ევროპარლამენტარებმა დებატებზე პაატა ბურჭულაძის და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებისას დეპუტატებმა პაატა ბურჭულაძისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერება მოითხოვეს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა გაცილებით ადრე უნდა გაეტარებინა. დეპუტატებმა ასევე გააკრიტიკეს ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა და განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები ქვეყანას ევროპულ გზას აშორებს.
ევროპარლამენტარებმა განიხილეს რეზოლუცია პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური პატიმრების შესახებ. რეზოლუციის კენჭისყრა 26 ნოემბერს გაიმართება.
ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ, რომელიც რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორია, პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლის ხელყოფაში პასუხისმგებელი პირების სანქცირებისკენ მოუწოდა. მან ყურადღება გაამახვილა პოლიტპატიმრების მძიმე პირობებსა და მათი ოჯახის წევრების მდგომარეობაზე.
„პაატა ბურჭულაძე ევროპული ოპერის ერთ-ერთი გამორჩეული ხმაა. ის 71 წლისაა და ციხეშია. მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ქართველი ხალხის გვერდით დადგა. ის მარტო არ არის. გასულ კვირას საქართველოს პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს შევხვდი. მათ ციხეებში არსებული მძიმე პირობების შესახებ გვიამბეს. დღეს შევხვდი ნინი მანჯგალაძეს, რომლის მამასაც [პაატა მანჯგალაძეს] სასჯელი ბურჭულაძესთან ერთად გამოუტანეს. ნინი დღეს საღამოს ჩვენთან ერთად, დარბაზის გალერეაში იმყოფება. მან გვითხრა, რომ მამამისი 16 კვადრატულმეტრიან საკანში კიდევ ხუთ პატიმართან ერთად ცხოვრობს. მან ციხიდან გზავნილი გადმოგვცა – „ევროპა საქართველოს სახლია“. მან ასევე მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს მათი მხარდაჭერისთვის, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვის. ბევრი სხვა ახალგაზრდა პატიმარია, რომელთა ნასამართლეობამ შესაძლოა მათ მთელ მომავალზე იქონიოს გავლენა და სწავლისა თუ სამსახურის პოვნა გაურთულოს. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. ამ შაბათს [28 ნოემბერს] ორი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ქართველები ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლის დასაცავად. ვიყოთ ისეთივე შეუპოვრები, როგორებიც ისინი არიან და დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საქართველოს მომავალს ართმევს“, – თქვა რასა იუკნევიჩიანემ.
გერმანელმა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა, რომელიც „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს“ წარმოადგენს, განაცხადა, რომ ბურჭულაძის დაკავება კრიტიკული ხმების ჩახშობის მცდელობაა. მისი თქმით, ქართველების უმრავლესობას კვლავ სურს ევროპული მომავალი და მოქალაქეები ამის დასაცავად ქუჩაში გამოსვლას, ძალადობისა და დაპატიმრების რისკის მიუხედავად, არ წყვეტენ. მან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიზანმიმართული სანქციების დაწესება და ხელისუფლებაზე ზეწოლის გაგრძელება მოითხოვა.
„პაატა ბურჭულაძე თავისი ხმის სიძლიერით გახდა ცნობილი. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საოპერო მომღერლის ხმა ვენიდან ნიუ-იორკამდე საოპერო სცენებზე ჟღერდა, დღეს კი მისი საკუთარი მთავრობა ცდილობს, ეს ხმა ჩაახშოს და შეთითხნილი ბრალდებებით ციხეში გამოკეტოს. რა არის მისი დანაშაული? მან გაბედა და ხმა აიმაღლა რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, საქართველო ევროპული დემოკრატიიდან კრემლის გავლენის ქვეშ მყოფ, ბელარუსის მსგავს რეჟიმად აქციოს. თუმცა ბურჭულაძე მარტო არ არის. ქართველების 80%-ს კვლავ სურს ევროპული მომავალი. თითქმის ზუსტად ორი წელია, ისინი ამ მომავლის დასაცავად ქუჩებში გამოდიან. მასწავლებლები, ექთნები, მუშები, ხელოვანები ხმას იმაღლებენ და კარგად იციან, რომ ამით ცემის, თავდასხმის ან ბურჭულაძის მსგავსად ციხეში მოხვედრის რისკზე მიდიან, მზია ამაღლობელის მსგავსად. მიუხედავად ამისა, ისინი არ ნებდებიან. ამიტომ, კოლეგებო, ჩვენც არ უნდა დავნებდეთ. მხარი დავუჭიროთ საქართველოს პოლიტპატიმრებს. დავუწესოთ მიზანმიმართული სანქციები ივანიშვილს და გავაგრძელოთ ამ რეჟიმზე ზეწოლა მანამ, სანამ ბურჭულაძის ხმა და ყველა ქართველის ხმა კვლავ თავისუფლად და ხმამაღლა არ გაიჟღერებს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოში“, – განაცხადა კრემერმა.
პოლონელმა ევროპარლამენტარმა, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტების წევრმა მალგოჟატა გოშევსკამევროკავშირს მოუწოდა, განცხადებებიდან კონკრეტულ მოქმედებებზე გადავიდეს. მან მოითხოვა პირადი სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და მისი პოლიტიკური და ბიზნესგარემოცვის წინააღმდეგ, მათი აქტივების გაყინვა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვა.
„ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ რამდენი ქართველი უნდა დააპატიმრონ? კიდევ რამდენი განაჩენი უნდა გამოიტანონ, სანამ ევროკავშირი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს? პაატა ბურჭულაძეს, მსოფლიოში ცნობილ საოპერო მომღერალს, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც ქვეყანა ევროპისკენ წაიყვანა, უკვე ხუთ წელზე მეტია, პატიმრობაშია. ოპოზიციის აქტივისტები, სტუდენტები და ახალგაზრდები, რომლებიც ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან, ასევე პატიმრობაში არიან. ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საქართველოში 91 პოლიტპატიმარი აღრიცხა. ეს სია სრულყოფილი არ არის. საქართველომ კურსი შეცვალა. ახლა ის რუსეთის გავლენისკენ მიემართება, სანქციების გვერდის ავლისა და უკანონო კაპიტალის შემოდინების ადგილად იქცევა, ხოლო მის დემოკრატიას სისტემატურად ახშობენ. დროა, განცხადებებს თავი დავანებოთ. მოვითხოვ პირად სანქციებს ივანიშვილის ოჯახის წევრებისა და მისი პოლიტიკური და ბიზნესგარემოცვის წინააღმდეგ. ასევე, მათი აქტივების გაყინვასა და ევროკავშირში შესვლის აკრძალვას. არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში რუსეთის ინტერესებმა გაიმარჯვოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და ქვეყნის ევროპული მომავლის ხარჯზე“.
ავსტრიელმა ევროპარლამენტარმა, „განაახლე ევროპის“ წევრმა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია უნდა მიიღოს, რითაც ქართველ ხალხს მხარდაჭერას დაუდასტურებს. მისი თქმით, ბურჭულაძის დაკავების მიზეზი თავისუფლებისა და დემოკრატიის მოთხოვნაა.
„პაატა ბურჭულაძის შესანიშნავი ბანის ხმა ვენის, კოვენტ გარდენისა და ლა სკალას საოპერო სცენებზე ჟღერდა. თუმცა საქართველოს ოლიგარქებს მისი ხმის ეშინიათ. რატომ? იმიტომ, რომ მან თავისუფლება და დემოკრატია მოითხოვა. პაატა ბურჭულაძე 71 წლისაა და სხვათა შორის, ავსტრიის მოქალაქეც არის. ქართველი ხალხი, ახალგაზრდები და ხანდაზმულები, ქუჩებში გამოდის. მათ საქართველოსა და ევროპის დროშები უჭირავთ და „სიხარულის ოდასაც“ მღერიან. ეს ამ ერის გამბედაობის გამორჩეული გამოვლინებაა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მარიონეტული რეჟიმები ადრე თუ გვიან მარცხდებიან. ეს ვნახეთ უნგრეთში, სერბეთსა და სირიაში, სადაც მოსკოვის მოკავშირეები ერთმანეთის მიყოლებით დაემხნენ. ამიტომ მივიღოთ ეს რეზოლუცია. მოვითხოვოთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ვაჩვენოთ, რომ ეს პარლამენტი საქართველოს ხალხის გვერდით დგას“, – თქვა ჰელმუტ ბრანდშტეტერმა.
პოლონელმა ევროპარლამენტარმა მიხალ შჩერბამ, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრია, საქართველოს ხელისუფლება ირანთან დაკავშირებული ორგანიზაციების მიმართ განსხვავებული მიდგომის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, პროევროპული პოზიციის გამოხატვის გამო საქართველოში მოქალაქეებს აპატიმრებენ, მაშინ როცა ირანის რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებული ორგანიზაციები თავისუფლად საქმიანობენ. მან გააფრთხილა ევროპარლამენტი, რომ საქართველო მოსკოვისა და თეირანისკენ მიემართება.
„დღეს საქართველოში პროევროპული პოზიციის გამოხატვის გამო შეიძლება ციხეში აღმოჩნდე. ამის საპირისპიროდ, როგორც ჩანს, ირანის რეჟიმთან კავშირი ამჟამად პრობლემას არ წარმოადგენს. მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ციხეშია. რა არის მისი დანაშაული? საქართველოში ევროპის მხარდაჭერა. ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყნიდან აძევებენ, მაშინ როდესაც ირანის რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებული ორგანიზაციები თავისუფლად საქმიანობენ. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ე.წ. გამჭვირვალობის კანონები პრაქტიკაში ირანულ ფულზე არ ვრცელდება. საქართველოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სასწავლო პროგრამების 97%-ს კარგავს, ამ დროს კი ირანის „ალ-მუსტაფას“ უნივერსიტეტი, რომელსაც აშშ-ისა და კანადის სანქციები აქვს დაწესებული, საქართველოში თავისუფლად ფუნქციონირებს და კამპუსებს მართავს. საქართველო მოსკოვისა და თეირანისკენ მიემართება. ეს ქართველი ხალხისთვის კატასტროფაა, რუსეთის გამარჯვება და ევროკავშირის გეოპოლიტიკური მარცხი. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, – თქვა შცერბამ.
ესპანელმა ევროპარლამენტარმა, „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების მიმართ უფრო მკაცრი პოლიტიკა გაცილებით ადრე უნდა გაეტარებინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ერთადერთი შედეგიანი ინსტრუმენტი სანქციებია. მან მოითხოვა საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების პაკეტის მომზადება, თუნდაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხზე ერთსულოვნება ვერ მიიღწეს.
„როგორ უნდა მოვიქცეთ ისეთი შემთხვევების დროს, როგორიც საქართველოა? რეაგირება უფრო ადრე უნდა მოვახდინოთ. ჩვენ გამაფრთხილებელი ნიშნები გაცილებით ადრე დავინახეთ. საჭირო იყო რთული გადაწყვეტილებების მიღება. ამის ნაცვლად, ჩვენ საჩუქრები გავეცით, რამდენიმე თვის შემდეგ კი აშკარა ავტორიტარული და პრორუსული უკუსვლა ვიხილეთ. ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც შედეგს გამოიღებს, სანქციებია. თუმცა, როგორც ჩანს, სანქციები მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც საქმე რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. მაგრამ რა ხდება დემოკრატიის შემთხვევაში? საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების პაკეტი უნდა შევიმუშაოთ, მაშინაც კი, თუ ამ საკითხზე ერთსულოვნების მიღწევას ვერ შევძლებთ. ამასთან, საჯაროდ უნდა დავასახელოთ ის მთავრობები, რომლებიც ამ ინიციატივის მხარდაჭერაზე უარს იტყვიან“.
ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ევროსკეპტიკური პარტია „პატრიოტები ევროპისთვის“ წევრმა ტიერი მარიანიმ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. მისი განცხადებით, 2025 წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლება არალეგიტიმურად გამოაცხადეს, პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისკენ უბიძგეს მოქალაქეებს. მარიანიმ ეს ქმედებები კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობად შეაფასა და საქართველოს სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებები გაამართლა.
„2025 წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ ის დემოკრატიულად არის არჩეული. მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და შეკრებილ მოქალაქეებს პრეზიდენტის სასახლის შენობაში შეჭრისკენ უბიძგეს. ეს ამბოხისკენ მოწოდებები კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა იყო, რასაც საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს შორის მრავალი მძიმედ დაშავებული მოჰყვა. საქართველოს დამოუკიდებელმა და სუვერენულმა მართლმსაჯულებამ შეაფასა ის, რაც ქვეყნის ფუნდამენტურ ინტერესებზე თავდასხმად მიიჩნია. დაახლოებით ისე, როგორც რუსეთმა დედაქალაქში მომხდარი არეულობისას ათასობით მონაწილესთან დაკავშირებით იმოქმედა, თუმცა ევროპას ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ჩვენ გვყავს სანქცირებული ევროპელი ჟურნალისტები. ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოუწიათ და რომელთა სიცოცხლეც ამ სანქციების შედეგად დაიკარგა. დროა, აქ ევროპული კანონმდებლობის გამოყენება დავიწყოთ“.
სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ ტრიბუნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჰენა ვირკუნენმა დაიკავა. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პაატა ბურჭულაძის საქმეს. მან საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფის, თვითნებურად დაკავებულთა გათავისუფლებისა და ანტიდემოკრატიული ზომების გაუქმებისკენ მოუწოდა. ვირკუნენის თქმით, თუ ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე წინსვლა შეუძლებელი იქნება.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და დაკავებებს. 2024 წლიდან საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2026 წლის გაფართოების ანგარიშში აღნიშნულია დემოკრატიული ინსტიტუტების მზარდი ეროზია, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გაძლიერება, სამოქალაქო სივრცის კიდევ უფრო შევიწროება, ასევე ევროკავშირის მიმართ მტრული რიტორიკა და დეზინფორმაცია. ამ კონტექსტში ჩვენ ასევე ვაკვირდებით პაატა ბურჭულაძის საქმეს. ვინაიდან მისი სააპელაციო საჩივარი განიხილება, მოვუწოდებთ საქართველოს, უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლო განხილვა, სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაცვა და პატიმრობის შესაბამისი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს გულისხმობს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების, ისე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას. ევროკავშირი კვლავ ერთგულია ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ქმედებები არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რომლებიც ევროკავშირს კანდიდატი ქვეყნისგან აქვს. სამწუხაროდ, ბოლო წლების მოვლენები საქართველოს ევროკავშირის გზას აშორებს. დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, ევროკავშირმა ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები შეამცირა და შეაჩერა იმ დახმარების გაწევა, რომელიც უშუალოდ ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიმართული. 2026 წლის მარტში კომისიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. ამავდროულად, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ყველას, ვინც დემოკრატიული ღირებულებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვაზე მუშაობს. გაფართოება არის და კვლავაც იქნება პროცესი, რომელიც სრულად არის დამოკიდებული თითოეული პარტნიორი ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზე. ამ პროცესის ამოსავალი წერტილი ევროკავშირში გაწევრიანების ფუნდამენტური კრიტერიუმების შესრულება და მათთან შესაბამისობაში პროგრესის მიღწევაა. თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის, გაწევრების გზაზე წინსვლა შეუძლებელი იქნება. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ანტიდემოკრატიული ზომები, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი და ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარესთან შინაარსიანი დიალოგი დაიწყოს. ევროკავშირი საქართველოს ხალხისა და მისი ევროპული მომავლის გვერდით დგას. ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა, თუკი საქართველო კურსს შეცვლის და ევროკავშირის ღირებულებებსა და ნორმებს დაუბრუნდება“, – თქვა ჰენა ვირკუნენმა.
ასევე იხილეთ „გათავისუფლდეს პაატა ბურჭულაძე, დაწესდეს სანქციები“ — ევროპარლამენტში რეზოლუციას განიხილავენ 25 ნოემბერი, 2026

ასევე იხილეთ ევროპარლამენტმა 445 ხმით მიიღო რეზოლუცია პარტიების აკრძალვის მცდელობაზე 08 ოქტომბერი, 2026

