მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ადგილობრივი წარმოების პოტენციალი და იმპორტის წნეხი: რა გამოწვევებზე საუბრობს "ფოლადის სახლის" დამფუძნებელი
ადგილობრივი წარმოების პოტენციალი და იმპორტის წნეხი: რა გამოწვევებზე საუბრობს "ფოლადის სახლის" დამფუძნებელი

ადგილობრივი წარმოების პოტენციალი და იმპორტის წნეხი: რა გამოწვევებზე საუბრობს "ფოლადის სახლის" დამფუძნებელი

BM.GE8 ნოემბერი, 2026, 20:21|bm.ge

კომპანია "ფოლადის სახლი", რომელიც საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივი წარმოების განვითარებას ცდილობს, საწარმო თვის ჭრილში 5 000 ტონამდე პროდუქციას ამუშავებს - ამის შესახებ BMG-ის ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა, ზეზვა სალთხუციშვილმა ისაუბრა.

კომპანიის საწარმოო პორტფელი ოთხ ძირითად სეგმენტს აერთიანებს: სახურავების, მილკვადრატების, არმატურის ბადეებისა და მეტალის ნაკეთობების დამზადებას.

"ფოლადის სახლის" დამფუძნებლის ხედვით, საქართველოში შექმნილი საწარმოო ბაზა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის, არამედ მთლიანად ადგილობრივი ბაზრისა და მასზე მოქმედი სხვა მოთამაშეების რესურსს წარმოადგენს. სალთხუციშვილი ხაზს უსვამს, რომ საწარმოს მიზანი კონკურენტებისთვის წილების წართმევა კი არა, მათი დროული და სტაბილური მომარაგების უზრუნველყოფაა.

"როდესაც 2014 წელს "ფოლადის სახლს" ვქმნიდით და ვფიქრობდით იმაზე, თუ სად გვეყიდა და საიდან შემოგვეტანა ეს პროდუქცია, დღეს მას უკვე თავად საქართველოში ვქმნით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ წარმოება მხოლოდ "ფოლადის სახლისთვის" მუშაობს - ჩვენ ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებსაც ვამარაგებთ. ეს წარმოება არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის საკუთრება, ეს ეკუთვნის საქართველოს და ყველა იმ მოთამაშეს, ვინც დღეს ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.

ყოველთვის გახსნილები ვართ და ვცდილობთ, რომ როგორც "ფოლადის სახლს" ეამაყება და ეიმედება ეს ქარხანა, ზუსტად ეს შეგრძნება გაუჩნდეთ მათაც და არ ჩათვალონ, რომ ეს წარმოება მათი კონკურენტია", - ამბობს ზეზვა სალთხუციშვილი.

დამფუძნებლის განმარტებით, თუ კომპანიის საწყის ეტაპზე მთავარი ამოცანა პროდუქციის საზღვარგარეთ მოძიება და შემოტანა იყო, დღეს აქცენტი უკვე ადგილობრივ გადამუშავებაზე კეთდება. თუმცა, ინფრასტრუქტურული ზრდის მიუხედავად, ქართული საწარმოო სიმძლავრეები დღეს მხოლოდ დაახლოებით 30%-ით არის დატვირთული.

სალთხუციშვილის განცხადებით, კომპანიას სამი წარმოება უკვე სრულად აქვს გამართული, ხოლო ორი მიმართულება გაშვების პროცესშია.

დამფუძნებელი ამ პრობლემას იმპორტირებული საქონლის წნეხს, მეზობელი ქვეყნების სუბსიდირების პოლიტიკასა და ხარისხობრივ მანიპულაციებს უკავშირებს:

"ჩვენამდე, მათ შორის ჩვენმა კოლეგებმა, უნიკალური წარმოებები შექმნეს და დღესაც ვთვლი, რომ მათი საწარმოო ხაზები მაღალტექნოლოგიურია. თუმცა ეს სიმძლავრეები დღემდე ვერ იტვირთება სრულად, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ღია და მძიმე ბრძოლა გვიწევს იმპორტირებულ საქონელთან. ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული პროდუქცია ხშირად მასალის სისქეების მინიმუმამდე დაყვანით ცდილობს კონკურენტუნარიანობის მოპოვებას.

გარდა ამისა, საქართველოს წარმოებების განვითარების გზაზე მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი თურქული ბაზარია, რომელიც წარმოებისა და ექსპორტის შემთხვევაში საკუთარი სახელმწიფოსგან სუბსიდირებით სარგებლობს. ეს კომპანიები ბევრად მძლავრები არიან, განსაკუთრებით იმ რეალობაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა თავად არ არის ნედლეულის მწარმოებელი და ამ ნედლეულის შეძენა მეზობელი ბაზრებიდან გვიწევს. დამატებითი ბრძოლა გვიწევს ამ პირობებთან. თურქულ ბაზარს ევროპამაც კი დაუწესა მკაცრი შეზღუდვები და კვოტირების სისტემები; ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩათვალა, რომ ეს ნაკადი მათ შიდა წარმოებებს უნადგურებდა და სპეციალური სანქციები შემოიღო; ანალოგიურად დაიცვა თავი კანადამაც და არაერთმა სხვა ქვეყანამ", - განმარტავს სალთხუციშვილი.

