
ზურაბიშვილი: რეფერენდუმიდან 35 წლის მერეც დასმულია კითხვა - რუსეთი, თუ დამოუკიდებლობა? - Netgazeti
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის 35 წლის თავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. ზურაბიშვილის თქმით, რეფერენდუმის კითხვა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 35 წლის შემდეგაც დღის წესრიგში დგას.
“[1991 წელს] საქართველომ ჩაატარა ის რეფერენდუმი, რომლითაც დღესაც ვარსებობთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. როგორც ქვეყანა, რომელმაც თავისი ნება გამოხატა.
ამ დღის გმირი არის, ერთი მხრივ, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც გაბედა, ეს ნაბიჯი გადაედგა და ქართველი ხალხისთვის ეკითხა: თქვენი ნება რა არის – იყოთ რუსეთში, იყოთ რუსეთი თუ იყოთ დამოუკიდებელი საქართველო, როგორც მოდიოდა საუკუნეების მანძილზე?!
მეორე გმირი არის ქართველი ხალხი, რომელმაც თავისი სათქმელი თქვა, გამოხატავ თავისი ნება, როგორც ერთობლივი ნება, როგორც ყველა ამ ქვეყნის მოქალაქის ნება – უმცირესობებიც მონაწილეობდნენ [რეფერენდუმში] და უმრავლესობაც, ცხადია.
ეს არის ყველაზე ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი ამ რეფერენდუმში და ამ გადაწყვეტილებაში, რომ საქართველომ, მთიანად – თავისი მეთაურით და თავისი ხალხით – უარი თქვა რუსეთზე. უარი თქვა იმ უახლოეს წარსულზე, რომელიც იყო მონობის წარსული. უარი თქვა დამონებაზე და თანხმობა მისცა იმას, რომ ევლო თავისი გზით, თავისუფალი გზით.
ეს კითხვა, სამწუხაროდ, დგას ჩვენ წინაშე 35 წლის მერეც, რასაც, არავინ, ალბათ, არ იფიქრებდა. ჩვენ ვერ ვიფიქრებდით, რომ ხელახლა და ასე ტრაგიკულად იქნებოდა დასმული ეს კითხვა – რა გინდათ, რუსეთი, თუ საქართველო?! რუსეთი, თუ თავისუფლება?! რუსეთი, თუ დამოუკიდებლობა?! რუსეთი, თუ სახელმწიფო?!
ჩვენი პასუხი არის კიდევ ერთხელ გასაცემი. კიდევ ერთხელ გასაცემი ყველას მიერ. იმიტომ, რომ არაფერი ისე არ უწყობს ხელს იმ რუსეთს, იმ მტერს, როგორც ამ ერის დაყოფა. ყველა მხრივ, ყველანაირად ცდილობს რუსეთი, რომ დაგვყოს. ყველანაირად ცდილობს რუსული რეჟიმი საქართველოში, რომ არ შედგეს ერთობა, არ შედგეს ერის ნება, არ დავინახოთ, საითკენ უნდა საქართველოს სვლა, საითკენ უნდა საქართველოს განვითარება.
ასე რომ, ეს პასუხი დღესაც ჩვენი გასაცემია. ამ პასუხს სცემენ უკვე ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ციხეში არიან და ციხიდან გვეუბნებიან, რომ ჩვენი მომავალი არის ერთობაში და ერთად გაცემულ პასუხში.
არა რუსეთს! კი საქართველოს!”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში.
35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი.
“თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?” – ამ კითხვას ამომრჩეველთა 99%-ზე მეტმა დადებითი პასუხი გასცა.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge