Amnesty International: საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევების თითქმის სრული დაუსჯელობაა | TV პირველი - ახალი ამბების პორტალი
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International პროევროპული უწყვეტი აქციების დაწყების მეორე წლისთავის წინ განცხადებას აქვეყნებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტს ადამიანის უფლებათა მუდმივი დარღვევა და დამნაშავე პირების „თითქმის სრული დაუსჯელობა“ ახლავს თან.
განცხადებაში ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშეევია ციტირებული, რომლის შეფასებითაც, რეპრესიები საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროს შეეხო და დღეს „ქართული საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი“. Amnesty International-ის თანახმად, შეტევის ქვეშაა მხატვრული თვითგამოხატვა და პოლიტიკური სატირა — ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში იუმორისტს „ხუმრობის გამო თავს დაესხნენ“, ჟურნალისტები „სატირული პოსტების გამო დააკავეს“, მუსიკოსები კი საპროტესტო სიმღერების გამო დააჯარიმეს.
უფლებადამცველების განცხადებით, პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ძალის გადამეტების შემთხვევები კვლავ დაუსჯელია, ხოლო აქციის მონაწილეების ბოლოდროინდელი გათავისუფლება და რამდენიმე პოლიციელის მსჯავრდება „უსამართლობის მასშტაბს ვერ ფარავს“.
Amnesty International „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებები გამოიძიოს და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს. ორგანიზაცია ასევე ითხოვს, გათავისუფლდეს საკუთარი უფლებების განხორციელებისთვის დაკავებული ყველა პირი და უზრუნველყოფილი იყოს პროტესტთან დაკავშირებული ყველა განაჩენის დამოუკიდებელი გადასინჯვა.
"მთავრობის მხრიდან სულ უფრო მწვავე რეპრესიების ორი წლის შემდგომ საჯარო და პოლიტიკური ცხოვრების ძალიან ცოტა სფერო თუ დარჩა ხელშეუხებელი. ოპოზიციური პარტიების აკრძალვისა და სამოქალაქო საზოგადოების მთლიანად დაშლისკენ გადადგმული ნაბიჯებიდან დაწყებული, პროტესტში მონაწილეობის გამო ასობით ადამიანის დევნით დამთავრებული, რეპრესიები დღეს ქართული საზოგადოების ქსოვილში ღრმად არის გამჯდარი. მხატვრული თვითგამოხატვა და პოლიტიკური სატირა შეტევის სამიზნეა. მუსიკოსებს საპროტესტო სიმღერების გამო ემუქრებოდნენ და დააჯარიმეს, ჟურნალისტები სატირული პოსტების გამო დააკავეს, კომიკოსებს კი ხუმრობის გამო თავს დაესხნენ ძალადობის ატმოსფეროში, რომელსაც სათავეში სახელმწიფო უდგას. ის, რაც ქუჩის საპროტესტო აქციების ჩახშობით დაიწყო, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ყოველდღიურ შეტევად იქცა. პოლიციის ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულება კვლავ მიუწვდომელია, რაც დამრღვევებს აგულიანებს, ხოლო აქციის მონაწილეების ბოლოდროინდელი გათავისუფლება და ძალის ბოროტად გამოყენებისთვის რამდენიმე პოლიციელის მსჯავრდება მიმდინარე უსამართლობის მასშტაბს ვერ დაფარავს, როდესაც ათობით ადამიანი, მათ შორის, მათე დევიძე უსამართლო სასამართლო საქმეების შემდეგ კვლავ ციხეში იმყოფება". ხელისუფლებამ წამებისა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობის ბრალდებები უნდა გამოიძიოს და ეჭვმიტანილი პირები პასუხისგებაში უნდა მისცეს. მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა, ვინც მხოლოდ საკუთარი ადამიანის უფლებების განხორციელების არის დაკავებული და უზრუნველყონ, რომ პროტესტთან დაკავშირებული ყველა განაჩენი დამოუკიდებლად გადაისინჯება" - წერს Amnesty International.
