მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
საქართველომ სტრასბურგში საქმე წააგო იმის გამო, რომ ბავშვზე სექსუალური ძალადობა არ გამოიძია - Netgazeti

საქართველომ სტრასბურგში საქმე წააგო იმის გამო, რომ ბავშვზე სექსუალური ძალადობა არ გამოიძია - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) საქართველოს 10 000 ევროს გადახდა დააკისრა ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმის არაეფექტიანი გამოძიებისთვის.

განმცხადებელი ახლა უკვე სრულწლოვანია – 21 წლის. მან სახელმწიფოსგან 10 000 ევრო უნდა მიღოს იმ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც განიცადა ბავშვობაში მის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის არაეფექტიანი გამოძიების გამო.

მის ინტერესებს ქალთა და ბავშვთა უფლებადამცველ ორგანიზაცია “საფარი” იცავდა. ორგანიზაციის იურისტებმა სტრასბურგის სასამართლოს 2022 წელს მიმართეს.

3-წლიანი განხილვის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული სამართალდამცავი უწყებები აჭიანურებდნენ საქმეს – უმოქმედობის, ან სურვილის არქონის გამო გამოძიება წლების განმავლობაში იყო შეჩერებული. უფრო მეტიც, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, იმ საგამოძიებო მოქმედებების დროსაც კი, რომლებიც ჩატარდა, არ იყო გათვალისწინებული არასრულწლოვანის ინტერესები, რის გამოც მისი ხელახალი ვიქტიმიზაცია მოხდა – მოზარდმა პოლიციაში გამოკითხვის დროს ხელახლა განიცადა ის ტკივილი და ტრავმა, რომელსაც უშუალოდ ძალადობის დროს განიცდიდა.

ამგვარად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ არასრულწლოვანის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი: მე-3 – წამების, არაადამიანური და დამამცირებელ მოპყრობის აკრძალვის შესახებ და მე-8 – პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის აკრძალვა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში შემდეგი გარემოებებია აღწერილი: განმცხადებელი 2005 წელს არის დაბადებული. ის ცხოვრობდა თბილისში, დედასთან, უმცროს დასთან და მამინაცვალთან ერთად. მისი თქმით, მამინაცვალი მასზე სექსუალურად ძალადობდა 13 წლის ასაკიდან. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დედა სამუშაოდ აშშ-ში გაემგზავრა და ორივე შვილი თან წაიყვანა. როგორც მოზარდი ჰყვება, სწორედ მამინაცვალთან დისტანცირების შემდეგ გაიაზრა მტკივნეული გამოცდილება და გადაწყვიტა თავიდან აერიდებინა ის.

აშშ-ში ყოფნის დროს ის ცდილობდა დედისთვის მიენიშნებინა მამინაცვლის მხრიდან არასათანადო ქცევაზე. თუმცა, როგორც ჰყვება, დედა მას არ უსმენდა და გაურბოდა ამ საუბარს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მოზარდმა მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ უთხრა ბიოლოგიური მამის ბიძაშვილს – ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ენდობოდა. ქალმა პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც დაიწყო გამოძიება.

თუმცა, როგორც სტრასბურგის სასამართლო აღნიშნავს, საქართველოში ჩატარებული გამოძიება არაეფექტიანი იყო. სამართალდამცავმა უწყებებმა არა თუ არ დაიწყეს მამინაცვლის წინააღმდეგ დევნა, არამედ მოზარდს დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ქართულმა სამართალდამცავმა უწყებები, გარდა იმისა, რომ არ ცდილობდნენ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას, უკვე არსებულიც არ შეაფასეს სათანადოდ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ეს მოხდა იმ პირობებში, როცა სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მარეგულირებელი კანონმდებლობა საქართველოში, მეტ-ნაკლებად, შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს, ეს მიანიშნებს “სერიოზული ბრალდებების მიმართ შინაარსიანი გამოძიების ჩატარების სურვილის არქონაზე”.

დაზარალებული ქალის ინტერესებს იცავდნენ “საფარის” იურისტები: ეკა ლომთათიძე, თამარ ლუკავა და ბაია პატარაია.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია