
ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოკიდებულება მათ შორის მტერთან, ოკუპანტთან - ლაშა ფარულავა
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე და შეცვლილ მიდგომებზე პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. "ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ რატომ დუმს უკვე მეორე კვირაა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ყველა სხვა თემაზე სოციალურ ქსელში აქტიურობს და რატომ არ სცემს საზოგადოებას კითხვებზე პასუხს - რატომ ხვდებოდა აგვისტოს ომის შემდეგ საზღვარზე რუს ტურისტებს, რატომ თანამშრომლობდა ოკუპანტ ქვეყანასთან და რატომ დადიოდნენ მისი მხარდამჭერი ხელოვანები რუსეთში კონცერტების ჩასატარებლად.
განსხვავებულია სააკაშვილის თანაგუნდელების პოზიცია - "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის საკითხი ყოველთვის პრინციპული იყო.
"ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული საკითხი იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, დამოკიდებულება მათ შორის მტერთან, ოკუპანტთან. ცეკვა-თამაშით, რა თქმა უნდა, ის პრობლემები არ მოგვარდება, რომელიც რუსეთთან არსებობს.
დღეს, აქ, ამ წუთას, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ პატივი მივაგოთ გმირებს", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge