"ამ საკითხზე ძვრა არ არის" - რატომ ითხოვენ სასტუმროები საგადასახადო ტვირთის შემცირებას|ბიზნესის ხმა
BM.GE|bm.ge
"სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელი, ჰოტელიერი მაიკო მურაჩაშვილი სასტუმროების ინდუსტრიის იმ წარმომადგენლებს შორისაა, რომლებიც საგადასახადო ტვირთის შემცირების აუცილებლობაზე ხშირად საუბრობენ.
სეზონური დაბეგვრა და შეღავათიანი სესხები - რეალობა სასტუმროების ბიზნესში და გზავნილი მთავრობას და ბანკებს|ინტერვიუ მაია წერეთელთან
სასტუმროებისთვის ქონების გადასახადის განულება იდეალური იქნება... გადავადებაც დაგვეხმარება|KA ჯგუფი
თუ ომი გაგრძელდება, სასტუმროებისთვის ქონების გადასახადის გადავადების საჭიროება დადგება - „ინნ ჯგუფი"
რეგიონებში სასტუმროები ქონების გადასახადს სეზონურად უნდა იხდიდნენ - შალვა ალავერდაშვილი
“ბიზნესს გადასახადების შემცირება სჭირდება - ბეწვის ხიდზე დავდივართ” - ამბობდა რამდენიმე თვის წინ BMG-თან მაიკო მურაჩაშვილი. ამ თემაზე ჰოტელიერმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუშიც ისაუბრა.
მაიკო მურაჩაშვილს, რომელიც ამჟამად გუდაურში სასტუმრო “გუდაური როშეს” მართავს, მიაჩნია, რომ სასტუმრო სექტორისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირება და სეზონურობის გათვალისწინება ის აუცილებელი პირობაა, რომლის გარეშეც რეგიონებში მცირე და საშუალო სასტუმროების გადარჩენა და განვითარება რისკის ქვეშ დადგება.
„სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კრედიტებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და მძიმე საგადასახადო წნეხის პირობებში ბიზნესი „ბეწვის ხიდზე დადის“, რაც ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს.
ის ირწმუნება, რომ საგადასახადო შეღავათები ბიუჯეტში შემოსავლებს კი არ შეამცირებს, არამედ პირიქით - მეტ ბიზნესს მისცემს ლეგალურად ოპერირებისა და გადასახადების გადახდის საშუალებას.
ინტერვიუ მაიკო მურაჩაშვილთან
- მარტივი არ არის ფინანსთა სამინისტროს დაუმტკიცოთ, რომ გადასახადები შესამცირებელია, რადგან ეს ბიუჯეტისთვის ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს. “ტურიზმი მეტი არაფერია თუ არა ციფრები” - ერთხელ ასე უპასუხა სექტორის პრეტენზიებს მარიამ ქვრივიშვილმა; როდესაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობაც და შემოსავლებიც მზარდია, მაგალითად, მარიამ ქვრივიშვილმაც შეიძლება გკითხოთ: რატომ ითხოვთ გადასახადების შემცირებას? როგორ დაამტკიცებთ საგადასახადო ტვირთის შემცირების აუცილებლობას?
- რეალურად, ამის დამტკიცება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი… ძალიან მარტივად გეტყვით, რატომ ვითხოვთ საგადასახადო შეღავათებს - თუნდაც სეზონურობის გათვალისწინებით. ეს აპრობირებული მეთოდია, რომელსაც არაერთი ქვეყანა წარმატებით იყენებს. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენს რეგიონში ყველაზე ძვირი საბანკო სესხები გვაქვს, სადაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 17-18% ფარგლებშია, მაშინ როდესაც მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში, რამდენადაც ვიცი, ეს მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია… თითქმის ყველა ბიზნესი, განსაკუთრებით კი სასტუმროები, ძალიან დიდი სესხებით იხსნება და მერე ამ ვალდებულებებით უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა. ბიზნესისთვის მძიმე წნეხია, როდესაც რეგიონში ყველაზე ძვირი - თითქმის ორჯერ მაღალი რეფინანსირების განაკვეთი გვაქვს. მესმის ქვეყნისა და რეგიონის რისკები, მაგრამ ეს რეალობა ბიზნესს უმძიმეს ტვირთად აწვება. მეორე მხრივ, ავიღოთ ზამთარი: ამ პერიოდში, მცირე სასტუმროც კი, სახელმწიფო ბიუჯეტში, საშემოსავლოსა და სხვა გადასახადების სახით, დაახლოებით, 80 000-დან 100 000 ლარამდე ვიხდით. ზაფხულში შემოსავალი გაცილებით ნაკლებია, თუმცა ამ სეზონზე რეგიონს ისედაც უჭირს, რადგან სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს სათანადო დახმარება, რომ კურორტი სამსეზონიანი მაინც გახდეს. ჩვენი მთავარი საზრუნავი თანამშრომლების შენარჩუნებაა, თუმცა მუდმივად ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, რადგან მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 22-25% ისევ სახელმწიფოში მიდის. ამ დროს კი რა ხდება?! კეთილსინდისიერი ბიზნესი იჩაგრება, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის ჩრდილოვანი ეკონომიკის გასაზრდელად - ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.
- „საქსტატის“ მონაცემებით, მომსახურების სექტორში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
- სხვაგვარად მცირე სასტუმროებისა და ორგანიზაციებისთვის გადარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. პროფესიით ეკონომისტი არ ვარ, არც გადაწყვეტილების მიმღები პირი გახლავართ და არ მაქვს ვალდებულება ციფრები ზუსტად ვთვალო, მაგრამ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი, ვამბობ: თუ საგადასახადო ტვირთი უფრო შეღავათიანი იქნება, ბევრად მეტი ობიექტი შეძლებს თანხების მობილიზებას და საბოლოო ჯამში, ბიუჯეტშიც მეტი შემოსავალი შევა. სახელმწიფომ თავად უნდა დაითვალოს.
- გარდა ჩვენთან ინტერვიუებისა, ამ საკითხს სხვა ფორმატშიც თუ აყენებთ? მაგალითად: ტურიზმის ასოციაცია ამ თემაზე აქტიურობს? ადრე იყო პრაქტიკა, როდესაც ტურიზმის ადმინისტრაცია და ეკონომიკის სამინისტრო კვარტალში ერთხელ მაინც ხვდებოდნენ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აზრთა გასაზიარებლად. როგორია დღეს კომუნიკაციის ხარისხი?
- ტურიზმის ასოციაცია, რა თქმა უნდა, არსებობს და შეხვედრებიც იმართება, სადაც ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ, თუმცა, სამწუხაროდ, ამ საკითხზე ძვრა არ არის. სწორედ ამიტომ, მინდა, მაქსიმალურად გამოვიყენო მედიასაშუალებები, რათა კერძო სექტორისთვის მტკივნეული პრობლემები სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული გახდეს.
- ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესის ხმა BMG-ის პლატფორმიდან ხმამაღლა ისმოდეს, თუმცა ვფიქრობ, დარგობრივი ასოციაციების მთავარი ფუნქცია, სწორედ მსგავსი თემების მეტად აქტიურად ლობირება და ადვოკატირებაა.