რუსეთში ინგლისური ენის სასკოლო სახელმძღვანელოში ამერიკული ჯინსი, ჩიფსი და Coca-Cola ბურახით, „ვალენკებითა“ და „ხოლოდეცით“ ჩაანაცვლეს
რუსეთის სკოლების მე-8 კლასის ინგლისური ენის სახელმძღვანელოში (Starlight) პოპულარული ამერიკული პროდუქტების შესახებ ტექსტი ტრადიციული რუსული კერძებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ჩაანაცვლეს — ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ვიორსტკა“ (Верстка) იუწყება.
საუბარია სახელმძღვანელოს რუბრიკა Culture corner-ში მოცემულ სავარჯიშოზე. 2018 და 2020 წლების გამოცემებთან შედარებით, განახლებულ ვერსიაში, რომლითაც სკოლებში სულ მცირე 2023 წლიდან სწავლობენ, ტექსტის შინაარსი შემდეგნაირად შეიცვალა:
Made in the USA → Made in Russia Coca-Cola → ბურახი (kvass) ჯინსი → ქეჩის ჩექმები / „ვალენკები“ (valenki) ჩიფსები → ლაბასხმული / „ხოლოდეცი“ (holodets)
გამოცემის ცნობით, შინაარსობრივი ცვლილების მიუხედავად, თავად დავალების სტრუქტურა თითქმის უცვლელი დარჩა.
სახელმძღვანელოებს სერიიდან Starlight გამომცემლობა „პროსვეშჩენიე“ ბეჭდავს. აღნიშნული სერია სახელმძღვანელოების ფედერალურ ნუსხაშია შეტანილი და მისით პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლობენ, მათ შორის — ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების სკოლებში.
