ორიგინალი
თბილისის საშიში ლიფტები - გავარკვიეთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა
რადიო თავისუფლება·21:27

თბილისის საშიში ლიფტები - გავარკვიეთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

26 ნოემბერი, 2026 · 21:27

სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე მდგარ 16-სართულიან კორპუსს ორი ლიფტი ემსახურებოდა. ორი თვის წინ, 29 ოქტომბერს ერთ-ერთი ჩაწყდა. ამ დროს ლიფტში 6 ადამიანი იყო, მათ შორის ბავშვებიც. ყველა ცოცხალი გადარჩა, მხოლოდ ერთმა, ახალგაზრდა კაცმა მოიტეხა ფეხი.

ის დღემდე მკურნალობს და, პარალელურად, სასამართლო დავისთვის ემზადება. ადვოკატი აიყვანა და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნასაც აპირებს.

ექსპერტიზის პირველადმა დასკვნამ ძრავას პრობლემა გამოავლინა. გამოძიება დღემდე გრძელდება. პოლიციამ ორივე ლიფტი დალუქა... საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ისევ ფრიალებს ყვითელი ლენტი.

დალუქული ლიფტები გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში
დალუქული ლიფტები გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში

„მას შემდეგ, რაც პირველი ლიფტი ჩაწყდა, ექსპერტებმა ორივეს უსაფრთხოება შეისწავლეს, კრიტიკული შეუსაბამობები გამოიკვეთა... გადარჩენილები ვართ“, - გვეუბნება ქალი, რომელიც პარკებით ხელში, მიუყვება სადარბაზოს კიბეს.

კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის, თინათინ ფცქიალაძის ნომერს გვაძლევს - „გთხოვთ, დაურეკეთ - გაარკვიეთ, როდის ჩართავენ ლიფტებს...“

ეს კორპუსი 16-სართულიანია. სამეზობლომ არ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ფეხით სიარული. შედარებით სწრაფად გარემონტდება ის ლიფტი, რომელიც არ ჩამწყდარა.
ეს კორპუსი 16-სართულიანია. სამეზობლომ არ იცის, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ფეხით სიარული. შედარებით სწრაფად გარემონტდება ის ლიფტი, რომელიც არ ჩამწყდარა.

„იმ ლიფტის გარემონტებას ვიწყებთ, რომელიც არ ჩამოვარდნილა, ველოდებით, რომ მოგვაწოდებენ გასაღებს, ნაწილები უკვე შეძენილია“, - გვპასუხობს კორპუსის თავმჯდომარე, თინათინ ფცქიალაძე.

ის გამგეობამ კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარედ ლიფტის ჩავარდნამდე ოთხი დღით ადრე დაარეგისტრირა. ლიფტების შემოწმება დაგეგმილი ჰქონდა, თუმცა ექსპერტიზას უბედურმა შემთხვევამ დაასწრო.

„ვაჩქარებდი პროცესებს, რა თქმა უნდა, მაგრამ... მე რომ დამენახა, 0.01 % ლიფტს პრობლემა ჰქონდა, გავაჩერებდი. მე ხომ სპეციალისტი არ ვარ, ხმა არ ჰქონია, არაფერი არ ჰქონია, არ ვიცი, რა უნდა გამეკეთებინა...“ - ამბობს ის.

ყველაზე ბოლოს ლიფტის შემოწმების ზუსტი თარიღი, ვერ გავარკვიეთ.

„პერიოდულად მოწმდებოდა ხოლმე, ყველა თარიღი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მთავარია, რომ შემოწმების შემდეგ ხარვეზები მოგვარდეს, თუ არ გარემონტდა, რა აზრი აქვს? ამისთვის კი ამხანაგობის დარეგისტრირება და თავმჯდომარის არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის გარეშე რთულია მობილიზება, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით“, - ამბობს თავმჯდომარე.

კანონით, აკრძალულია იმ ლიფტის ჩართვა, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ამის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო. ლიფტის უსაფრთხოების დადასტურება სავალდებულო პირობაა იმისთვისაც, რომ მერიამ კორპუსი ჩაიბაროს.

კორპუსი გურამიშვილის ქუჩაზე, რომლის ლიფტიც ჩაწყდა, წლების ჩაბარებულია.

კანონი ლიფტს, ფორმალური ენით - კომპლექსური მექანიზმის სატრანსპორტო საშუალებას - მაღალი საფრთხის მქონე კატეგორიაში ახვედრებს და მის მუშაობას ცალსახად სახელმწიფო რეგულაციას უქვემდებარებს. ამ რეგულაციების ამოცანაა - ავარიების აცილება, გამართული მუშაობა და გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლების მკაფიო განსაზღვრა.

ეს ფოტო ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადავიღეთ. ლიფტს წებოვანი ლენტა აქვს გადაკრული იმის საჩვენებლად, რომ არ მუშაობს.
ეს ფოტო ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადავიღეთ. ლიფტს წებოვანი ლენტა აქვს გადაკრული იმის საჩვენებლად, რომ არ მუშაობს.

ბოლო ექვს წელში ავარიული ლიფტების დაზიანების გამო, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ეს არც ზუსტი სტატისტიკაა და არც ოფიციალური - ის მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ლიფტების უსაფრთხოებაზე?

ლიფტის გამართული მუშაობაზე პასუხისმგებლობას რამდენიმე რგოლი ერთდროულად იზიარებს. ყველას მათგანს თავისი როლი და ვალდებულება აქვს.

მწარმოებელი / მემონტაჟე კომპანია:

პასუხისმგებელია ლიფტის სწორად დაპროექტებაზე, დამზადებასა და დამონტაჟებაზე;ვალდებულია დაიცვას მოთხოვნები, რომლებსაც „ლიფტების უსაფრთხოებაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს.

ლიფტის მფლობელი:

ლიფტის მოვლა-პატრონობა საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეების ვალია. მათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა წარმოადგენს, რომელსაც თავმჯდომარე ჰყავს. ლიფტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ სწორედ ამხანაგობაა პასუხისმგებელი მის ყოველდღიურ უსაფრთხო მუშაობაზე.

ლიფტის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციაზე;

რეგისტრაციის შემოწმება შესაძლებელია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს პორტალზე, ხოლო ადრე რეგისტრირებული ლიფტების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და განცხადების საფუძველზე გაიცემა.

კვალიფიციური კომპანიის დაქირავებაზე, რომელიც ლიფტს შეაკეთებს;პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების 3 წელიწადში ერთხელ ჩატარებაზე.

კორპუსის თავმჯდომარემ თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოაკრას ლიფტის გამოყენების ინსტრუქციები; საავარიო ვითარებაში მოქმედების გეგმა და სპეციალისტის საკონტაქტო ინფორმაცია.

ინსპექტირების ორგანო:

ლიფტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას აკრედიტებული, დამოუკიდებელი ინსპექტირების ორგანოები ამოწმებენ. მათი დაქირავება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პასუხისმგებლობაა.

ეს კომპანიები ადგენენ ინსპექტირების ანგარიშს, აფიქსირებენ შეუსაბამობებს, ხარვეზების მოგვარების შემდეგ კი სერტიფიკატს გასცემენ.

სახელმწიფო სტრუქტურა:

ლიფტების უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს პასუხისმგებლობაა. ეს უწყება ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება და რამდენიმე ფუნქციას ითავსებს.

მათ შორის უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებაცაა.

რა ტიპის ლიფტი ითვლება მომეტებული საფრთხის შემცველად;რა უსაფრთხოების მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ახალმა ლიფტმა;როგორ უნდა იმუშაოს ლიფტმა;რამდენ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს შემოწმება;რა ითვლება არაარსებით, არსებით ან კრიტიკულ შეუსაბამობად.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია:

აწარმოოს მომეტებული საფრთხის მქონე ლიფტების უწყებრივი რეესტრი.ჩაატაროს რისკზე დაფუძნებული ინსპექტირება;გააკონტროლოს დამოუკიდებელი ინსპექტირების ორგანოების ინსპექტირების შედეგები;

მას შეუძლია დააჯარიმოს კორპუსის ამხანაგობები იმ შემთხვევაში, თუ ისინი წესს არღვევენ და მაგალითად, სამ წელში ერთხელ ლიფტებს ექსპერტიზას არ უტარებენ. ჯარიმა 500-დან 1 000 ლარამდეა.

„დაჯარიმდა კორპუსი, უკვე გადავიხადეთ, 500 ლარით პირველ ეტაპზე, ორი თვე მოგვცეს გამოსასწორებლად...“ - ამბობს ქალბატონი თინათინ ფცქიალაძე, გურამიშვილის 16-სართულიანი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე.

ლიფტის ჭერი პენიკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში
ლიფტის ჭერი პენიკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში

ჯარიმის ქვითარი კი გამოწერილია, თუმცა გვაინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა ავარიის თავიდან აცილება და ნანახი ჰქონდა თუ არა ლიფტი ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკურ და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოებს?

„ეკონომიკის სამინისტროდან არავინ მოსულა“, - ამბობს თავმჯდომარე.

რადიო თავისუფლება უწყებას დაუკავშირდა, მათ კითხვების ოფიციალურად გაგზავნა მოითხოვეს. ასეთი ტიპის მიმართვაზე პასუხისთვის უწყებას 10 სამუშაო დღე აქვს.

ჩვენ ვეძებთ პასუხს კითხვაზე, რამდენი ლიფტია რეგისტრირებული საქართველოში და მათგან, რამდენი არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მოთხოვნებს. პასუხის მიღებისთანავე სტატია განახლდება.

ვაჟა-ფშაველას 35 ნომერში, ერთ-ერთ 8-სართულიან კორპუსს ძველი, პატარა ლიფტი ემსახურება. მგზავრობა, ხმაურითა და ბიძგებით, 10 თეთრი ღირს.

„არასდროს გამოცვლილა. რამდენჯერაც ვისარგებლე, ყველა შემთხვევაში ვფიქრობდი, რომ სადაცაა ჩაწყდება... მე, ჩემი მეუღლე და შვილი გავიჭედეთ ისე, რომ ვერ ვახერხებდით გამოსვლას… მხოლოდ ვინმე თუ გამოიძახებს გარედან ამ შემთხვევაში დაიძვრება. დახურული სივრცის საშინელი შიში მაქვს და ამ ჩაკეტვამ უფრო გამირთულა. მას მერე აღარ შევსულვარ, როგორ ძალიანაც არ უნდა დამჭირვებოდა“, - ამბობს მარიამ სიჭინავა.

ძველი სამგზავრო ლიფტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში
ძველი სამგზავრო ლიფტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში

დიანა გოგიჩაიშვილი დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ცხოვრობს. წლების განმავლობაში მისი კორპუსის ორი ლიფტიდან მხოლოდ ერთი მუშაობდა. ბოლოს თბილისის მერიის ლიფტების განახლების პროექტის დახმარებით მეორე აამუშავეს, თუმცა ტექნიკური ხარვეზი მაინც აქვს.

„უკვე რამდენიმე თვეა, უშედეგოდ ვთხოვთ ახალი ლიფტის ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას იმ კომპანიას, რომელიც გვემსახურება. ლიფტს არ გააჩნია არანაირი სენსორი, კარი გაღებიდან რამდენიმე წამში იკეტება, მიუხედავად იმისა მოასწრო ადამიანმა შესვლა თუ არა, დაკეტვის შემდეგ წამებში ქრება შუქი. ბავშვის ეტლით შესვლას ვერ ვასწრებთ, ასევე ვერც მოხუცები ასწრებენ, თანაც ორმაგი კარია და საკმაოდ მძიმე და ერთი საბავშვო ეტლი უკვე გამიფუჭა“, - ამბობს დიანა.

ლიფტების განახლების პროექტით ისარგებლა დიმიტრი მჭედლიშვილმაც. მეზობლებმა ჯერ საბუთები შეაგროვეს, შემდეგ რიგში ჩადგნენ და ძველი ლიფტი ახლით ჩაანაცვლეს.

ასე გამოიყურება ახალი ლიფტი ბახტრიონის ქუჩაზე, სადაც დიმიტრი მჭედლიშვილი ცხოვრობს
ასე გამოიყურება ახალი ლიფტი ბახტრიონის ქუჩაზე, სადაც დიმიტრი მჭედლიშვილი ცხოვრობს

„რიგებია კი, დაზიანების ხარისხის მიხედვით ანაწილებენ პრიორიტეტებს. ჩვენ რა თანხაც ავაგროვეთ, ჩვენივე ანგარიშზე დარჩა (ამხანაგობის), ლიფტი კი სრულად დააფინანსა გამგეობამ. ასეთი წესი აქვთ/ჰქონდათ, მოსახლეობა ფულს დებს, მაგრამ ის ინახება ანგარიშზე და გამოყენება შეიძლება საერთო საქმისთვის“, - ამბობს მჭედლიშვილი.

ლიფტების ჩანაცვლების პროგრამა

ბევრმა არ იცის, რომ გამგეობები ამხანაგობებს ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაში ეხმარებიან. ეს პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ნაწილია.

„ოთხ წელიწადში დედაქალაქში ყველა ამორტიზებული ლიფტის განახლება უნდა დასრულდეს“, - ეს დაპირება გასცა 2026 წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კორპუსი, რომელიც ჩაბარებული არაა, ამ პროგრამით ვერ სარგებლობს, იმიტომ, რომ გამგეობაში განცხადებას კორპუსის თავმჯდომარე წერს. თავმჯდომარე კი მხოლოდ ჩაბარებულ კორპუსს შეიძლება ჰყავდეს.

