
„მრავალფრონტიანი ომისთვის მზად ვართ“ — ისრაელი ჰუსიტების კონფლიქტში ჩართვის შემდეგ - Netgazeti
ისრაელის შეიარაღებული ძალებში აცხადებენ, რომ „მრავალფრონტიანი ომისთვის“ არიან მზად. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც იემენში მოქმედმა, ირანის მხარდაჭერილმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა გუშინ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშები განახორციელეს და ამით ომში ჩაერთნენ.
„მრავალფრონტიანი ომისთვის მზად ვართ. ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში ვიბრძვით კიდეც მრავალფრონტიან ომში, სხვადასხვა მიმართულებიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ“, — განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების საერთაშორისო სპიკერმა ნადავ შოშანიმ და დაამატა, — „მათ განცხადებებს სერიოზულად ვიღებთ და ვემზადებით, საჭიროებისამებრ, ამ მიმართულებიდანაც დავიცვათ თავი იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.“
ჰუსიტები მჭიდროდ არიან დაკავშირებული თეირანის რეჟიმთან. მათმა ლიდერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისინი ერთგულებას ერთგულებით პასუხობენ, — „ირანი იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ოფიციალურად დაგვიდგა გვერდით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს.“
ღამით და გამთენიისას ირანზე ძლიერი დარტყმები განხორციელდა. ირანის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედიის ცნობებით, დედაქალაქ თეირანის სხვადასხვა უბანში ღამით ძლიერი დაბომბვების ფონზე აფეთქებების ხმა ისმოდა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) იმუქრება, რომ ირანის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე განხორციელებული დარტყმების გამო, საპასუხოდ, რეგიონში აშშ-ისა და ისრაელის უნივერსიტეტების კამპუსებზე მიიტანს იერიშს.
ამავე დროს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს განცხადებას, რომ ახლო აღმოსავლეთში უკვე ჩავიდა ამერიკული სამხედრო ხომალდი, 3500 მეზღვაურითა და საზღვაო ქვეითით. პენტაგონში მომდევნო ნაბიჯებიც განხილვის საგანია.
პარალელურად, პაკისტანში მაღალი დონის მოლაპარაკების მასპინძლობისთვის ემზადებიან, რომელშიც მონაწილეობას თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ. ეს ქვეყნები, მასპინძელთან ერთად, შუამავლობის პროცესში არიან ჩართულნი. მოლაპარაკების მიზანი კონფლიქტის დეესკალაციაა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge