ტრამპის ადმინისტრაციის წევრები მუქარის გამო სამხედრო ბაზებზე გადადიან საცხოვრებლად
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სულ მცირე ექვსი მაღალჩინოსანი ცხოვრობს ვაშინგტონში, სამხედრო ობიექტებზე მდებარე სამსახურებრივ საცხოვრებლებში. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN იტყობინება. მისი მონაცემებით, ეს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა. წინა პრეზიდენტების დროს მაღალი რანგის სამოქალაქო პირები სამხედრო საცხოვრებლებით იშვიათად სარგებლობდნენ.
მინისტრთა კაბინეტის ბოლო წევრი, რომლის გადასვლის შესახებაც გახდა ცნობილი, არის აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი. ნოემბერში CNBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია ირანის მხრიდან მკვლელობის მუქარის გამო. ბესენტი ხელმძღვანელობს თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის კამპანიას, რომელიც მასშტაბური სანქციების დაწესებას მოიცავს.
CNN-ის წყაროების ცნობით, ახლახან უსაფრთხოების მოსაზრებებით სამხედრო საცხოვრებელში გადავიდა აშშ-ის გენერალური პროკურორი ტოდ ბლანშიც. მისი წინამორბედი პემ ბონდი შარშან ცხოვრობდა სამხედრო ბაზაზე.
ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნებს შორის, რომლებმაც სამხედრო საცხოვრებლით ისარგებლეს, არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და თეთრი სახლის აპარატის უფროსი სტივენ მილერი.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მილერის ოჯახის გადასვლის მიზეზი არის დევნა, პირადი მონაცემების გავრცელება და მუქარა.
CNN აღნიშნავს, რომ უცხო სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე, სამხედრო ობიექტებზე მაღალი რანგის სამოქალაქო პირების განთავსების პრაქტიკა შესაძლოა მომდევნო ადმინისტრაციების დროსაც შენარჩუნდეს - როგორც რესპუბლიკელების, ისე დემოკრატების მმართველობისას.
მაღალჩინოსნებისთვის სამხედრო საცხოვრებლის ქირის ღირებულება, როგორც წესი, თვეში 4500 დოლარს აღემატება. შარშან ჰეგსეთს კრიტიკა დაატყდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა აშშ-ის არმიის გეგმების შესახებ, 137 ათას დოლარზე მეტი დაეხარჯა მისთვის გამოყოფილი რეზიდენციის რემონტსა და მოდერნიზაციაზე.
2027 წლის გაზაფხულისთვის პენტაგონმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს სამხედრო საცხოვრებელში მცხოვრებ პირთა შესახებ ანგარიში უნდა წარუდგინოს. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს საფრთხეები, რომლებიც გახდა გადასვლის საფუძველი, საცხოვრებლის გამოყოფის სამართლებრივი საფუძვლები და ქირის ღირებულება.
ანგარიშის მომზადების ინიციატივით გამოვიდა კალიფორნიელი დემოკრატი კონგრესმენი ჯორჯ უაიტსაიდსი. მისი თქმით, აუცილებელია იმის შემოწმება, იხდიან თუ არა მაღალჩინოსნები საცხოვრებლის საფასურს საბაზრო განაკვეთებით.
მანამდე CNN იტყობინებოდა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების მონაცემებით, ირანი ვაშინგტონში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე თავდასხმის გეგმებს ამუშავებს ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებით. გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ უარყო ქიმიური თავდასხმის მომზადების შესახებ ბრალდებები.
