
ევროპარლამენტმა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით რეზოლუცია მიიღო - Netgazeti
ევროპარლამენტმა 438 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, სახელწოდებით „ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
ერთობლივი რეზოლუციის პროექტი ექვსი პოლიტიკური ჯგუფის (ევროპის სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატები, კონსერვატორები და რეფორმისტები, „განაახლე ევროპა“, მემარცხენეები, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მიერ მომზადდა.
რეზოლუციით ევროპარლამენტი:
მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენების ან განსხვავებული აზრის მშვიდობიანი გამოხატვის გამო, აგრეთვე „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ დევნას;გმობს დაკავების პერიოდში ხოშტარიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას; მოითხოვს მისი, ისევე როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით ან ფუნდამენტური უფლებების მშვიდობიანი განხორციელების გამო დაკავებული სხვა პირების, დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოუწოდებს მათ წინააღმდეგ აღძრული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ;გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „განგრძობადი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების“ გამო, რომელიც ოთხ წელზე მეტია, ფაქტობრივად, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალია;მოითხოვს პატიმრობაში არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების, აგრეთვე მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სარწმუნო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას;გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების გავლენის გაფართოების გამო, რაც დასტურდება არაერთ ანგარიშში და აისახება ადამიანის უფლებების მიმართ ქვეყნის გაუარესებულ მიდგომაში; გამოხატავს აღშფოთებას იმის გამო, რომ ამგვარი ანგარიშების ავტორების –განსაკუთრებით კი „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევის ავტორ გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის – წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება, ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება მომხდარიყო მათ საგანგაშო მიგნებებზე ქვეყანაში ავტორიტარული ძალების გავლენის აშკარა და სისტემური გაფართოების შესახებ; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევების (ჩატარების) შესაძლებლობა;მკაცრად გმობს შემზღუდველი კანონმდებლობის მიღების გაგრძელებას, რაც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ახშობს პოლიტიკურ აქტივობას, სამოქალაქო პროტესტსა და განსხვავებულ აზრს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს შემზღუდველი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოყენება და უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და სათანადო სამართლებრივი პროცედურები;ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობა შეუთავსებელია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან;კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი მათი ერთგულების მიმართ; მოუწოდებს ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ და დაიცვან რისკის ქვეშ მყოფი ქართველი აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები;მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, აგრეთვე ევროკავშირის მასშტაბით სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და მათი ხელშემწყობების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებზე, დევნასა და ძალადობაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge