
ლიბიის პორტში აფეთქების შედეგად რუსული სამხედრო ხომალდი „მერკური“ ჩაიძირა - მედია
ლიბიის ქალაქ ბენღაზის პორტში, 22 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო ხომალდზე აფეთქება მოხდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კორვეტი „მერკური“ ჩაიძირა.
ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი ხელისუფლების განცხადებით, წინასწარი გამოძიების თანახმად, ხომალდი შესაძლოა საზღვაო დრონების სამიზნე გამხდარიყო.
Associated Press-ის ინფორმაციით, ლიბიელი სამხედრო მაღალჩინოსნები თავდასხმაში უკრაინულ საზღვაო დრონებზე მიუთითებენ. მათი ცნობით, სულ მცირე ორმა დრონმა ხომალდამდე მიღწევა შეძლო, რის შედეგადაც ბორტზე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.
გამოცემა Naval News-ის ცნობით, „მერკური“ ბენღაზის პორტში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა და სამხედრო ტვირთების გადამზიდავ რუსულ გემებს აცილებდა. სატელიტურ ფოტოებზე ჩანს, რომ ხომალდის დიდი ნაწილი წყალშია მოქცეული.
„მერკური“ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა შეიარაღებაში 2023 წელს მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავებულია 10 ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავის აუღია
ტვ პირველი
წყარო: tvpirveli.ge