ზურაბაშვილი: რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირებას გეგმავს
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა პირველად ისაუბრა 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან გამართულ შეხვედრაზე.
ზურაბაშვილის თქმით, გალუზინმა ქართული კომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ბრალდება, თითქოს ეს კომპანიები ომში უკრაინულ მხარეს აფინანსებენ.
„იყო ნათქვამი, რომ ეს კომპანიები თითქოსდა აფინანსებენ უკრაინის ომს, ანუ უკრაინელების სასარგებლოდ ომს“, - თქვა ზურაბაშვილმა „იმედი ლაივის“ ეთერში. მისი თქმით, გალუზინმა კიდევ ორი მიზეზი დაასახელა - ქართული ღვინის ხარისხი და კომპანიების „ანტირუსული ნარატივი“.
ზურაბაშვილის თქმით, ქართული მხარისთვის მთავარი საკითხი ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნება იყო. ის ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ელოდა, გალუზინმა კი უთხრა, რომ რუსეთი ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს.
„რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით“, - თქვა ზურაბაშვილმა. მისი თქმით, გალუზინს განუმარტა, რომ ქართული ღვინის ხარისხს საერთაშორისო სერტიფიკატები ადასტურებს. ზურაბაშვილმა უარყო უკრაინული მხარის დაფინანსებისა და „ანტირუსული ნარატივის“ შესახებ ბრალდებებიც და თქვა, რომ გალუზინს მათ დასადასტურებლად არცერთი ფაქტი არ მოუყვანია.
ზურაბაშვილმა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეცაა, თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მთავარი უთანხმოება საქართველოს სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებსა და დეოკუპაციას უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ამ საკითხებზე დიალოგია საჭირო.
ზურაბაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია მოლაპარაკებების მოსკოვსა და თბილისში გაგრძელების შესაძლებლობაზე. ამის შესახებ 25 ნოემბერს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ რიჟენკოვმა ისაუბრა.
„თითქოს უვნებელი“ ინიციატივები
ზურაბაშვილის თქმით, მინსკში რუსეთის მხარემ ათამდე საკითხი წამოჭრა. მათი უმრავლესობა ჰუმანიტარულ სფეროს ეხებოდა. ერთ-ერთი წინადადება დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილება იყო.
„თითქოსდა ნამდვილად უვნებელი საკითხია, მაგრამ თუ დააკვირდებით და გააანალიზებთ, ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული“, - თქვა ზურაბაშვილმა.
მისი შეფასებით, როგორც ჰუმანიტარული ინიციატივები, ისე ქართული ღვინის მწარმოებლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები საქართველოს ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება.
მოსკოვის სანქციები
ოქტომბერში რუსეთმა შვიდი ქართული მწარმოებლის პროდუქციის იმპორტი შეზღუდა. მათგან ოთხი ღვინის მწარმოებელია - „თელიანი ველი“, „თბილღვინო“, „ვაინმენი“ და „ასკანელი ძმები“. „ასკანელი ძმების“ შემთხვევაში აკრძალვა კონიაკსაც შეეხო. სიაში ასევე მოხვდა „ქართული ლუდის კომპანიის“ ლუდი, საქართველოში წარმოებული „კოკა-კოლა“ და მინერალური წყალი „ნაბეღლავი“. რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მიზეზად ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობა დაასახელა.
პრორუსული პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია ჯერ კიდევ ივნისში ეუბნებოდა რადიო თავისუფლებას, რომ ნანახი ჰქონდა ქართული კომპანიების სია და მათ შესაძლოა „რუსოფობიური და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში“ დასდონ ბრალი. 10 ოქტომბერს ფიფიამ დაწერა, რომ აკრძალვა „მხოლოდ პირველი ტალღაა“ და შეზღუდვები ეტაპობრივად 40-ზე მეტ კომპანიას შეეხება.
27 ოქტომბერს ფიფიამ დაასახელა ღვინის კიდევ ორი მწარმოებელი - „ვინივერია“ და „შატო მუხრანი“. მისი თქმით, რუსეთი მათი პროდუქციის იმპორტსაც შეზღუდავდა. იმ დროისთვის ამ ორი კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მინსკის ფორმატი
გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გაიმართა. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ერთმანეთს ძირითადად პრაღაში ხვდებოდნენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში თქვა, რომ ქართულ მხარეს მინსკში შეხვედრის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა და მისთვის მთავარი დიალოგის დროულად დაწყება იყო. მინისტრის თქმით, შეხვედრას „არაფერი აქვს საერთო“ არც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ნაწილობრივ აღდგენასთან და არც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩანაცვლებასთან.
22 ნოემბერს გალუზინმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო ТАСС-ს უთხრა, რომ პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება. მისი თქმით, მინსკში მხარეები, თბილისის ინიციატივით, საავტომობილო გადაზიდვებისთვის დამატებითი ნებართვების გაცემაზე შეთანხმდნენ. გალუზინმა ისიც თქვა, რომ ქართულ მხარეს გააცნო მოსკოვის ნაბიჯები რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების გასაზრდელად. ოქტომბერში დაწესებული შეზღუდვები მას ამ კომენტარში არ უხსენებია.
„საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებამ“ შეხვედრის ადგილად მინსკის შერჩევა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების ნიშნად შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, რუსეთის მოკავშირე ქვეყნის დედაქალაქში საერთაშორისო შუამავლების გარეშე მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური არჩევანია. დიპლომატები მიიჩნევენ, რომ მოქმედი მინისტრის მოადგილის დანიშვნა სპეციალურ წარმომადგენლად და მის მანდატში კონფლიქტის მოგვარების საკითხის შეტანა საფრთხეს უქმნის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.
