ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები 2028-2024 წლების ბიუჯეტსა და უკრაინის დაფინანსებას განიხილავენ
ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების 2-დღიანი სპეციალური სამიტი მიმდინარეობს. სამიტის მთავარი თემები ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტი და უკრაინის დაფინანსებაა.
ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტი, რომელიც მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) სახელით არის ცნობილი, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია.
2028-2034 წლების საბიუჯეტო გეგმის შესახებ შეთანხმებას მაღლი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისთვის. წევრ ქვეყნებს ბიუჯეტთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები და ინტერესები აქვთ.
ევროკავშირის 27-ვე ლიდერს შეუძლია ვეტოს უფლების გამოყენება ისეთ სადავო საკითხებზე, როგორებიცაა ბიუჯეტის საერთო მოცულობა, თანხების განაწილების პრიორიტეტები და კავშირის ამბიციების დასაფინანსებლად საჭირო რესურსების მოძიება.
დასავლური მედია წერს, რომ საბიუჯეტი მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთვის მისი პოლიტიკური ავტორიტეტის დღემდე ყველაზე დიდი გამოცდაა. მას ქვეყნების სხვადასხვა მოთხოვნებს შორის კომპრომისის მიღწევა და მხარეების შერიგება მოუწევს.
სამიტი ევროზონის შეხვედრით დაიწყო, რომელშიც ევროკავშირის 21 წევრი ქვეყნის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრი მონაწილეობს. შეხვედრაზე ეკონომიკურ და ფისკალურ მდგომარეობას განიხილავენ.
მოგვიანებით ევროკავშირის ლიდერებს ლანჩი ექნებათ, სადაც იმსჯელებენ, ვინ შეიძლება გახდეს ევროპის ცენტრალური ბანკის მოქმედი პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის შემცვლელი. საბოლოო გადაწყვეტილებას ლიდერები დეკემბრის სამიტზე მიიღებენ.
რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის – მოლაპარაკებებში ხუთი ძირითადი საკითხი იკვეთება: ბიუჯეტის საერთო მოცულობა, სოფლის მეურნეობის დაფინანსება, ევროკავშირის ახალი გადასახადები, უკრაინის დახმარების ხარჯების განაწილება და თავდაცვის სფეროში ევროპული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება. ლიდერები ვერ თანხმდებიან, პრიპრიტეტი სოფლის მეურნეობის და ევროპის უღარიბესი რეიგონების დაფინანსებას უნდა მიენიჭოს, თუ ახალ პრიორიტეტებს, როგორიცაა კონკურენტუნარიანობა და უსაფრთხოება?
ევროკავშირის ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების მთავარი სადავო საკითხები
როგორც გამოცემა POLITICO წერს, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფი, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები, ევროკავშირის უფრო მცირე ბიუჯეტს და მის ისეთ „თანამედროვე“ პრიორიტეტებზე მიმართვას ითხოვს, როგორებიცაა თავდაცვა და კონკურენტუნარიანობა.
მათ მეორე ჯგუფი უპირისპირდება, რომელშიც ევროპის სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნები, მათ შორის იტალია და პოლონეთი შედიან. ისინი ევროკავშირისგან უფრო მეტ ხარჯვას და ტრადიციული მიმართულებების – სოფლის მეურნეობისა და შედარებით ღარიბი რეგიონების მხარდაჭერის შენარჩუნებას მოითხოვენ.
უთანხმოება იმდენად დიდია, რომ წევრი ქვეყნები ვერც კი თანხმდებიან იმაზე, რამდენად აღემატება შეთავაზებული ბიუჯეტი მოქმედი ბიუჯეტის მოცულობას.
