
"არ დავუჯეროთ არავის... რუსთაველზე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრებული იქნება" - კახა კალაძე
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულებული იქნება - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც ადგილზე იმყოფებოდა და ვიდეომიმართვა გაავრცელა.
კალაძის თქმით, გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ზუსტ ინფორმაციას მხოლოდ დედაქალაქის მერია გაავრცელებს.
"რუსთაველის გამზირზე ვიმყოფებით, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. პირველი, რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშ არსებული ინფრასტრუქტურის მთლიანი გამოცვლა, განახლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იყო უმძიმეს მდგომარეობაში, ავარიული და ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენდა როგორც ავტომობილებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით - იმიტომ რომ ხშირი იყო შემთხვევები, გზა ვარდებოდა - და ასევე უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებისთვის: სარდაფები იტბორებოდა და სახლები ამ ფაქტორის შედეგად იყო ავარიული, რაც ძალიან დიდი პრობლემა იყო. თუმცა ეს ყველაფერი მოწესრიგებული იქნება და განახლებული იქნება.
როგორც შეგპირდით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დამთავრებული იქნება... ჩვენ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ ზოგადად რუსთაველის გამზირის სამუშაოებთან დაკავშირებით. ვისაც არ ეზარება, ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს, თუკი რაიმე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა. ამიტომ არ დავუჯეროთ არავის, თუკი რაიმე სათქმელი იქნება, ჩვენ ყოველთვის მივაწვდით სრულ ინფორმაციას თბილისის მოსახლეობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან სამუშაოებს და მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.
საქმე ისაა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, "სმარტ სოლუშენსის" მმართველმა პარტნიორმა, ლევან გოგოსაძემ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო არეალის 40%-ზე კომპანიას მუშაობის დაწყების საშუალება ჯერ არ მისცემია.
"რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში საკმაოდ ბევრი გამოწვევა შეგვხვდა. პირველ რიგში პროექტი, რომლითაც დავიწყეთ სამუშაოები, არსებული რეალობიდან გამომდინარე შეიცვალა და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.
კიდევ ერთი გარემოებაა ის, რომ ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს იქ ჩვენს გარდა, დაახლოებით ორი ათეული კომპანია ერთდროულად აწარმოებს სამუშაოებს, ბუნებრივია, გარკვეული რიგითობა დაცულია. ამიტომ პრაქტიკულად, 40%-ზე ჯერ სამუშაოების წარმოება არ დაგვიწყია. სადემონტაჟო სამუშაოები განვახორციელეთ და ველოდებით ახლა იმ კომპანიებს, რომლებმაც ჩვენს წინ უნდა ჩაატარონ გარკვეული სამუშაოები", - განაცხადა ლევან გოგსაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა და მას შემდეგ გადაადგილება მხოლოდ ერთ მონაკვეთზე აღდგა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. კონტრაქტორად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" შეირჩა. სავარაუდო ფასის - 19,954,650 ლარის ნაცვლად, კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად 19,772,982 ლარი მოითხოვა.
BM.GE
წყარო: bm.ge