
180 მილიონი ევროს ზარალი 9 თვეში – Lufthansa 1 000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს
გერმანიის ფლაგმანი ავიაკომპანია Lufthansa Airlines ფრანკფურტის და მიუნხენის ჰაბებში 1 000 სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შიდა წერილზე დაყრდნობით იუწყება.
წერილს ხელს ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იენს რიტერი და კიდევ ოთხი ტოპ-მენეჯერი აწერენ. სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება შემცირებები და კონკრეტულად რომელ პოზიციებს შეეხება.
მენეჯმენტის განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული ზომები საკმარისი აღარ აღმოჩნდა ავიაკომპანიის ბიზნესის გასაჯანსაღებლად. მაღალ საოპერაციო ხარჯებთან ერთად, ხელმძღვანელობა მთავარ გამოწვევებად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს, საავიაციო საწვავის მუდმივად მაღალ ფასებსა და მიმდინარე წელს გამართულ 9-დღიან გაფიცვებს ასახელებს.
წერილის თანახმად, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში Lufthansa Airlines-ის საოპერაციო ზარალმა 180 მილიონი ევრო (197.5 მილიონი დოლარი) შეადგინა, რაც თვეში საშუალოდ 20 მილიონი ევროს ზარალს უდრის. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაუარესდა კომპანიის მესამე კვარტალის მაჩვენებლებიც.
რესტრუქტურიზაციის ფარგლებში ავიაკომპანია მოკლე და საშუალო მანძილის რეისებზე ტევადობის შემცირებასაც აპირებს. კერძოდ, Lufthansa გეგმავს შეამციროს Airbus A320-ის ტიპის თვითმფრინავების ფლოტი და მათი ნაწილი უფრო მცირე ზომის Airbus A220-ებით ჩაანაცვლოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა დედაკომპანია Lufthansa Group-ის მიერ 2025 წლის სექტემბერში დაანონსებულ გეგმას, რომელიც 2030 წლამდე დაახლოებით 4 000 ადმინისტრაციული პოზიციის გაუქმებას ითვალისწინებს. უცნობია, შედის თუ არა ფრანკფურტსა და მიუნხენში დაგეგმილი 1 000 სამუშაო ადგილის შემცირება ამ ადრე გამოცხადებულ გეგმაში.
BM.GE
წყარო: bm.ge