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას მიერ შეთავაზებული ბიუჯეტი 2020 წელს შეთანხმებულ წინა შვიდწლიან ბიუჯეტზე 40%-ით მეტია. თუმცა, სხვა ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ეს შეფასება ინფლაციასა და ევროკავშირის პოსტპანდემიური ვალის დაფარვის ხარჯებს არ ითვალისწინებს. ეს უკანასკნელი კი ბიუჯეტის საერთო მოცულობის დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
„ზოგიერთი კვლავ ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მოქმედ მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსთან შედარებით ბიუჯეტი იზრდება. თუმცა, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ისინი ინფლაციას არ ითვალისწინებენ და ასეთი არგუმენტი დამაჯერებელი არ არის“, – განაცხადა ევროკავშირის ბიუჯეტის კომისარმა პიოტრ სერაფინმა ევროპარლამენტში 25 ნოემბერს.
მოსალოდნელია, რომ სამიტზე ამ საკითხებზე დამატებითი უთანხმოება წარმოიშობა.
სოფლის მეურნეობა – საფრანგეთი ფერმერებისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფას ითხოვს
ბიუჯეტის შემცირების მცდელობის მიუხედავად, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი იშვიათი სფეროა, რომლის დაფინანსებაც ჯერჯერობით შემცირებისგან დაცულია. თუმცა, ეს საფრანგეთისთვის საკმარისი არ არის.
საფრანგეთი ძლიერი ფერმერული ლობისტური ჯგუფებით გამოირჩევა, ქვეყანაში აპრილსა და მაისში არჩევნებია დაგეგმილი, ხოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ულტრამემარჯვენე და ევროსკეპტიკოსი კანდიდატი მარინ ლე პენი ლიდერობს.
ბიუჯეტის ბოლო შეთავაზების მიხედვით, 2028-2034 წლებში ფერმერებისთვის პირდაპირი გადახდების სახით 297 მილიარდ ევრომდე თანხაა გათვალისწინებული.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოითხოვს, რომ ამ თანხის 80%-ის ნაცვლად, 90% კონკრეტულად სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის იყოს დაცული. ამ ინიციატივას ევროკავშირის რამდენიმე სხვა ქვეყანა ეწინააღმდეგება.
„საფრანგეთმაც უნდა შეძლოს კომპრომისზე წასვლა. მათ ისეთი განცდა აქვთ, თითქოს სხვებს დიდ სამსახურს უწევენ, როდესაც თანხმდებიან, ამიტომ სურთ, რომ მათი ყველა პრიორიტეტი გათვალისწინებული იყოს“, – უთხრა POLITICO-ს ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.
ევროკავშირის ახალი გადასახადები
ანტონიო კოშტას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ევროკავშირის 27-ვე ლიდერის დარწმუნებაა, მხარი დაუჭირონ ახალი, საერთო ევროპული გადასახადების შემოღებას. მათი მიზანი ევროკავშირის ბიუჯეტის შევსება და ბრიუსელის მიერ წევრი ქვეყნებისგან პირდაპირ მიღებულ შენატანებზე დამოკიდებულების შემცირებაა.
ბიუჯეტის ბოლო შეთავაზება ხუთი ახალი გადასახადის შემოღებას ითვალისწინებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, წელიწადში 60 მილიარდი ევრო უნდა მოიზიდოს.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირისთვის ახალი საგადასახადო უფლებამოსილების მინიჭება პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხია, ლიდერები ამ ინიციატივას საბოლოო საბიუჯეტო შეთანხმების მიღწევამდე არ დაამტკიცებენ.
თითოეული მთავრობა ცდილობს, თავიდან აიცილოს ისეთი გადასახადი, რომელიც მის ქვეყანაზე არაპროპორციულად დიდ გავლენას მოახდენს.
მაგალითად, პოლონეთი ეწინააღმდეგება გამონაბოლქვით ვაჭრობის სისტემიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებას დამაბინძურებელი კომპანიების დაბეგვრის მიზნით. ლუქსემბურგი წინააღმდეგია თამბაქოს გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების ევროკავშირის ბიუჯეტში მიმართვის. ირლანდია კი სკეპტიკურად უყურებს ტექნოლოგიური გიგანტებისთვის გადასახადის დაწესებას, რადგან შიშობს, რომ ამან შესაძლოა აშშ-ის საპასუხო ზომები გამოიწვიოს.
უკრაინის დაფინანსება — გერმანია ოთხ ქვეყანაზე ზეწოლას ცდილობს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ბიუჯეტს ბერკეტად იყენებს, რათა ოთხ ქვეყანას – უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთსა და ბულგარეთს – უკრაინისთვის განკუთვნილ 45-მილიარდევროიან სესხთან დაკავშირებული სესხის აღების ხარჯების დაფარვაში მონაწილეობა აიძულოს.
ბერლინი, რომელიც ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის დაახლოებით მეოთხედს აფინანსებს, ამ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მათი უარის შემთხვევაში შესაძლოა ევროკავშირის ბიუჯეტში საკუთარი შენატანები შეამციროს.
თუმცა, გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ორ დიპლომატზე დაყრდნობით, რომლებიც მოლაპარაკებების მიმდინარეობას იცნობენ, კულისებს მიღმა უნგრეთი და ბულგარეთი სესხის ხარჯებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოხატავენ. უფრო თავშეკავებულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.
რაც შეეხება ჩეხეთს – როგორც POLITICO-ს ჩეხეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, ქვეყანა უკრაინისთვის სესხის გამოყოფის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი.
ბულგარეთის ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებით, შესაძლო გამოსავალი შეიძლება იყოს უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებული ისეთი სესხის ხარჯების დაფარვა, რომლებიც სამხედრო ხარჯებს არ აფინანსებს.
თუმცა, ქვეყნების უმეტესობა ამ იდეას უარყოფს.
„ევროპაში არ არსებობს მენიუ, საიდანაც ირჩევ, რისი გადახდა გინდა და რისი – არა“, – განაცხადა ევროკავშირის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.
ევროპული პრეფერენცია – მაკრონი თავდაცვის დაფინანსებიდან არაევროპული კომპანიების გამორიცხვას მოითხოვს
საბიუჯეტო მოლაპარაკებების კიდევ ერთი სადავო საკითხი თავდაცვის სფეროში დაფინანსების განაწილებაა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, ევროკავშირის ახალი ბიუჯეტით გათვალისწინებული თავდაცვის დაფინანსებიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების კომპანიები გამორიცხოს.
ანტონიო კოშტას შეთავაზებით, ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსებაზე წვდომა უნდა ჰქონდეთ მოკავშირე ქვეყნებში რეგისტრირებულ კომპანიებს, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, ნორვეგიასა და უკრაინაში მოქმედ კომპანიებს. ამ ჩამონათვალში აშშ არ არის.
POLITICO-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპრომისული წინადადება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობისთვის მისაღებია, მაკრონი ამით კმაყოფილი არ არის და საკითხის სამიტზე წამოჭრას აპირებს.
საპირისპირო პოზიცია აქვს რუმინეთს, რომელიც აშშ-ის შეიარაღების მწარმოებელი კომპანიებისთვის ევროპულ ბაზარზე უფრო ფართო წვდომას მოითხოვს.
„ჩვენ ევროპაში ამერიკული ტექნოლოგიები გვჭირდება და, ჩემი აზრით, უნდა მოვძებნოთ თანამშრომლობის გზები და უზრუნველვყოთ ამერიკული წარმომადგენლობა“, – განუცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა შტეფან-რადუ ოპრეამ POLITICO-ს.
უმეტესობა არ ელის, რომ შეთანხმება ამ კვირაში მიიღწევა, თუმცა კოშტა, ემანუელ მაკრონის მხარდაჭერით, ცდილობს, შეთანხმების მიღწევა შობამდე უზრუნველყოს. ევროპული საბჭოს შემდეგი სამიტი 17-18 დეკემბერს არის დანიშნული.