განცხადების დაწერის შემდეგ, კორპუსი სხვების მსგავსად რიგში დგება. სავალდებულოა განცხადებას ექსპერტიზის დასკვნა ერთოდეს. მისი ჩატარების ხარჯები მოსახლეობამ უნდა გაიღოს.

„რამდენიმე აკრედიტებული კომპანია არსებობს, რომლებიც ამოწმებენ ლიფტების ტექნიკურ მდგომარეობას, მივმართე ერთ-ერთს, დაახლოებით 500 ლარამდე დაჯდა სრული შემოწმება. მოგვცეს დასკვნა, რომლის თანახმადაც, კრიტიკული ტექნიკური პრობლემები აღმოაჩნდა ლიფტს. დასკვნა წარვადგინეთ გამგეობაში“, - ჰყვება დიმიტრი მჭედლიშვილი.

2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, ლიფტების ჩანაცვლების პროგრამაზე 32 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. 2026 წელს რეაბილიტაცია 559 ლიფტს ჩაუტარეს. წლის ბოლომდე დამატებით 143 ლიფტის რეაბილიტაცია იგეგმება.

გამგეობებში კი ჯამში, 1 200-მდე განცხადებაა შესული. ეს რიცხვი ნებისმიერ დროს შეიძლება გაიზარდოს.

თბილისის მერიის ბიუჯეტის შესწავლით დავადგინეთ, რომ ერთი ლიფტის მინიმალური ღირებულება 45 000 ლარია.

ღირებულების 90 %-ს მუნიციპალიტეტი ფარავს, 10 %-ს მოსახლეობა აგროვებს. ეს 10 %-იც ლიფტის დამონტაჟების შემდეგ მოსახლეობას უბრუნდება.

„ფაქტობრივად, 100%-იანი დაფინანსება ხდება, ის 10 % იმიტომ იკრიბება, რომ სხვა საჭიროებებს მოახმარონ და კორპუსს დაახარჯონ, სადარბაზო იქნება თუ ეზო, ესაა პრინციპი“, - აცხადებენ მერიაში.

გურამიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ მათ ფინანსურ ტვირთს ნაძალადევის გამგეობა შეამსუბუქებს, ჩაწყვეტილი ლიფტის ახლით შეცვლა ამ 16-სართულიანი კორპუსის თითოეულ ოჯახს დაახლოებით 710 ლარი დაუჯდება.

ნაძალადევის გამგეობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 2026 წლის ბიუჯეტში მათთვის სახსრები ვერ გამოინახა.

„13 ნოემბერს ამხანაგობის თავმჯდომარემ ნაძალადევის რაიონის გამგეობაში შემოიტანა განცხადება… თუმცა საბიუჯეტო სახსრების ამოწურვის გამო 2026 წელს ვერ მოხერხდა აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილება“, - განუცხადეს რადიო თავისუფლებას გამგეობაში.

მათი რეკომენდაციაა, კორპუსის თავმჯდომარემ განცხადება მომდევნო წელსაც შეიტანოს.

გამოდის, რომ ლიფტის უსაფრთხოება ერთდროულად რამდენიმე სტრუქტურის გამართული მუშაობის გარდა, ბინათმესაკუთრეთა ფინანსურ შესაძლებლობებზეცაა დამოკიდებული - ანუ იმაზე, თუ რამდენის გადახდა შეუძლიათ საკუთარი ჯიბიდან.

რა შეიძლება დაგიჯდეს ერთი ლიფტის შეკეთება?

თბილისის ბაზარზე გამოქვეყნებული ფასების მიხედვით, საორიენტაციო ხარჯები ასეთია:

ტექნიკური დიაგნოსტიკა 50 - 300 ლარი;ტექნიკური ინსპექტირება 200 - 450 ლარი;კარის მექანიზმის შეკეთება 200 - 2 000 ლარი;ღილაკებისა და პანელის შეცვლა 100 - 1 500 ლარი;მართვის დაფის შეკეთება/შეცვლა 800 - 8 000 ლარიძრავის შეკეთება ან შეცვლა 2 500 - 6 000 ლარი;ტროსების შეცვლა 1 500 - 8 000 ლარი;სრული მოდერნიზაცია 15 000-40 000 ლარი.

მინდელის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებული კორპუსიდან მოგვწერეს, რომ იქ ლიფტი ხშირად წყდება და რამდენიმე სართული თავისუფალ ვარდნაშია.
მინდელის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებული კორპუსიდან მოგვწერეს, რომ იქ ლიფტი ხშირად წყდება და რამდენიმე სართული თავისუფალ ვარდნაშია.

ვის დავუკავშირდე, თუ ლიფტი გაფუჭდა?

პირველ რიგში - ტექნიკური მომსახურების კომპანიას, რომლის დასახელება და ნომერი კაბინაში უნდა იყოს გამოკრული და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეს.

თუ მგზავრი ლიფტშია გაჭედილი:

გამოიყენეთ კაბინის ორმხრივი კავშირის ღილაკი და დაელოდეთ მომსახურე პერსონალს;სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციისას დარეკეთ 112-ზე;კარების ძალით გაღებას ან კაბინიდან დამოუკიდებლად გამოსვლას ნუ შეეცდებით.

წესით, ლიფტის კაბინაში გამოკრული უნდა იყოს სამაშველო სამსახურისა და მომსახურე კომპანიის ნომრები. ლიფტს უნდა ჰქონდეს უწყვეტი კავშირი, რომელიც ლიფტის გაჩერების შემთხვევაში (ელექტრომომარაგების შეწყვეტის, ან ტექნიკური გაუმართაობის დროს) მგზავრს სამაშველო სამსახურთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს. ეს კავშირი დენის ჩართვა-გამორთვაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს; ისევე, როგორც საავარიო განათება.

ლიფტს ყოველწლიურად უნდა უტარდებოდეს სტატიკური და დინამიკური გამოცდები.

იმ ლიფტებიდან, რომლებიც რადიო თავისუფლებამ ნახა და იმგზავრა, მხოლოდ ერთში იყო გამოკრული კანონით სავალდებულო ინფორმაცია, ერთში კი მხოლოდ ლიფტით სარგებლობის ინსტრუქცია. არ მუშაობდა სამაშველო ღილაკები, ქრებოდა შუქი და ხურდის ჩაგდების დაგვიანების შემთხვევაში კაბინა იჭედებოდა კიდეც.

უსაფრთხოების წესები ერთ-ერთ ლიფტში
უსაფრთხოების წესები ერთ-ერთ ლიფტში

მობინადრეებმა ისიც არ იციან, რომ ლიფტის მოვლის ვალდებულების გარდა, მათ უფლებაც აქვთ, რომ კორპუსის თავმჯდომარეს უსაფრთხოების პერიოდული კონტროლი და ექსპერტიზის შედეგების გასაჯაროება მოსთხოვონ.

თუ ამხანაგობა ვალდებულებებს არ ასრულებს, თქვენ შეგიძლიათ, ეს საკითხი ამხანაგობის კრებაზე დააყენოთ, წერილობითაც კი. თუ ლიფტს ინსპექტირება გავლილი აქვს და უსაფრთხოების მოთხოვნები მაინც ირღვევა, ნებისმიერს შეუძლია მიმართოს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს და ეს ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების საფუძველი იქნება.

სრული სტატია წყაროზეწყარო: radiotavisupleba.ge
  1. მთავარი
  2. რადიო თავისუფლება
  3. თბილისის საშიში ლიფტები - გავარკვიეთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა

თემა: თბილისში

ამ თემას 27 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • ფორმულა·20:44
    კობახიძე ადასტურებს, რომ მინსკში შეხვედრამდე თბილისში იური ბალაშოვი იმყოფებოდა
  • ინფო 9·20:39
    თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს
  • რუსთავი 2·20:34
    თბილისის საკრებულოში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მსმენელებს უმასპინძლეს
  • იმედი·20:17
    ორმაგი სტანდარტი და „დიფ სთეითის“ ხელწერა - ოფიციალური თბილისი მინსკში გამართულ შეხვედრას და რუსული მხარის ინიციატივებს არგუმენტებისგან დაცლილს და ოპოზიციის დღის წესრიგზე მორგებულს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისში

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

რადიო თავისუფლება·21:46

ფაშინიანმა დაუშვა სომხეთიდან რუსეთის მესაზღვრეების სრული გასვლა

ფაშინიანმა დაუშვა სომხეთიდან რუსეთის მესაზღვრეების სრული გასვლა
რადიო თავისუფლება·21:30

დაძაბულობაა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების მატჩის გამო

დაძაბულობაა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების მატჩის გამო
რადიო თავისუფლება·20:50

თბილისი ხაზს უსვამს, რომ ზურაბაშვილი გალუზინს მინისტრის მოადგილის სტატუსით არ ესაუბრება - მოსკოვი მას მაინც ასე მოიხსენიებს

თბილისი ხაზს უსვამს, რომ ზურაბაშვილი გალუზინს მინისტრის მოადგილის სტატუსით არ ესაუბრება - მოსკოვი მას მაინც ასე მოიხსენიებს
რადიო თავისუფლება·19:31

კუშნერი: პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს

კუშნერი: პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინაში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.