ქომაგები VS პოლიცია: შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?
მოკლედ
26 ნოემბერს ბათუმში, ევროპის ლიგის მატჩის დღეს, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო; სტატიაში გაანალიზებულია, შეიძლებოდა თუ არა ინციდენტის თავიდან აცილება რისკების წინასწარი შეფასებითა და უსაფრთხოების სათანადო დაგეგმვით; სტატია განიხილავს, როგორც გულშემატკივრების შესაძლო დარღვევებს, ისე მატჩის ორგანიზატორებისა და სამართალდამცველების პასუხისმგებლობას.
26 ნოემბერს ბათუმი არენაზე, საფეხბურთო კლუბების თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი ტრიბუნებზე დაწყებული დაპირისპირების გამო შეწყდა. პოლიციამ სტადიონზე თურქული კლუბის გულშემატკივრების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენა.
შსს-ს ინფორმაციით, სამი პოლიციელი დაშავდა, ადმინისტრაციული წესით კი 16 ადამიანი დააკავეს. მეორე დღესვე ყველა მათგანი გაათავისუფლეს. შსს-ს გამოძიება არ დაუწყია. თურქულმა მხარემ ქართველი სამართალდამცველები „არაპროპორციული ძალის“ გამოყენებაში დაადანაშაულა.
სოციალურ ქსელში დაპირისპირების ამსახველი კადრების გავრცელებას თურქეთის მინისტრების ზარები მოჰყვა: შს მინისტრმა - შს მინისტრს დაურეკა, საგარეომ - საგარეოს, იუსტიციის მინისტრმა - იუსტიციის მინისტრს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გულშემატკივრები აგრესიულად სტადიონის გარეთაც იქცეოდნენ, იმ დროს, როცა ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ ქომაგების მსვლელობას მართავდნენ.
„არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდნენ, ისროდნენ სხვადასხვა საგანს და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ პოლიციელებს... დაპირისპირება სტადიონზეც გაგრძელდა, სადაც გულშემატკივრები სკამებს აზიანებდნენ და სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, პოლიციის მიზანი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და აგრესიული ქომაგების გარიდება იყო. დაშავდა გდდ-ს ოთხი თანამშრომელი.
27 ნოემბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თურქეთის ელჩთან შეხვედრისას გაიმეორა, რომ „ბეშიქთაშის“ მხარდამჭერებმა პოლიციელებს ესროლეს: ბოთლები, ქვები, ბლაგვი საგნები.
ამას გარდა, გაირკვა, რომ მათ საზღვარზე აღმოაჩნდათ ისეთი შინაარსის ბანერები, რომელთა საჯაროდ გამოფენაც, ხელისუფლების შეფასებით, პროვოკაციას გამოიწვევდა.
„აღნიშნული ბანერების საჯაროდ დემონსტრირების დაუშვებლობა, პირველ რიგში, სწორედ თურქი გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებით იყო ნაკარნახევი“, - განაცხადა პატარაძემ.
მოგვიანებით, შს მინისტრმა დააზუსტა, რომ საზღვარზე ქომაგებს 100-მდე ბანერი ჩამოართვეს. მან ბანერების შინაარსს პროვოკაციულის გარდა, „საქართველოსთვის შეურაცხმყოფელიც“ უწოდა. ზოგიერთი განსაკუთრებით დიდი ზომის იყო. სტადიონზე არცერთი მათგანი არ გამოუყენებიათ.
„ბეშიქთაში“ და თურქული მხარე პოლიციას „არაპროპორციული ძალის გამოყენების“ გამო აკრიტიკებს. მათი მტკიცებით, სტადიონზე დაპირისპირება პალესტინის დროშისა და ბანერის გამოჩენას მოჰყვა. კლუბის განცხადებით, გულშემატკივრების წინააღმდეგ პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ეს ჩანს 26 ნოემბერს ბათუმში გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებზე. სპეციალური საშუალებების გამოყენებას არც შსს უარყოფს.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარს მიუღებელი უწოდა და გამოძიება მოითხოვა.
უეფას ვერსია ამ ორისგან განსხვავდება. ორგანიზაციის განცხადებით, პოლიცია „ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა სექტორში თავად გულშემატკივრებს შორის დაწყებული დაპირისპირების გასანეიტრალებლად შევიდა.
„სტადიონზე ჩარევის შესახებ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისმა ადგილობრივმა უწყებებმა მიიღეს და თავადვე განახორციელეს თავიანთი მოვალეობების შესრულებისას, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“, - აცხადებს უეფა.
შესაძლებელია, რომ ეს ვერსიები მოვლენების განვითარების სხვადასხვა ეტაპს აღწერდეს და ნაწილობრივ ერთმანეთს ავსებდეს კიდეც.
თუმცა ემოციებმა კონფლიქტის წარმოშობის ზუსტი მიზეზის ძიება გაართულა... ბათუმის ქუჩებსა თუ სტადიონზე გადაღებულმა კადრებმა სოციალურ ქსელი წალეკა. მომხდარს საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების მწვავე რეაქციაც დაემატა...
რა ჩანდა თვითმხილველების გადაღებულ კადრებში?
„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები ტრიბუნაზე პალესტინის დროშებს შლიდნენ;გამოჩნდა ბანერი წარწერით: „წინააღმდეგობა ოკუპაციას, თავისუფლება პალესტინას“;პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა;ერთმანეთს მუშტებით გაუსწორდნენ პოლიციელები და ქომაგები;დაშავებულების ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა;„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას ესროდნენ ბოთლებს, სტადიონზე მოტეხილი პლასტმასის სკამების ნაწილებს, ყველაფერს რაც ხელში მოხვდათ.
შეიძლებოდა დაპირისპირების თავიდან აცილება?
იურისტი და „ქართული ოცნების“ ოპონენტი მიხეილ ზაქარეიშვილი და სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე, ორივე მიიჩნევს, რომ ბათუმში მომხდარი დაპირისპირების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ მასპინძლები რისკებს სწორად შეაფასებდნენ და მოემზადებოდნენ.
„ნეიტრალურ ტერიტორიაზე მატჩის ჩატარების წინ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებებში ჩართული არიან სახელმწიფო სტრუქტურებიც, რომლებიც თავის მხრივ იძლევიან გარანტიას, რომ ეს მატჩი ჩატარდება უსაფრთხოდ, მაგრამ ამავდროულად მათ აქვთ სრული უფლება, რომ ამ მოლაპარაკებების დროს წამოაყენონ ესეთი პირობა, რომ ჩვენ არ გვინდა გულშემატკივრების დასწრება. კი რთული საყურებელია ფეხბურთი და კალათბურთი გულშემატკივრის გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში უსაფრთხოება არის პრიორიტეტი“, - ამბობს სპორტული კომენტატორი, სანდრო ცნობილაძე.
შეხვედრა თავდაპირველად სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთის მხარემ უეფას აცნობა, რომ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. 30 ოქტომბერს გაირკვა, რომ შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე, საქართველოში, ქალაქ ბათუმში გაიმართებოდა.
ამ ორი საფეხბურთო კლუბის დაპირისპირებას გეოპოლიტიკური ფესვები აქვს. თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესებულია. თურქეთი მხარს უჭერს პალესტინის თავისუფლების იდეას. ღაზაში ომის დაწყების შემდეგ განწყობები გაუარესდა. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი პალესტინელების აქტიური მხარდამჭერია და ისრაელს გენოციდში ადანაშაულებს. ამ პოლიტიკური შეხედულებების გამოსახატად გაშალეს ბეშიქთაშის გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა, რაც საქართველოს შს სამინისტრომ პროვოკაციულ ჩანაფიქრად შეაფასა.
