
17 წლამდე პატიმრობა ემუქრება მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა
საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და ფიზიკურად ძალადობდა მათზე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ", "გ", "ე" ქვეპუნქტით (ორი არასრულწლოვანის მიმართ, იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი ვაჭრობა-ტრეფიკინგი, არასრულწლოვანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge