
ევროპას ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს, ევროპა საშველი არის თავად ბრიუსელისგან - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპაში მიმდინარე მასშტაბურ არეულობებსა და ანტისამთავრობო აქციებს ეხმაურება.
პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებენ და ბრიუსელის დიქტატი მათ საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ აიძულებს მოქმედებას, იქნება ეს მიგრაცია თუ ეკონომიკური პოლიტიკა.
"უპირველეს ყოვლისა, ეს არის შედეგი იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები არ მოქმედებენ საკუთარი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ბრიუსელის დიქტატი დღეს მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც იმ მხრივ, რომ აიძულებს მათ საკუთარი ინტერესის წინააღმდეგ იმოქმედონ. იქნება ეს მიგრაციის პოლიტიკა, ეკონომიკის მიმართულებით პოლიტიკა და ა.შ. ყველა ამ პოლიტიკის შედეგია, საბოლოო ჯამში, ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება.
საბოლოო ჯამში, მიიღეს უკმაყოფილო საზოგადოება, რომელიც კვლევებშიც ადასტურებს, რომ მისი ნდობა ხელისუფლების მიმართ არის ძალიან დაბალი - 10%-ის გარშემო არის გერმანიის ხელისუფლების მიმართ, საფრანგეთის ხელისუფლების მიმართ და ყველა ამ წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ მოსახლეობის ნდობა. შემდეგ ეს უნდობლობა გამოისახა აი ამ ძალადობაში, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში.
როდესაც ვხედავთ პარიზში როგორ წვავენ ისტორიულ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, როგორ არის ძალადობა პარიზის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში, ვხედავთ, რას ნიშნავს ევროპის ცივილიზაციური უფსკრული.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას. ჩვენი ამოცანა ესეც არის, ამიტომ ვართ ჩვენ კრიტიკულები ბრიუსელის და ევროკავშირის მიმართ, რომ გადავარჩინოთ ევროპა, რომ შევინარჩუნოთ ის ცივილიზაცია, რომლის თანაშემოქმედიც ჩვენ ვართ და ვხედავთ, თუ საით მიაქანებს ევროკავშირი დღეს ევროპას.
ამიტომ, დღეს ევროპა საშველი არის თავად ბრიუსელისგან, ევროკავშირის მესვეურებისგან იმისთვის, რომ საბოლოოდ არ გადაიჩეხოს ევროპა ცივილიზაციურ უფსკრულში," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge