UEFA „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე ქომაგებისა და პოლიციის დაპირისპირებას გამოეხმაურა
UEFA-ს ინფორმაციით, ბათუმში პოლიციასა და თურქ გულშემატკივარს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია „ბეშიქთაშის“ ქომაგთა სექტორში თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული დაპირისპირების გასანეიტრალებლად ჩაერია.
ასოციაციის განცხადებით, მატჩის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი ორგანოები იყვნენ.
„ის ფაქტი, რომ UEFA-ს ევროპა ლიგის მატჩი „ბეშიქთაშსა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის სტამბოლში, „ბეშიქთაშის“ საშინაო სტადიონზე აღარ გაიმართებოდა, UEFA-ს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ აცნობა — თურქეთის შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციებისა და მითითებების საფუძველზე. იმავე შეტყობინებაში დაზუსტებული იყო, რომ ახალ, შეთანხმებულ ადგილად საქართველოში, ბათუმის სტადიონი შეირჩა. როგორც სეზონის ყველა სხვა მატჩის შემთხვევაში, გამონაკლისი არც დღევანდელი საღამო ყოფილა: UEFA არ წარმოადგენდა მატჩის ორგანიზატორს და, შესაბამისად, არ იყო პასუხისმგებელი სტადიონზე უსაფრთხოების საკითხებზე და არც მათზე კონტროლს ახორციელებდა. სტადიონზე განხორციელებული ყველა ჩარევა გადაწყდა და შესრულდა კომპეტენტური ადგილობრივი ორგანოების მიერ, მათი უფლებამოსილებისა და იურისდიქციის ფარგლებში. ზოგიერთ მედიასაშუალებაში ამჟამად გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, UEFA-ს ხელთ არსებული მონაცემებით, ესკალაცია ადგილობრივ პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის — რამაც მატჩის დროებითი შეჩერება გამოიწვია — მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივი პოლიცია „ბეშიქთაშის“ ქომაგთა სექტორში თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული დაპირისპირების გასანეიტრალებლად ჩაერია“, – აცხადებს UEFA.
ასევე იხილეთ ბათუმში,„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს სტადიონზე დაპირისპირება იყო 27 ნოემბერი, 2026