ამ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით თურქეთსა და ისრაელს შორის მატჩებზე დაძაბულობისა და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად უსაფრთხოების ზომები ჩვეულებრივზე მეტადაა გამკაცრებული.
„არსებობს მაგალითები, როცა მატჩი უმაყურებლოდ ჩატარებულა. მაგალითად, უნგრეთში თურქეთის და ისრაელის კლუბების შეხვედრას მაყურებელი არ დასწრებია, ანუ ეს მიღებული პრაქტიკაა... თუ უმაყურებლოდ ტარდება მაშინ ის მაყურებელი საერთოდ არ ჩავა ქალაქში, ან გაცილებით ცოტა ჩავა. ეს ერთგვარი პრევენციაა, ამის უფლება შენ გაქვს და შეგიძლია, რომ ეს მოითხოვო და გააკეთო“, - ამბობს ცნობილაძე.
რადიო თავისუფლებამ შს სამინისტროს ჰკითხა, მონაწილეობდა თუ არა უწყება მატჩის დაგეგმვის მოლაპარაკებებში და როგორ შეაფასეს ამ შეხვედრაზე რისკები? - პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
„უფრო პოლიტიკური შეცდომა იყო ის, რომ გადავწყვიტეთ, ამ თამაშისთვის ასეთი ღია ფორმით გვემასპინძლა... ამას გარდა შეგვეძლო, რომ საერთოდ უარი გვეთქვა მასპინძლობაზე, დარწმუნებული ვარ ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა იმიტომ, რომ ზოგადად პრობლემურია, თურქი გულშემატკივრების მართვა“, - ამბობს მიხეილ ზაქარეიშვილი და ამატებს, რომ „საქართველომ აიღო პასუხისმგებლობა მატჩის უსაფრთხოდ ჩატარებაზე ისე, რომ, როგორც მომხდარმა აჩვენა, ამ პასუხისმგებლობის შესასრულებლად მზად არ იყო“.
მატჩის დროს უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ თამაშის მიმდინარეობას არ ეხება. მნიშვნელოვანია ქალაქში გულშემატკივრების ფეხით თუ ტრანსპორტით მოძრაობა, სასტუმროების დაცვის სისტემის გაძლიერება და სტადიონთან შესაძლო შეკრებების ადგილების გამოკვეთა.
„თუ არ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და არ გაქვს შესაბამისი ცოდნა, მოდი, უთხარი, რომ იცი, რა, არ მინდა ამ გულშემატკივრების მიღება და მორჩა, დამთავრდა. კი არ დაგაძალებს ვინმე ამ ამბავს“, - ამბობს ცნობილაძე.
რისკების წინასწარ შეფასებას უეფას უსაფრთხოებისა და უშიშროების რეგულაციებიც ითვალისწინებს. თუ უეფას შეფასებით, სტუმარი გულშემატკივრების მასპინძელ ქალაქში ჩასვლა უსაფრთხოების რისკებს წარმოშობს, მაშინ ორგანიზატორმა და მონაწილე კლუბებმა მათ მოგზაურობას მაქსიმალურად უნდა შეუშალონ ხელი.
კლუბს შეუძლია თავისი სტიუარდებიც გამოყოს - ისინი გულშემატკივრებს გადაადგილებაში ეხმარებიან და სტადიონზე ქომაგობასაც ზედამხედველობენ.
გულშემატკივრების კონტროლი სტადიონზე და მის გარეთ
საფეხბურთო მატჩის უსაფრთხოდ ჩატარება მხოლოდ პოლიციის ამოცანა არ არის. უეფას რეგულაციებით, პასუხისმგებლობა რამდენიმე მხარეს შორის ნაწილდება.
