მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ადვოკატების ცნობით, სინდისის პატიმრები ტარაკნებიან კარცერში გადაიყვანეს - Netgazeti

ადვოკატების ცნობით, სინდისის პატიმრები ტარაკნებიან კარცერში გადაიყვანეს - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ადვოკატ ჯანო ჭკადუას თანახმად, სინდისის პატიმრები, ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში გადაიყვანეს, სადაც არაადამიანური პირობებია.

“ზურა მენთეშაშვილი გადაყვანილია კარცერში, სადაც არაადამიანურ პირობებში იმყოფება. როგორც თვითონ განმარტავს, არა აქვს პირსახოცი, არა აქვს ხელის საბანი საშუალებები, არა აქვს კბილის ჯაგრისი და ამასთანავე საკანში არის სიბინძურე. არ აქვთ იმის საშუალება, რომ ეს საკანი დაასუფთაონ… ამის საშუალებას არ აძლევენ. ასევე, როგორც ამბობს, საკანში არიან ტარაკნები, რაც ასევე დამატებით დისკომფორტს ქმნის, რა თქმა უნდა, და მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა, ის არ იქნა გადაყვანილი სხვა საკანში. როგორც თვითონ განმარტავს, ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ მას რამდენჯერმე მოსთხოვეს შიმშილობის შეწყვეტა და მიუხედავად აღნიშნული მოთხოვნისა, მას შიმშილობა არ შეუწყვეტია”, – აცხადებს ადვოკატი ჯანო ჭკადუა.

რაც შეეხება დენის კულანინს, მისმა ადვოკატმა არ იცის, რის გამოა მისი დაცვის ქვეშ მყოფი კარცერში უკვე მეორედ გადაყვანილი.

“ბოლო ორ თვეში უკვე ორჯერ მოახვედრეს ეს ადამიანი კარანტინში. მიზეზს არ უმარტავენ, უბრალოდ, ეუბნებიან, რომ “წამოდი”, გადაჰყავთ კარანტინში. რა მოხდა, რისთვის გადაიყვანეს, არ ვიცით. ბოლო შემთხვევა მოხდა 3 მარტს, როდესაც ის თავის მესაკნე ზურა მენთეშაშვილთან ერთად გამოიყვანეს საკნიდან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩაიყვანეს კარანტინში. დაიწყო მან შიმშილობა. მე მივწერე როგორც პენიტენციურს, ასევე ციხის ადმინისტრაციას, რომ მოხდეს იმ საკნის ვიდეოჩანაწერების დაარქივება და ასევე ვითხოვ წერილობით განმარტებას, რა გახდა მიზეზი ამ ადამიანის კარანტინში ჩაყვანის”, – ამბობს ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე ტვ პირველის ცნობით.

დენის კულანინი, საქართველოში მცხოვრები და წარმოშობით რუსი აქტივისტია, რომელიც გასული წლის 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის ბრალდებით.

ზურაბ მენთეშაშვილი რუსთაველის აქციის აქტიური მონაწილეა, ის სისხლის სამართლის წესით გზის ორჯერ გადაკეტვის საბაბით არის დაკავებული. მენთეშაშვილი პროტესტის ნიშნად ხშირად შიმშილობს ციხეში.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია