„ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას აპირებენ... ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციას“ — გიორგი ზურაბაშვილი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გალუზინთან გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. გადაცემა „იმედი LIVE“-ის ეთერში ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ არსებული შეზღუდვების მოხსნის ნაცვლად, რუსული მხარე კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქცირებას გეგმავს. ამასთან, მისი შეფასებით, რუსეთის მიერ დაყენებული ე. წ. ჰუმანიტარული ინიციატივები რეალურად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგაა მიმართული, აღვივებს ნარატივს მთავრობის პრორუსულობის შესახებ და ოპოზიციურ ძალებს აძლიერებს.
„ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, შვიდი კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს. მისგან პასუხად მივიღე სამი რამ: რაც იყო ხარისხთან მიმართებაში, მეორე იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, მესამე იყო — ესენი დაკავებულები არიან ანტირუსული ნარატივით.
რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო დაბალხარისხიანია.
რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ესეც არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და მსგავსი არაფერი ხდება, მაგრამ სანაცვლოდ იმისა, რომ მე მქონდა მოლოდინი, იქვე ეს სანქციები და შეზღუდვები მოიხსნებოდა, ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორ ქართული ღვინის კომპანიაზეა საუბარი, რომლების დასანქცირებასაც აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება. მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ, ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია.
მაგალითისთვის გეტყვით, საუბარი იყო იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან. თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს და მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს.
ასე რომ, ჩვენ თუ ამას ყველაფერს შევაჯამებთ... რაც შეეხება ქართულ ღვინოს, სადაც ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის მიდგომა, რაც მათ ჩვენ გაგვაცნეს ხარისხთან მიმართებით, გნებავთ უკრაინის ომის დაფინანსების საკითხს, ანტირუსულ ნარატივს, ანდაც რაც შეეხება იმ ჰუმანიტარულ და თითქოსდა უვნებელ საკითხებს, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს მას.
მე დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები არა მხოლოდ ავნებს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები აგრეთვე მნიშვნელოვანია და ავნებს რუსეთის მოსახლეობას“, — განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა „იმედი LIVE“-ის ეთერში.
