
ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეებს პატიმრობებს უფარდებენ - Netgazeti
ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობების შეფარდება გრძელდება.
დღეს, 27 მარტს, დილიდან ტროტუარზე დგომის მიზეზით რამდენიმე ადამიანს პატიმრობა უკვე შეეფარდა.
მოსამართლე ნინო ენუქიძემ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლევან ჟვანიას. მას ხელბორკილები სხდომათა დარბაზშივე დაადეს და იზოლატორში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟვანიას ედავებოდა 2025 წლის 18 დეკემბერს, პარლამენტის წინ, ტროტუარზე დგომით გამვლელი მოქალაქეებისთვის გადაადგილებაში ხელის შეშლას.
„გამორჩეულად განათლებული, პატიოსანია ლევანი და გამორჩეული ოჯახის შვილია. კარგი კომპოზიტორი – სერგი ჟვანიას შვილია. თქვენი საყვარელი ფილმის „მაცი ხვიტიას“ კომპოზიტორი გახლდათ მამამისი […] შიშმა ასე გაწირა “ქართველთა” სული, რომ ქართველებს ადებენ ბორკილებს”, – წერს ჟვანიას მეგობარი, მუსიკოსი სოლომონ გოგაშვილი სოციალურ ქსელში.
ტროტუარზე დგომის გამო 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს მარიამ მელიქიშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.
შსს-მ მელიქიშვილს სამართალდარღვევის ოქმი ტროტუარზე დგომის გამო შეუდგინა. კონკრეტულად, უწყება მას ედავებოდა, რომ 2025 წლის 2025 წლის 18 დეკემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე დგომით. დაბრკოლებას უქმნიდა გამვლელ მოქალაქეებს.
ტროტუარზე დგომის გამო 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს მარიამ ყიფიანს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო.
შსს-მ ყიფიანს სამართალდარღვევის ოქმი ტროტუარზე დგომის გამო შეუდგინა. უწყების წარმომადგენელი, თეკლა კობახიძე სხდომაზე ამტკიცებდა, რომ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, მარიამ ყიფიანი იმიტომ იდგა პარლამენტის წინ, რომ “განზრახ შეექმნა დაბრკოლება ხალხის გადაადგილებისთვის”.
“საფეხმავლო ბილიკი ჰქონდათ ათვისებული და ამგვარად გამოხატავდნენ პროტესტს” – თქვა თეკლა კობახიძემ და ყიფიანის სამართალდამრღვევად ცნობა მოითხოვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, სად სხვაგან სად შეეძლო მას პროტესტის გამოხატვა, როცა მოქმედი კანონმდებლობით, საავტომობილო გზის გადაკეტვაც ზუსტად ისევე ისჯება, როგორც ტროტუარზე დგომა.
შსს-მ სხდომაზე წარმოადგინა 112-ის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს რამდენიმე მოქალაქე როგორ გადადის ტროტუარიდან ბასლეინზე პარლამენტის წინ გადაადგილებისას. თეკლა კობახიძე ამტკიცებდა, რომ ისინი არ იყვნენ აქციის მონაწილეები და ბასლეინზე იმიტომ მოუწიათ გადასვლა, რომ ტროტუარი სრულად აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული.
ადვოკატმა იკითხა, თავად ამ მოქალაქეებს ჰქონდათ თუ არა რაიმე პრეტენზია, რაზეც შსს-ის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ უწყებას მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. კითხვაზე, მაშინ რის საფუძველზე ამტკიცებდნენ, რომ ისინი აქციის მონაწილეები არ იყვნენ და უფრო მეტიც, დაბრკოლდნენ გადაადგილებისას, თეკლა კობახიძემ ასე უპასუხა – “დარწმუნებულია ვარ”
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონით, ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნა 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. თუ მოქალაქე ამ მუხლს მეორედ დაარღვევს, მის მიმართ უკვე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge