Rapporteur: კალასმა სირიასთან არაერთხელ დააყენა საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების საკითხი
გამოცემა Rapporteur წერს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასს სურს, რომ სირიის მთავრობამ საქართველოსა და უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება განახლებული თანამშრომლობის შესახებ სამომავლო მოლაპარაკებების ფარგლებში გააუქმოს.
გასულ კვირას კაია კალასმა განაცხადა, რომ სირიასთან ასოცირების შეთანხმების განახლებისთვის ევროკავშირის წინაპირობებს შორის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებაც უნდა იყოს.
Rapporteur აღნიშნავს, რომ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს 2008 წელს შემუშავებული „ასოცირების შეთანხმების“ ხელმოწერის იდეა, რომლის რატიფიცირებაც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო არასოდეს განხორციელებულა.
ამის შემდეგ ევროკავშირი ასევე შეეცდება, მოიპოვოს მანდატი მოდერნიზებული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, რომელიც ახალ პოლიტიკურ პირობებს გაითვალისწინებს. გამოცემა წერს, რომ ეს შესაძლოა, უკვე მომავალი წლიდან მოხდეს.
ამ პროცესის ფარგლებში, ბლოკთან უფრო მჭიდრო კავშირების სანაცვლოდ, ევროკავშირი სირიისგან მოელის, რომ ის გააუქმებს საქართველოსა და უკრაინაში იმ ტერიტორიების აღიარებას, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
კაია კალასმა სირიის საკითხი 16 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე წამოჭრა. მისი თქმით, სირიასთან ევროკავშირის განახლებული ასოცირების შეთანხმება ადამიანის უფლებების დაცვისა და უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მკაფიო პირობებს უნდა ითვალისწინებდეს. კალასმა განმარტა, რომ საუბარია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამასთან, მან დააზუსტა, რომ 2008 წლის შეთანხმების ხელმოწერისა და მისი შემდგომი განახლების პროცესები ერთმანეთისგან გამიჯნულია.
კალასის განცხადება ცხინვალისა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებმა დაგმეს:
კაია კალასის განცხადება ცხინვალის შემდეგ სოხუმშიც დაგმეს; ცხინვალი კაია კალასს და ევროკავშირს “პოლიტიკურ შანტაჟში” ადანაშაულებს
სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს. აღიარების შემდეგ სირიამ ორივე დე ფაქტო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
