
მინდა, მამუკა მდინარაძეს, წლების განმავლობაში პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის, ბიუროს სახელითაც გადავუხადო მადლობა - მთავრობაშიც მნიშვნელოვანი იყო მისი წვლილი - შალვა პაპუაშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება, ცალკე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კი აღარ შეიქმნება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მთავრობა ახალი პოსტის შექმნის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტიდან გაიწვევს და, მის ნაცვლად, ახალ ცვლილებებს წარადგენს, რომელსაც პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში განიხილავს.
"დაგეგმილია, რომ, როგორც თავდაპირველად იყო გაცხადებული, გაუქმდეს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის ფუნქციის მქონე სახელმწიფო მინისტრის პოზიცია, არ შეიქმნას რეგიონული მიმართულებით კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია და იგეგმება, რომ გაერთიანდეს, რამდენადაც ვიცი, რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. მომავალ სასესიო კვირისთვის მთავრობას უკვე ექნება ამის საკანონმდებლო პაკეტი და წარმოდგენა.
მინდა, ამ შემთხვევით ვისარგებლო, ვინაიდან ეს ცვლილებებიც, მათ შორის, განპირობებული იყო იმ ფუნქციისთვის, რომელიც მამუკა მდინარაძეს უნდა ეკისრა მთავრობაში და ჩვენ მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ. 2016 წლიდან პარლამენტის წევრი, ბიუროს წევრი, ფრაქციისა და უმრავლესობის ლიდერი... რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება დასანანია, მაგრამ მინდა, მადლობა გადავუხადო მას კიდევ ერთხელ ბიუროს სახელითაც, წლების განმავლობაში პარლამენტში გაწეული საქმიანობისთვის და შემდეგ, მთავრობაშიც მნიშვნელოვანი იყო მისი წვლილი. მინდა, ვუსურვო წარმატება იმ გეგმებში, რომელიც დასახული აქვს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge