
2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში შენიშვნების უმეტესობა სრულად გათვალისწინებულია - კაკაურიძე
2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში სრულად არის გათვალისწინებული იმ შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, რომელიც პარლამენტის მხრიდან იქნა გამოთქმული საკომიტეტო მოსმენების დროს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი პარლამენტს განსახილველად გუშინ წარუდგინა. ახალი რედაქციით, მთავრობის ხარჯების მოცულობა დამატებით 642 მილიონი ლარით გაიზრდება და 32.7 მილიარდ ლარს მიაღწევს. ყველაზე მეტად, 427.6 მილიონი ლარით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება, რაც დაკავშირებულია 70 წლამდე პირების პენსიების აქამდე დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით ზრდასთან. საპენსიო დაფინანსების მატების შედეგად მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებები მომდევნო წელს 10.9 მილიარდ ლარს მიაღწევს.
„ჯამში, 2027 წლის ბიუჯეტში მაკროეკონომიკური პარამეტრები შეცვლილი არ არის, თუმცა ასახულია პარლამენტის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების უმეტესობა, მათ შორის, ასახულია პენსიის ზრდა ინდექსაციაზე უფრო მაღალი მოცულობით. დაახლოებით, იგივე პროცენტული მაჩვენებლით იზრდება 70 წლამდე პირთა პენსია, რაც 70 წელზე ზევით მეტი ასაკის პირთა პენსია. ამავდროულად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პენსიაც და ისევე, როგორც 70 წლამდე პირთა პენსია, ინდექსაციის მიღმა იზრდება. ამ მიმართულებებით, ჯამში, 150 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა ამისა, გაზრდილია საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება. მნიშვნელოვანი მიმართულება უკავშირდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფის ნაცვლად კომპენსაციების თანხის გამოყოფას. ამ მიმართულებით, 2026-2027 წლებში, ჯამში, 300 მლნ ლარზე მეტი იქნება გამოყოფილი. გარდა ამისა, დამატებითი რესურსები გამოიყო თავდაცვისა და პოლიციის მიმართულებით. ასევე, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი ინიციატივების დაფინანსება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
როგორც მან აღნიშნა ორშაბათს პარლამენტში, ასევე, დარეგისტრირდება 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი.
„ეს არის 2027 წლის ბიუჯეტის, გარკვეულწილად, შემავსებელი დოკუმენტი. ჩვენ წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ვიდრე თავიდან იყო დაგეგმილი, რაც დამატებით შემოსავლებს გვაძლევს. დამატებითი რესურსი გამოყენებულ იქნა ერთი მხრივ, ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად, მეორეს მხრივ, იმ საჭიროების დასაფინანსებლად, რაც წლის განმავლობაში გამოიკვეთა. ამავდროულად, გარკვეული რესურსები გამოიყო იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელება დაგეგმილია მომდევნო წელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge