მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
ქნესეთმა მიიღო კანონი ისრაელელების მკვლელობაში მსჯავრდადებული პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ - Netgazeti

ქნესეთმა მიიღო კანონი ისრაელელების მკვლელობაში მსჯავრდადებული პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ - Netgazeti

ნეტგაზეთი|netgazeti.ge

ისრაელის პარლამენტმა, 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ, მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ისრაელელების მკვლელობაში.

„ასოშიეტედ პრესის“ (AP) ცნობით, კანონპროექტის მიღება არის ულტრამემარჯვენეების მრავალწლიანი ძალისხმევის კულმინაცია, რათა გამკაცრებულიყო სასჯელი პალესტინელებისთვის, რომლებიც ნაციონალისტური ნიადაგით ჩადენილ დანაშაულებში არიან მსჯავრდებულნი.

კანონმდებლობის მთავარი ინიციატორი იყო ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი იტამარ ბენ-გვირი, რომელმაც კენჭისყრის შედეგები სასმლის ბოთლით ხელში იზეიმა. კანონპროექტისთვის ხმის მისაცემად ქნესეთში პირადად მივიდა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც.

კანონი ჩამოხრჩობას ითვალისწინებს დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელებისთვის, რომლებიც ნაციონალისტური ნიადაგით ჩადენილ მკვლელობებში იქნებიან მსჯავრდებულნი. მართალია, ის ასევე აძლევს ისრაელის სასამართლოებს უფლებას, მსგავსი ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ ისრაელის მოქალაქეებსაც, თუმცა იურისტების თქმით, ფორმულირება ისეთია, რომ ის პრაქტიკულად მხოლოდ ისრაელის პალესტინელ მოქალაქეებზე გავრცელდება და გამორიცხავს ებრაელ მოქალაქეებს.

ექსპერტების თქმით, კანონმდებლობას აქვს ორი ძირითადი ელემენტი, რომელიც სიკვდილით დასჯას პრაქტიკულად მხოლოდ პალესტინელებზე შეზღუდავს. კერძოდ, კანონპროექტი სიკვდილით დასჯას ნაგულისხმევ სასჯელად აქცევს ნაციონალისტური მკვლელობებისთვის სამხედრო სასამართლოებში, რომლებიც მხოლოდ დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ პალესტინელებს ასამართლებენ და არა — ისრაელის მოქალაქეებს. მასში ნათქვამია, რომ სამხედრო მოსამართლეებს სასჯელის სამუდამო პატიმრობით შეცვლა მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში შეუძლიათ. ისრაელის სამოქალაქო სასამართლოებს კი სასჯელის გამოტანისას უფრო მეტი თავისუფლება ეძლევათ — მოსამართლეებს აქვთ არჩევანი სიკვდილით დასჯასა და სამუდამო პატიმრობას შორის.

მეორე ელემენტი არის ის, თუ როგორ განმარტავს კანონპროექტი დანაშაულს — მკვლელობა, რომელიც უარყოფს ისრაელის სახელმწიფოს არსებობას.

„ეს გავრცელდება ისრაელის სასამართლოებზე, მაგრამ მხოლოდ იმ ტერორისტულ საქმიანობაზე, რომლის მოტივია ისრაელის არსებობისთვის ძირის გამოთხრა. ეს ნიშნავს, რომ ებრაელებს ამ კანონით ბრალს არ წაუყენებენ,“ — განაცხადა ამიჩაი კოენმა, ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა.

ავსტრალიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვირას განცხადება გაავრცელეს, სადაც მოუწოდეს ისრაელს, უარი თქვას კანონის მიღებაზე. მათ მას „დე ფაქტო დისკრიმინაციული“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ სიკვდილით დასჯა არაეთიკურია და არ გააჩნია „შემაკავებელი ეფექტი“.

AP-ის ცნობით, კანონმდებლობა, რომელიც ძალაში 30 დღეში უნდა შევიდეს, სამართლებრივი გამოწვევების წინაშეა, რამაც შესაძლოა მისი იმპლემენტაცია შეაფერხოს. ისრაელის სამოქალაქო უფლებათა ასოციაციამ უკვე მიმართა ისრაელის უმაღლეს სასამართლოს კანონის გასაუქმებლად. მათ კანონმდებლობას „განზრახ დისკრიმინაციული“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ პარლამენტმა ის „სამართლებრივი უფლებამოსილების გარეშე“ მიიღო დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელების მიმართ, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არ არიან. ამიჩაი კოენმა, ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ისრაელის პარლამენტმა არ უნდა გამოსცეს კანონები დასავლეთ სანაპიროსთვის, რომელიც არ წარმოადგენს ისრაელის სუვერენულ ტერიტორიას.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში ტექნიკურად არსებობს სიკვდილით დასჯა, როგორც შესაძლო სასჯელი გენოციდის, ომის დროს ჯაშუშობისა და გარკვეული ტერორისტული დანაშაულებისთვის, 1962 წლის შემდეგ, როდესაც ნაცისტი სამხედრო დამნაშავე ადოლფ ეიხმანი დასაჯეს, ისრაელში სიკვდილით არავინ დაუსჯიათ.

გაზიარება:
N

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია