შალვა პაპუაშვილი - დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ბრიუსელმა დღეს მიღებული რეზოლუციით დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი.
დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია. და ამას აღარაფერი ეშველება“,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია - „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ - 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირს შეინარჩუნოს კოორდინირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური პირების წინააღმდეგ“.
