
9 თვეში სადაზღვევო სექტორის შემოსავალი ₾1.3 მილიარდამდე გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ სექტორი მზარდია და 2026 წლის 9 თვეში მოზიდული პრემია უკვე 2024 წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის V საერთაშორისო კონფერენციაზე განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 9 თვეში სექტორის შემოსავალი წლიურად 15%-ით, 1.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
დავით ონოფრიშვილი სადაზღვევო ბაზრის ტენდენციებსა და ზრდის შესაძლებლობაზე საუბრობს: "საქართველოს სადაზღვევო ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. ცხრა თვის მაჩვენებლით, [მოზიდული პრემიის] 15%-იანი წლიური ზრდა გვაქვს და არის 1 მილიარდ 260 მილიონი ლარის ფარგლებში, რაც 2024 წლის ჯამური მაჩვენებლის ტოლია, წელს კი საპროგნოზო მაჩვენებლით 1 მილიარდ 600 მილიონ ლარს გადაცდება.
უნდა ითქვას, რომ ბოლო 10 წელიწადში საქართველოს სადაზღვევო ბაზარი პრაქტიკულად გაორმაგდა. 2017 წელს ჩვენი სადაზღვევო ბაზარი დაახლოებით 440 მილიონი ლარი იყო და 2025 წელს, ანუ 10 წელზე ნაკლებ პერიოდში უკვე 1 მილიარდ 420 მილიონით განისაზღვრებოდა, 10 წელიწადში მილიარდით ზრდა კი კარგი მაჩვენებელია. თუმცა აქ კიდევ არის საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები, რომ საქართველოს სადაზღვევო ბაზარი უფრო მზარდი იყოს. იგივე ჯანდაცვის, ქონების, ავტომობილების და სხვა მიმართულებით მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული დაზღვევაში, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა ფინანსური ზარალების მათი დაცვისაკენ", - აღნიშნა მან.
ამასთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ინფლაცია სადაზღვევო პროდუქტებზეც აისახება.
"ფასები შესაბამისად იზრდება ინფლაციასთან მიმართებით, რაც გასაკვირი არ არის, იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანია თვითონ არ არის, ვთქვათ, ჯანდაცვაში და ჯანმრთელობის პროდუქტს აკონტრაქტებს სხვადასხვა სამედიცინო უწყებებთან. შესაბამისად, იქ ფასები რაც არის, თავისთავად იმ ფასების მიხედვით მოქმედებს სადაზღვევოც. თვითონ სადაზღვევო კომპანიების მოგებიანობის მარჟა, მართალი გითხრათ, არ არის მაღალი ჯანდაცვის სფეროში. გარკვეული მონიტორინგი ჩვენც გვაქვს და ჯანდაცვის სამინისტროს თავისთავად აქვს მონიტორინგი ჯანდაცვის სფეროში ფასების ზრდასთან დაკავშირებით",- ამბობს დავით ონოფრიშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge