,,როგორ გააქრო „ოცნების“ ხელისუფლებამ ერთი ხელის მოსმით 123 ათასი უცხოელი ქაღალდზე?“ - რომან გოცირიძე
ეკონომისტი რომან გოცირიძე:
,,როგორ გააქრო „ოცნების“ ხელისუფლებამ ერთი ხელის მოსმით 123 ათასი უცხოელი ქაღალდზე?
2024 წლის აღწერის შედეგებით, საქართველოში 257 000 უცხო ქვეყნის მოქალაქე დაფიქსირდა. თუმცა, 2026 წლის ივნისში გამოქვეყნებულ „დაზუსტებულ“ მონაცემებში ეს რიცხვი თითქმის განახევრდა და 134 ათასამდე დავიდა, საიდანაც ოფიციალურად მხოლოდ 38 ათასი რუსეთის მოქალაქეა აღრიცხული.
ეს რიცხვი აბსოლუტურად არ ასახავს რეალობას-მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დიდძალი უძრავი ქონება, მათ შორის 22 ათასამდე ბინა შეიძინეს.
ქვეყანაში მიმდინარეობს რუსეთის მოქალაქეების ფაქტობრივი გადმოსახლება მუდმივად საცხოვრებლად, რაც მომავალში სერიოზული სოციალური და პოლიტიკური პრობლემების შემქმნელია.
რა მანიპულაციით შეძლო საქსტატმა ასი ათასზე მეტი უცხოელის გადამალვა „განახლებული მეთოდოლოგიის“ მეშვეობით?
„მუდმივ მოსახლედ“ ჩაითვალა მხოლოდ ის, ვისაც ბოლო 12 თვის განმავლობაში საზღვარი არ გადაუკვეთავს. საქართველოს 1-წლიანი უნიკალური უვიზო რეჟიმის პირობებში, აქ მუდმივად მცხოვრები უცხოელი 1 დღით გადადის საზღვარზე, ბრუნდება უკან და სისტემაში „ახალჩამოსულ ტურისტად“ ფიქსირდება. იგივე მიზეზით სიიდან ამოვარდნენ უცხოელი სტუდენტების ნაწილიც, რომლებიც ზაფხულში არდადეგებზე მიდიან.
ეს კორექტირება პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობაში არსებული პროტესტის ჩაცხრობის მცდელობას-როგორც რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინების, ისე არაბული კომპანიების მიერ ახალი ქალაქებისა და მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის წინააღმდეგ.
საქართველო ცივი და ცხელი ქვეყნებიდან მუდმივად დასახლების ტერიტორიად იქცა.“