ზეზვა სალთხუციშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარებისთვის გადამწყვეტია სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი მწარმოებლების ინტერესების დაცვა, როგორც ეს თავის დროზე არმატურის წარმოების შემთხვევაში მოხდა. კომპანია მოუთმენლად ელის ეკონომიკურ გუნდთან, კერძოდ მარიამ ქვრივიშვილის მიერ დაანონსებული ინიციატივების ფარგლებში, დარგობრივ დიალოგს:

"ჩვენც აუცილებლად გვჭირდება მსგავსი მხარდაჭერა, რათა ქარხნები ამუშავდეს - და აქ მარტო "ფოლადის სახლის" წარმოებას არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ იმ დანადგარებსაც, რომლებიც ჩემს კოლეგებს ჯერ კიდევ 2012 წელს აქვთ შეძენილი და დღემდე უჭირთ მათი სრულად დატვირთვა. არმატურასთან მიმართებით ჩვენმა ქვეყანამ ეს ნაბიჯი უკვე გადადგა და დღეს ამ სეგმენტის მწარმოებელი კომპანიები დაცულია, თუმცა ჩვენს მიმართულებებს ახლა სასწრაფო დახმარება სჭირდება.

ზუსტად ამ კომუნიკაციას ველოდებით მოუთმენლად, რომ დაგვიძახონ და გვკითხონ, რა გვჭირდება და რაშია საჭირო დახმარება. ჩვენ დეტალურად ავუხსნით, რა პრობლემები არსებობს სექტორში და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ წარმოებები - როგორც ჩვენი, ისე ჩვენი კოლეგების - სრულად დაიტვირთოს და განვითარდეს. მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შემდეგ გვექნება იმ მოცულობის ნაწარმი, რომლის მასშტაბურ ექსპორტზე გატანასაც შევძლებთ".

გარე გამოწვევების მიუხედავად, კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს საწარმოო პროცესების ათვისება და პერსონალის გადამზადება. "ფოლადის სახლი" 300-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. დამფუძნებლის თქმით, წლების განმავლობაში მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან მუშაობის შედეგად, კომპანიამ უკვე შეძლო ადგილობრივი პროფესიონალების აღზრდა, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს დამოუკიდებლად მართავენ.

ამ ეტაპზე პროდუქციის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის, თუმცა კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, თანაბარი კონკურენციის პირობებში, ევროპულ ბაზარზეც შევიდეს:

"ორი წელი ვსწავლობდით, თუ რა ტიპის დანადგარები უნდა გვეყიდა, რა მოცულობისა და სტანდარტის პროდუქტი უნდა შეგვექმნა. ეს შევძელით - დღეს ვუშვებთ მაღალი ხარისხის პროდუქციას და მზად ვართ, მათ შორის ევროპის ბაზარსაც მივაწოდოთ. დღეს ორ პრობლემას ერთდროულად ვებრძვით: ერთი მხრივ, ვუმკლავდებით იმპორტის წნეხს, ხოლო მეორე მხრივ - ვსწავლობთ ამ პროდუქციის მაღალი სისწრაფით გამოშვებას. ხარისხი უკვე უმაღლეს დონეზეა, ახლა კი მივალთ იქამდე, რომ ამ ჩვენს "სპორტულ მანქანას" მაქსიმალური სისწრაფით ვმართავთ. თუმცა ამისთვის აუცილებელია ბაზარზე ბრძოლის თანაბარი პირობების არსებობა", - აცხადებს ზეზვა სალთხუციშვილი BMG-ის ეთერში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზაფორმულა
  • ნაწამები და დატყვევებული სამხედროები - კიევთან ახლოს, ერთ-ერთ სახლში, მოქალაქეებმა უკრაინელი სამხედროების წამება გააპროტესტესრუსთავი 2
  • მუქარა არასრულწლოვანის მიმართ - ცნობილი TIK-TOK-ერის სახლში პოლიცია შევიდატვ პირველი
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

100%-იანი ფასნამატი კონკურენციის სააგენტოს შესწავლილ სამედიცინო სერვისების მხოლოდ 3%-ში გამოვლინდა - ასოციაცია

BM.GE

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

"ექიმიც კი დილერი აღმოჩნდა... პატრული, მაშველები - ავტოსექტორის კრიზისი ყველას შეეხო"|ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

BM.GE

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

ტექნოლოგიური გიგანტების ფარული ვალი $3.2 ტრილიონამდე გაიზარდა

BM.GE

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

"მომდევნო სამ წელში საკრედიტო პორტფელის გაორმაგებას ვგეგმავთ" - როგორია მიკრობანკი "კრისტალის" გეგმები

BM.GE