერს დაგეგმილ სამიტზე შეძლებენ.
ასევე, ლიდერები 2027 წლისთვის უკრაინის დაფინანსების საკითხსაც განიხილავენ.
„ლიდერები იმსჯელებენ ევროკომისიის წინადადების შესახებ, რომელიც 2027 წელს უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ევროპული საბჭოს განცხადებაში.