მატჩის ორგანიზატორმა საჯარო უწყებებთან თანამშრომლობით ხელი უნდა შეუწყონ სტადიონზე სტიუარდებისა და კერძო დაცვის თანამშრომლებს. მათ ევალებათ გულშემატკივრების ნაკადების მართვა, წესრიგის დაცვა, კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში პოლიციის ინფორმირება. პოლიცია სულ ბოლო ეტაპზე ერთვება, მაშინ როდესაც ემოციური დაძაბულობა ძალადობაში შეიძლება გადაიზარდოს.
უეფას რეგულაციების მე-8 მუხლი მოითხოვს, რომ მატჩის ორგანიზატორმა და პოლიციამ წინასწარ შეათანხმონ მართვისა და კონტროლის სტრუქტურა. წერილობით უნდა იყოს განსაზღვრული, რა ვითარებაში გადადის სტადიონის კონტროლი ადმინისტრაციიდან პოლიციაზე. ამავე რეგულაციების მე-7 მუხლით უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირებიც უნდა განისაზღვროს.
„პირველ რიგში შესაბამისი პირები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არიან სტიუარდები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ერთვება პოლიცია“, - ამბობს სანდრო ცნობილაძე.
გაურკვეველია, რამდენი სტიუარდი მუშაობდა მატჩის დროს, ვინ ხელმძღვანელობდა მათ, ვინ იყო უსაფრთხოების კოორდინატორი და რა მომენტში გადაწყდა პოლიციის ტრიბუნაზე შესვლა.
უეფას წესების თანახმად, ამ მატჩის ნომინალურ მასპინძლად, ისევ თურქეთი მოიაზრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თამაში ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარდა. ამ ლოგიკით, სტადიონზე უსაფრთხოების სტანდარტებით მისი დასაცავი იყო.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ დრომდე არაფერი უთქვამს. ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე კიდევ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას: გამოჩნდა, რომ საქართველოში პოლიციას ქომაგებთან ურთიერთობისა და მართვის საკმარისი გამოცდილება არ აქვს.
„საქართველოში ფან-კულტურის პრეცედენტი არ არსებობს... პოლიციელები ნაკლებად არიან გათვითცნობიერებულები, როგორ შეიძლება ურთიერთობის დამყარება ამ ფანებთან“, - ამბობს ის და აზუსტებს: „თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გულშემატკივრების აგრესიული ქცევა გამართლებულია... ორგანიზატორმა წინასწარ უნდა იცოდეს, რა ტიპის ქცევას შეიძლება ელოდოს სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისგან და ამისთვის მზად იყოს“.
იყო პოლიცია მზად?
საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ სამართალდამცველებს ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლებას აძლევს, მაგრამ ამ უფლებას შეზღუდვებიც აქვს.
კანონის 31-ე მუხლის მიხედვით, პოლიციელს იძულებითი ღონისძიების გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, კანონიერი მიზნის მისაღწევად და პროპორციული ინტენსივობით შეუძლია.
როგორც წესი, ძალის გამოყენებამდე მან პირს უნდა მისცეს გაფრთხილება და გონივრული დრო მოთხოვნის შესასრულებლად. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც დაყოვნებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გამოიწვიოს სხვა მძიმე შედეგი, ან გაფრთხილება შეუძლებელი ან გაუმართლებელი იყოს.
ამავე მუხლით, პოლიციელი ვალდებულია, იძულებითი ღონისძიებით დაშავებულ ადამიანს პირველადი დახმარება აღმოუჩინოს.
იურისტ, მიხეილ ზაქარეიშვილის აზრით, გავრცელებულ კადრებით თუ ვიმსჯელებთ რამდენიმე პრობლემა იკვეთება:
„[პოლიციის მხრიდან] არ ყოფილა გაფრთხილება, არ ყოფილა მოწოდება“, - ამბობს იურისტი და ამატებს, რომ პალესტინის დროში ჩამორთმევის ამსახველ კადრებში ჩანს გულშემატკივარი, რომელიც პოლიციელებთან საუბარს ცდილობს, თუმცა ისინი ამ შანსს არ იყენებენ.
„კიდევ ერთი კადრი გავრცელდა - პოლიციელმა დაარტყა გულშემატკივარს და გათიშა, იქვე დავარდა უგონოდ, მოტრიალდა პოლიციელი, წავიდა, არადა, კანონის თანახმად ის ვალდებულია სამედიცინო დახმარება გაუწიოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
განსაკუთრებით საყურადღებოა წიწაკის სპრეის გაფრქვევა დახურულ სივრცეში.
FIFA-ს უსაფრთხოების რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ სტადიონზე „აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღისა და ხალხის მასის კონტროლისთვის განკუთვნილი გაზის ტარება ან გამოყენება“.
„აქ არაა საუბარი მხოლოდ ცრემლსადენ გაზზე, მასის კონტროლისთვის განკუთვნილ გაზში შედის წიწაკის სპრეიც. ისედაც ლოგიკური იყო, რომ სტადიონზე, საიდანაც გაქცევის შესაძლებლობა ძალიან გაქვს შეზღუდული, ასეთი რაღაცის გამოყენება დაშვებული არ იქნებოდა“, - ამბობს მიხეილ ზაქარეიშვილი.
მსგავსი საშუალებების ტრიბუნებზე გამოყენება განსაკუთრებით მას შემდეგ გამკაცრდა, რაც 2022 წელს ინდონეზიაში ცრემლსადენი გაზის გაშვებას ჭყლეტა და 135 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.
2022 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს პარიზში წიწაკის სპრეის გამოყენებას UEFA-ს გამოძიება მოჰყვა. გამოძიების დასკვნაში ვკითხულობთ: „ჯგუფი ასკვნის, რომ ცრემლსადენი გაზისა და წიწაკის სპრეის გამოყენების ადგილი ფეხბურთის ზეიმზე არ არის".
„და ეს მაშინ, როცა პოლიციამ ეს ნივთიერებების სტადიონს გარეთ გამოიყენა და არა ტრიბუნებზე“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
იმავე გამოძიების ფარგლებში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საფრანგეთის ხელისუფლების მზაობა, მომავალში მსგავსი მასშტაბის საფეხბურთო ღონისძიებას უმასპინძლონ. 2023 წელს სწორედ ამ მიზეზით გამოეთიშა საფრანგეთი 2025 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლას. 2022 წლამდე 4 წლის განმავლობაში საფრანგეთმა 4 მნიშვნელოვან საფეხბურთო ღონისძიებას უმასპინძლა (ევროპა ლიგის ფინალი, ქალთა 20-წლამდელთა მუნდიალი, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი), 2022 წლის შემდეგ კი არცერთს.
„ეს shadowban [ჩრდილოვანი აკრძალვა] ქვეყანას 2 თვის წინ მოეხსნა, როდესაც 2028 წლის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლად ლიონი დასახელდა... არ არის გამორიცხული საქართველოს წინააღმდეგაც ეს უჩინარი სანქციები გამოიყენონ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
რა დააშავეს თავად გულშემატკივრებმა?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გულშემატკივრებმა სამიზნედ სამართალდამცველები აირჩიეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამის მიუხედავად, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი ამბობს, რომ უკვე ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.
„ისინი ქომაგები არიან და სამწუხაროდ აქვთ ასეთი არაადეკვატური...” - თქვა თამაზაშვილმა.
გათავისუფლებული ქომაგების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება გრძელდება და სასამართლომ შესაძლოა მათ გარკვეული ვადით საქართველოში შემოსვლა აუკრძალოს.
უეფას დისციპლინური რეგულაციების მე-16 მუხლი კლუბებსა და ეროვნულ ასოციაციებს გულშემატკივრების ქცევაზეც აკისრებს პასუხისმგებლობას. მათ შორის, სანქციების საფუძველი შეიძლება გახდეს საგნების სროლა, სტადიონის დაზიანება, უწესრიგობა და პოლიტიკური, იდეოლოგიური ან რელიგიური პროვოკაციული გზავნილების გამოფენა.
შესაფასებელია, იყო თუ არა პალესტინის დროშა და მხარდამჭერი ბანერი უეფას წესებით აკრძალული პროვოკაციული გზავნილი.
სანდრო ცნობილაძე განმარტავს, რომ პალესტინა FIFA-ს წევრი ფეხბურთის ასოციაციაა და, ფეხბურთის კონტექსტში მისი დროშის არსებობა თავისთავად აკრძალული არ შეიძლება იყოს.
„პალესტინა არის ფიფას ოფიციალური წევრი. [...] პალესტინის დროშის ქონა სტადიონზე საფეხბურთო კუთხით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მოვლენა“, - ამბობს ცნობილაძე.
ის, რომ რაღაც აკრძალული არ არის, არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება აიკრძალოს.
უეფას უსაფრთხოების რეგულაციების 45-ე მუხლი ორგანიზატორს, პოლიციის მეთაურსა და უსაფრთხოების ოფიცერს ავალდებულებს, აღკვეთონ პროვოკაციული ქმედებები, მათ შორის პროვოკაციული ბანერებისა და დროშების გამოფენა.
თუმცა ამასაც თავისი წესი აქვს, საჭიროების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს განცხადება, ხმოვანი გაფრთხილება და შემდეგ მოიხსნას შეუფერებელი მასალა.
ვინ გამოიძიებს მომხდარს?
უეფას უფლება აქვს დაიწყოს გამოძიება და გაარკვიოს, გამართული იყო თუ არა ორგანიზაციული საკითხები, შესრულდა თუ უსაფრთხოების დაცვის წესები, ხომ არ დაირღვა მათივე შედგენილი უსაფრთხოების პროტოკოლი.
„გამოიძიებენ ყველაფერს, არავის ეგონოს, რომ რომელიმე ფაქტი დარჩება ყურადღების მიღმა, დაწყებული ქალაქში მსვლელობიდან, რომელიც ჰქონდა „ბეშიქთაშის“ ფანებს, დამთავრებული სტადიონზე რაც ხდებოდა“, - ამბობს ცნობილაძე.
გამოძიებამ არა მხოლოდ ცალკეული ვიდეოკადრები, არამედ მოვლენების სრული ქრონოლოგია შეიძლება შეისწავლოს, რათა დადგინდეს, რა უძღოდა წინ პოლიციის ჩარევას და რამდენად შეესაბამებოდა გამოყენებული ძალა საფრთხეს.
უეფას განცხადებაში გამოძიებაზე არაფერია ნათქვამი. არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღუძრავს საქმე რომელიმე სისხლის სამართლის მუხლით. თურქული კლუბის ქომაგებმა საქართველო უკვე დატოვეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოსთხოვა თუ არა თურქმა კოლეგამ დაკავებულების გათავისუფლება, მინისტრმა უპასუხა, რომ კოლეგას ეს საკითხი არ დაუყენებია.
საქართველოს ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის შესაძლებლობას მიეცა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქვეყანა უეფას ნდობის შენარჩუნებას ცდილობს.
„უეფას გადმოსახედიდან მატჩის მასპინძლობა პრივილეგიაა, რომელსაც ქვეყანას აძლევს, ეს უფლება რომ მოიპოვო რამდენიმე კრიტერიუმი უნდა შეასრულო... მე თუ შენ მოგანიჭე უფლება ანუ შენ ხარ კარგი ბიჭი და ეს კარგი ბიჭის სტატუსი უნდა შეინარჩუნო... ამიტომ ბათუმის ინციდენტის შეფასება მხოლოდ ერთი მატჩით არ შემოიფარგლება - ის შეიძლება გავლენას ახდენდეს საქართველოს მომავალ სპორტულ ამბიციებზეც“, - ასკვნის სანდრო ცნობილაძე.
