
სოხუმი და ცხინვალი თბილისისგან კვლავ „ახალი რეალობის“ აღიარებას მოითხოვენ - Netgazeti
19 მარტს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 66-ე რაუნდზე, როგორც სოხუმი და ცხინვალი აცხადებენ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს „ახალი რეალობების“ აღიარებისა და მათი სტატუსის გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ, მათ შორის ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ხელმოწერაზე. პარალელურად, განხილვის საგანი იყო უსაფრთხოების მექანიზმები, საზღვრის დელიმიტაცია და ჰუმანიტარული საკითხები.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე “სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის ხაზზე არსებული ვითარება შეფასდა როგორც სტაბილური”. ასევე ხაზი გაესვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა და „ცხელი ხაზის“ მნიშვნელობას, რომლებიც უზრუნველყოფს საზღვრისპირა ზონაში ვითარების ოპერატიულ მართვას.
ამასთან, როგორც სააგენტო რესი წერს, სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ კვლავ დააყენა ქართულ მხარესთან საზღვრის დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის საკითხი.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის პროექტზე მუშაობას. სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და რუსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა ამ დოკუმენტის პარამეტრების წინასწარ განსაზღვრა.აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დისკუსიებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მხარეებს შორის არსებითი განსხვავებები რეგიონში არსებული ვითარების შეფასებაში”.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა კი აღნიშნა, რომ სოხუმის პოზიცია უცვლელია. მისი თქმით, „არსებული რეალობაა, რომ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე არსებობს ორი სუვერენული სახელმწიფო, აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, და ეს არ არის განხილვის საგანი“.
მისივე განცხადებით, დისკუსიების ფარგლებში გაგრძელდა მუშაობა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტის მიღებაზე, სადაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ მასში გათვალისწინებული იყოს მათი სტატუსი და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოების გარანტიები.
აფხაზური და ოსური მედიის ცნობითვე, დისკუსიების ფარგლებში განიხილეს ჰუმანიტარული საკითხებიც, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედი.
“სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს ოსების უფლებების დარღვევის საკითხი და განაცხადეს, რომ მათ წლების განმავლობაში არ ეძლევათ წვდომა საკუთარ სახლებსა და მიწებზე ყაზბეგის რაიონის ტირსიგომის ხეობაში. დევნილთა საკითხი აღნიშნულ რაუნდზე არ განხილულა. სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებით, ამ თემაზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც შეწყდება მისი პოლიტიზება”.
ოფიციალური ცნობით, ჟენევაში ასევე განიხილეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მუშაობის აღდგენის პერსპექტივა გალში.
მოლაპარაკებების შემდეგი, 67-ე რაუნდი, წინასწარი ინფორმაციით, 2026 წლის ივნის-ივლისში გაიმართება.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge