მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. რუსეთი: სომხეთში არჩევნები დემოკრატიული არ ყოფილა, ბოლომდე ვერ ვაღიარებთ - Netgazeti
რუსეთი: სომხეთში არჩევნები დემოკრატიული არ ყოფილა, ბოლომდე ვერ ვაღიარებთ - Netgazeti

რუსეთი: სომხეთში არჩევნები დემოკრატიული არ ყოფილა, ბოლომდე ვერ ვაღიარებთ - Netgazeti

ნეტგაზეთი19 ივნისი, 2026, 07:20|netgazeti.ge

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა, გამოცემა „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით მოსკოვმა „პრინციპული პოზიცია“ უნდა დაიკავოს, თუმცა ამავე დროს თანამშრომლობა გააგრძელოს დე ფაქტო დონეზე მოქმედ ხელისუფლებასთან.

მისი თქმით, რუსეთის მხარე ვერ აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს სრულად დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად.

მისი შეფასებით, საარჩევნო პროცესში არ არსებობდა პოლიტიკური კონკურენციისთვის თანაბარი პირობები და ოპოზიციის მიმართ გამოიყენებოდა ზეწოლის სხვადასხვა ფორმა.

ზატულინმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, მსგავსი ტენდენციები გაგრძელდა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის შემდეგაც.

„არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს არჩევნები დემოკრატიულად და საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარებულად. არ შეგვიძლია, რადგან თანაბარი საარჩევნო ბრძოლის პირობები დაცული არ ყოფილა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

მან ასევე თქვა, რომ კენჭისყრის პროცესში ადგილი ჰქონდა დარღვევებს და ცალკეულ საარჩევნო უბნებზე მიღებულ სადავო გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინეს ხმების საბოლოო განაწილებაზე.

ამასთან, რუსმა დეპუტატმა ისაუბრა სომხეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ, მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებებისა.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ არჩევნების შედეგებს სამართლიანად და ობიექტურად არ მივიჩნევთ. თუმცა, რადგან სომხეთთან ალიანსები გვაკავშირებს და ტრადიციულად ვავითარებთ ურთიერთობებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მასთან მუშაობას, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქვეყანას ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლება არაკეთილსინდისიერი და არადემოკრატიული არჩევნების შედეგად შეინარჩუნეს“.

აქვე მან განაცხადა, რომ მოსკოვი ფაქტობრივად გააგრძელებს თანამშრომლობას მოქმედ სომხურ ხელისუფლებასთან, თუმცა პარალელურად შეინარჩუნებს პოლიტიკურ პოზიციას არჩევნების შედეგების დე იურე არაღიარების შესახებ.

ზატულინმა ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ინტეგრაციული ურთიერთობების პერსპექტივების შესახებ, მათ შორის სომხური პროდუქციის იმპორტზე არსებული შეზღუდვების შესაძლო შენარჩუნებასა და სომხეთის შემდგომ მონაწილეობაზე ევრაზიულ სტრუქტურებში. მისი აზრით, ერევნის პოლიტიკური კურსის ცვლილებამ ევროკავშირის მიმართულებით შესაძლოა თანამშრომლობის პირობების გადახედვა გამოიწვიოს.

ენერგომატარებლების ფასებთან დაკავშირებით მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს სომხეთის სტრატეგიული არჩევანისა და ორმხრივი ურთიერთობების ფორმატის შესაბამისად.

ზატულინი ასევე შეეხო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის თემას, მათ შორის, რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნას. მან თქვა, რომ რუსეთი არ იქნება ამ საკითხის გადახედვის ინიციატორი, თუმცა სომხური მხარის შესაძლო ნაბიჯებზე რეაგირებას მოახდენს.

ასევე მან გამოთქვა მოსაზრება, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის პოლიტიკური კონტაქტების დონე შესაძლოა შემცირდეს, ხოლო ოფიციალური ვიზიტების ინტენსივობა უფრო თავშეკავებული გახდეს.

სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსული პარტიები, რომლის შესახებაც მოქმედი ხელისუფლება და საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებები რუსეთიდან პირდპირ მხარდაჭერასა და დაფინანსებაზე საუბრობდნენ, უმრავლესობით ვერ გავიდნენ, თუმცა პარლამენტში მაინც მოხვდნენ.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლად

ნეტგაზეთი

სომხეთში ქოჩარიანის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ნებართვა გასცეს

სომხეთში ქოჩარიანის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ნებართვა გასცეს

ნეტგაზეთი