მართლმადიდებელი სასულიერო პირების მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკა გრძელდება
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან მართლმადიდებელი სასულიერო პირები, მათ შორის ეპისკოპოსები, მთავრობის პოლიტიკის ღიად კრიტიკას აგრძელებენ. ამ დაძაბულობამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ოპონენტების აზრით, შესაძლოა სწორედ ამან უბიძგა მმართველ პარტიას, სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაეწყო, რათა ამით ეკლესიის კეთილგანწყობა დაებრუნებინა.
დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 10 ნოემბრის ვრცელ ქადაგებაში ხელისუფლება და მისი პოლიტიკა გააკრიტიკა. მან ასევე მიანიშნა, რომ მომავალში შესაძლოა „უკეთესი“ მთავრობა იქნას არჩეული.
21 ნოემბერს, კიდევ ერთი ქადაგებისას, მიტროპოლიტი იობი 10 ნოემბრის განცხადებებს დაუბრუნდა, როდესაც მან ხელისუფლებას „ურწმუნო“ და „არაეკლესიური“ უწოდა.
„რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება, და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოაჩინეს“, – განაცხადა მან. „მათი დამოკიდებულებით, მათი გამოხმაურებით… მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი“.
მოგვიანებით, „ტვ პირველთან“ საუბრისას მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ ადრე „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, თუმცა მიიჩნევს, რომ პარტიამ კურსი შეიცვალა, რის გამოც მის წინააღმდეგ ხმის ამოღება აუცილებელი გახდა.
„მე მხარს ვუჭერდი „ქართულ ოცნებას“ და გვერდში ვედექი, მაგრამ დავინახე, რომ გადაუხვიეს და სხვა მდგომარეობა შეიქმნა, უკვე მხილება იყო საჭირო. თუ გამოსწორდებიან, ამ შენიშვნებს მიიღებენ და რაღაც ცვლილებები იქნება საქართველოში, თუკი შეცვლიან ამ პროცესებს, შეიძლება ისევ მხარი დავუჭირო“, – განაცხადა მან.
10 ნოემბერს მიტროპოლიტ იობის მიერ წარმოთქმულმა ქადაგებამ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და სახელისუფლებო მედიის კრიტიკა გამოიწვია. მას ამბიონიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში დასდეს ბრალი. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ქადაგებას „უპასუხისმგებლო“ უწოდა და აღნიშნა, რომ „გულდასაწყვეტია, როცა მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბიონს იყენებს ასეთი ტიპის პოლიტიკური განცხადებებისთვის“. დეპუტატმა მარიამ ლაშხმა კი იობისთან დაკავშირებულ კითხვებს მოკლე კომენტარით უპასუხა: „ღმერთმა შეუნდოს“.
ლაშა ნაცვლიშვილმა, მმართველი პარტიის ყოფილმა კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, 11 ნოემბერს, „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში მიტროპოლიტის მიმართ შეურაცხმყოფელი ტერმინები გამოიყენა. „იობ ტვაიუ მაწ რა…“, – წერს ნაცვლიშვილი, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ იგი საჯარო შეურაცხყოფისთვის 2 500 ლარით დააჯარიმა.
რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, იობის გამოესარჩლა. მათ გაიზიარეს მიტროპოლიტის კრიტიკა მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ და ყურადღება გაამახვილეს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა დემოგრაფიული კრიზისი, აზარტული თამაშები და ნარკომანია.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემაც გააკრიტიკა იობის მიმართ გამოყენებული ლექსიკა. მისი თქმით, მიტროპოლიტის მისამართით გაკეთებული ზოგიერთი შენიშვნა „სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას, მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის მოხსენიება, ზოგადად ეკლესიისადმი უპატივცემულობაზე მეტყველებს“.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არსებულ დაპირისპირებას 16 ნოემბერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სასულიერო პირებსა და ხელისუფლებას შორის საჯარო დაპირისპირება როგორც ეკლესიას, ისე ქვეყანას აზიანებს. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, ჩაერთოს მსგავს დაპირისპირებაში და სხვებსაც მოუწოდა, არ წამოიწყონ ის.
23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სიტყვით გამოსვლისას, კობახიძემ ხაზი გაუსვა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ერთიანობის მნიშვნელობას.
„ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე“, – აღნიშნა მან.
